“აუცილებლად დავბრუნდებით და საჭიროა თუ არა ჯავშანი ამისთვის?” – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც „ქანდარაზეა“ მომესმა. უცხოელი წყვილი ღიმილიან მასპინძელს ემშვიდობებოდა.
-მოგეწონათ? – ვიკითხე უნებურად.

მოეწონათ, თანაც იმდენად, რომ რამდენიმე წუთი შთაბეჭდილებებს მიზიარებდნენ… ახლა კი მეც იგივე მინდა გავაკეთო და გითხრათ: აქ კიდევ ერთხელ დაბრუნებას ძალიან ბევრი რამ „გაიძულებთ“ – ძველი თბილისის ულამაზესი ხედები, უგემრიელესი კერძები, გემოვნებიანი მუსიკა და ღიმილიანი მასპინძლები… აქ ფეხის შემოდგმისთანავე იგრძნობთ, თუ როგორ დარჩა „გარეთ“ ყველა ზედმეტი ფიქრი და როგორ დაგატყვევათ ამ ჯადოსნურმა გარემომ…

„ქანდარა აბედნიერებსო“ – მეუბნება მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ძნელაძე და მართლაც ასეა, ამაში ყველა დამეთანხმება ვინც კი ოდესმე „ქანდარაზე“ ყოფილა.
ირაკლისთან საუბრისას კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება და სურვილი მიჩნდება, ეს მრავალმხრივ ნიჭიერი და საკუთარი თავის მაძიებელი ბიჭი თქვენც გაგაცნოთ.
– ირაკლი, რატომ ქანდარა?
– ეს სივრცე, პირველ რიგში საკუთარი ბედნიერებისთვის შევქმენი.
ყოველთვის მინდოდა, სადმე სოფელში წავსულიყავი, სადაც ჩემი სახლი მექნებოდა, ცხოველები და ფრინველები მეყოლებოდა …. მერე „ქანდარა“ გაჩნდა და ახლა აქ ზუსტად ის სიმყუდროვეა, რომელსაც ჩემს ფიქრებში ვხედავდი…
კაფეს გაკეთების გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი აზალაძემ ერთ-ერთი ივენთის შემდეგ დედაენის ბაღში მივიღეთ.
გაჩნდა თუ არა იდეა, იმ წამსვე ის ადგილი გაგვახსნდა, რომელიც ძალიან მოგვწონდა. როცა მოვედით თავისუფალი კი დაგვხვდა, მაგრამ დიდი ხნის ჩაკეტილი და ნახევრად დანგრეული იყო.
ძალიან ცოტა ფინანსებით და მეგობრების მხარდაჭერით, უმოკლეს დროში იმ ეტაპამდე მივიყვანეთ რომ გავხსნილიყავით. მეგობრები ძალიან დაგვეხმარნენ, კოსმეტიკური სამუშაოები მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ, ბიჭები კედლებს ღებავდნენ, გოგონები ალაგებდნენ, დენის გაყვანილობა ჩემმა მეგობარმა ლუკა მაჩაბლიშვილმა გააკეთა. ვიზუალური დეტალები მისმა მეუღლემ გვანცამ… ნახატები ძალიან საინტერესო და მაგარ მხატვარს ელენე კერესელიძეს ეკუთვნის, სახელი “ქანდარა” კი, თათული ტოხვაძის იდეაა- აი, ასე ერთიანი ძალით შეიქმნა დღეს უკვე ბევრისთვის საყვარელი „ქანდარა“.
– ირაკლი, რა იყო „ქანდარამდე“ – რას საქმიანობდით, რა გატაცებები გქონდათ, რაზე ოცნებობდით?

– ბევრი რამ… რეჟისორობა, სპექტაკლები… მანამდე ხატვა, ხელოვნების კოლეჯი, სწავლა არქიტექტურულზე, ოცნება კინორეჟისორობაზე…
თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა, ჩემი დიდი ბებია, უსაყვარლესი ეკატერინე ბერაძე, რომელსაც კატუშას ეძახდნენ, ოპერის მთავარი მკერავი იყო, შექმნილი აქვს იმ პერიოდში ყველა ცნობილი დადგმის საინტერესო კოსტუმი. კატუშა ბებოს ოპერაში 2-3 წლიდან დავყავდი. ალბათ, ასე გაუცნობირებლად ჩამრჩა ოპერის და თეატრის დიდი სიყვარული.
რეჟისორობა სულ მინდოდა, მაგრამ, რადგან კარგად ვხატავდი, დედამ გადაწყვიტა რომ კარგი არქიტექტორი გამოვიდოდი. ასე აღმოვჩნდი არქიტექტურულზე, საინტერესო იყო, მაგრამ არ მიყვარდა. ამიტომ, მესამე კურსზე სწავლას თავი დავანებე და სარეჟისოროზე ჩავაბარე, ჭოლას ჯგუფში მოვხვდი.
პირველივე წელს, ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოვიპოვე, ამას მერე წარმატებული სპექტაკლი მოჰყვა…

ერთი სიტყვით, – ვისწალე, დავამთავრე, რამდენიმე სპექტაკლიც დავდგი და… მერე იქიდანაც წამოვედი…
– რატომ წამოხვედით, ხომ ასე ძალიან გინდოდათ?
– მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ საკუთარ თავს ეძებს… ცხოვრების იმ ეტაპზეც რაღაც სხვა მჭირდებოდა.
ის, რასაც ჩემი ხელებით შევქმნიდი და შვილივით მეყვარებოდა – ასე გაჩნდა ქანდარას იდეა, რომელშიც მთელი ჩემი ენერგია ჩავდე …
პირველი ოთხი თვე გვქონდა ივენთები ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის. ამით გავითქვით სახელი. საუკეთესო არტისტებმა დაუკრეს ჩვენთან. იყვნენ უცხოელი შემსრულებლებიც. ასე ვიქეცით ერთ-ერთ საუკეთესო ღამის კლუბად.



მერე მოვიდა ზაფხული და გადავწყვიტეთ რომ საწყის იდეას დავბრუნებოდით და მშვიდი, ვინტაჟური კაფე გაგვეკეთებინა, ისეთი როგორიც ახლაა.
– მშვიდი, ვინტაჟური კაფე, უგემრიელესი კერძებით…
– დიახ, ასეა და ეს ჩვენი გენიოსი შეფ-მზარეულის, დავით ჟღენტის დამსახურებაა… რომელიც გასულ ზაფხულს აჭარაში აღმოვაჩინეთ… მეგობრები გონიოში ვისვენებდით, ერთ-ერთი მეგობარი შეგვიჩნდა, – ბათუმში უნდა წაგიყვანოთ, ერთი ძალიან მაგარი ბიჭის უგემრიელესი საჭმელები უნდა გაგასინჯოთო. წავედით და მართლაც სასწაული იყო. საჭმელი გავსინჯეთ თუ არა, ხმამაღლა ვინატრე, ასეთი შეფ-მზარეული ნეტავ ჩვენც გვყავდეს-მეთქი. კაფეს იდეა უკვე გვქონდა. მართლაც, ისე მოხდა, რომ რამდენიმე ხანში ჩვენთან წამოვიდა.
– რას აკეთებს ასეთ განსაკუთრებულს, რა კერძებით გამოირჩევა თქვენი “ქანდარა“?

– მენიუ რომ გადაიკითხოთ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ დააგემოვნებ თუ არა, იტყვი, რომ ზედმეტად განსაკუთრებულია, ცომით და შიგთავსით დაწყებული, გემოებით დამთავრებული. ვინც კი ჩვენთან ერთხელ მაინც მოსულა, მეორედ, მესამედ და მეოთხედ დაბრუნებულა.
ჩვენს შეფ-მზარეულს საქმესთან დამოკიდებულება განსაკუთრებული აქვს და აურაც. უნდა ნახოთ მისი ცომთან ურთიერთობა, როგორ ეფერება ცომს, როგორ ელაპარაკება.
– ანუ მთავარი ინგრედიენტი დადებითი ენერგიაა?
– კი, ასეა და ზოგადად კაფეშიც მთავარი სწორედ ეს დადებითი ენერგიაა. „დახმარების ცენტრივით“ არის „ქანდარა“, ადამიანები მოდიან და მერე ძალიან ბედნიერები მიდიან. ჩვენც იმხელა ემოციებს ვიღებთ და იმდენ კომპლიმენტს ამ ყველაფერზე, რომ პასუხისმგებლობის გრძნობაც თავისთავად გაჩნდა – ჩვენი პატარა სივრცით ხარისხიანი და გემოვნებიანი ნიშა დაგვეჭირა…
– რამდენად ადვილია, ის რაზედაც ახლა საუბრობთ?
– არ არის ადვილი, რეალურად ჩვენ რა გზაც ავირჩიეთ ძალიან რთული აღმოჩნდა. მაგრამ თავს არ ვზოგავთ და შედეგიც სახეზეა – „ქანდარა“ აბედნიერებს ადამიანებს.
– რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში სამსახური არ არის და აქ ცხოვრება სტრესული და რთულია?

-სტრესული იმ ადამიანების 90 პროცენტისთვისაა, რომლებიც არ მუშაობენ. მაგრამ თუ საქმიდან გამომდინარე აქვთ სტრესი – ეს ნორმალურია. ვისაც ეს გზა არ გაუვლია, ვფიქრობ, ვერ განვითარდება.
რაც შეეხება იმას, რომ „სამსახური არ არის“, – ტყუილია. სამსახური, ყოველთვის არის. თუ ადამიანს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ეს სხვა საქმეა.
პრობლემა იცით, რა არის? ჩვენ კომპლექსიანი და ძალიან ამბიციური ერი ვართ, მეც მქონდა მსგავსი კომპლექსები… მუშაობა არ მეთაკილებოდა, მიმტანიც ვყოფილვარ, მეგობარსაც დავხმარებივარ ბარში, მაგრამ იყო პერიოდი, როცა, ამ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებიდან გამომდინარე, გარშემომყოფებს ისეთი დიდი წარმოდგენა შეექმნათ ჩემზე, რომ ამან დამაკომპლექსა და ყველა სამუშაოს აღარ ვთანხმდებოდი, შიშები გამიჩნდა. მეტიც, საზღვარგარეთ მინდოდა გაქცევა, რომ არავის არ დავენახე, ვყოფილიყავი ჭიანჭველა და ნულიდან დამეწყო ცხოვრება.
-თუმცა, დარჩით და აქ მოახერხეთ ის, რაც გინდოდათ.
– დიახ, მაგრამ მანამდე წასვლასა და დარჩენას შორის იყო დიდი ბრძოლა. და ბოლოს ვთქვი: უნდა დავრჩე, უნდა დავრჩე, უნდა დავრჩე და დავრჩი!
ბეთლემის ქუჩა 27


