fbpx

“ნუ დაელოდები წარმატებულ დროს, ისარგებლე მომენტით და თვითონ შექმენი საკუთარი წარმატება”

ავტორი ნინო გონგაძე
933 ნახვა
0 კომენტარი
4

“არასოდეს არ არის გვიანი დაიწყო რაიმე ახალი, იქნება ეს ახალი ჰობი, ან ისეთი გაბედული რამ, როგორიც არის საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ნუ დაელოდები წარმატებულ დროს, ისარგებლე მომენტით და თვითონ შექმენი საკუთარი წარმატება”- ეს ჩემი რესპონდენტის, “საპნის ატელიეს” დამფუძნებლის – ზაზა ბოღლოციშვილის სიტყვებია, რომელმაც 50 წლის ასაკში ახალი ცხოვრება და ახალი საქმე დაიწყო. ახლაც მუდმივად სიახლეების ძიებისა და ცოდნის გამყარების პროცესშია.

-ბატონო ზაზა, რამდენი ხანია რაც თქვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზეა და საიდან გაჩნდა საპნის დამზადების იდეა?–ეს საქმიანობა 2019 წელს დავიწყე. იმ პერიოდში საკმაოდ სერიოზული ოპერაცია გავიკეთე, თირკმელი გადავინერგე. ოპერაციის შემდეგ ერთი წელი სახლში ყოფნა მომიწია. სახლში ყოფნამ ის პრობლემები დამანახა, რომელიც ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს ძირითადად კანთან იყო დაკავშირებული. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და დავიწყე ფიქრი, თუ რითი შემეძლო მათი დახმარება… მერე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციების მოძიება და ბოლოს ისეთი ჰიგიენური საშუალებები აღმოვაჩინე, რომლებიც კანისთვის სასარგებლო იყო. ერთი წელი მოვუნდი ამ საქმის ძირფესვიანად შესწავლას. მასალების ნაწილი თბილისში ვიპოვე, ნაწილი გამოვიწერე. გავაკეთე, გამოვიყენეთ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კანის პრობლემა მოგვარდა. შემდეგ საპნები საახლობლოში გავაჩუქე, იქაც მივიღეთ შედეგი და უკვე როცა ბევრის მოწონება დაიმსახურა იმ აზრამდე მივედით, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ გვექცია.

-ანუ დღეს გაქვთ საოჯახო საწარმო, რომელშიც მეუღლე და შვილები აქტიურად არიან ჩართული?
-დიახ, “საპნის ატელიე” ჩვენი საოჯახო საწარმოა. მეუღლეც და შვილებიც რაღაც დოზით არიან ჩართული ამ საქმეში. სამი შვილი მყავს. გვერდში მიდგანან და მეხმარებიან.

-რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა თქვენი პროდუქცია?

-ეს მხოლოდ კოსმეტიკური საპონი არ არის, სამკურნალო თვისებებიც აქვს. გვაქვს აკნეს საპონი, ასაკობრივი გამონაყარის საწინააღმდეგო, რომელიც ჩემს შვილზე გამოვცადე. დამატენიანებელი საპონი მშრალი კანისთვის და ცხიმიანი კანისთვის. ასევე გამაახალგაზრდავებელი საპონი, რომელიც მზადდება ოხრახუშის, ალოეს და კიტრის ნარევით. ლუდის ბაზაზე გავაკეთე მყარი შამპუნი თმებისთვის. არყის ხის კუპრის საპონი ცხიმიანი და მშრალი თმისთვის. მაქვს სამედიცინო გოგირდისგან დამზადებული საპონი თავის დაზიანებული კანისთვის. საპონს თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია, რადგან არ არის მიზანშეწონილი ზოგიერთი საპონის ყოველდღიურად გამოყენება. მაგალითად გოგირდის, რომელიც კანს აშრობს. საპნების გარდა ვცდილობ რაღაც ახალი პროდუქტი მოვიძიო და შევქმნა. მაქვს სახის დასაბანი რძე. ბავშვის საპონი. ქალის მყარი შამპუნი, რომელიც საპონის ფორმისაა ოღონდ განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული. ახლა ვაკეთებ მამაკაცების ხაზს. ეს იქნება საპარსი საპონი და წვერის მოვლის საშუალებები. ცხოველებისთვისაც გავაკეთე საპონი და ბალზამი თათებისთვის. ვცდილობ, სიახლეები მუდმივად მქონდეს.


-ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს თქვენს საპნებს, ტორტის ნაჭრებს ჰგავს. კარგი მარკეტინგული გათვლაა რომ მის ესთეტიკურ მხარეზეც ზრუნავთ. არის თუ არა 100 % -ით ნატურალური თქვენი პროდუქცია და საიდან შემოგაქვთ მისი ინგრედიენტები?
-დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მე მხოლოდ საპნის შემადგენლობასა და სარგებლიანობაზე არ ვზრუნავ. გასაყიდი პროდუქციისთვის ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ პირველ რიგში, ადამიანს თვალში ხვდება პროდუქტის ესთეტიკური მხარე. მისი შეფუთვა, ვიზუალი და ა.შ. გვაქვს ასი პროცენტით ნატურალური პროდუქცია. თავიდანვე მიმართულება ავიღე მხოლოდ ნატურალურ და მცენარეულ მასალებზე, რადგან ჩემი ოჯახის სარგებლიანობისთვის ასე მჭირდებოდა. ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ და ასე გავაგრძელებ ბოლომდე. რაც შეეხება ინგრედიენტებს, ჩემი პროდუქციისთვის საჭირო მცენარეები, ჩემი ხელით მომყავს კახეთში, საკუთარ ეზოში. ამ საქმიანობით დიდი ხანია დავინტერესდი. ვიკვლევ და ვსწავლობ მცენარეებს. ჩემს პროდუქციას მხოლოდ საქართველოში მოყვანილი მცენარეებით ვამზადებ, იმის საჭიროება არ დგას რომ სხვა ქვეყნებიდან რამე გამოვიწერო.

-ფასები რამდენად ხელმისაწვდომია ქართული რეალობისთვის?
-ვცდილობ რომ ჩვენს რეალობას მოვერგო და არ იყოს ძალიან მაღალი ფასები. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ეს საშუალებები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით მზადდება ამაზე დაბალი ფასი ვერ ხერხდება. ფასები სახეობების მიხედვით არის. ცამეტი ლარიდან იწყება ას გრამიანი საპნის ფასი.
-თქვენი პროდუქცია თქვენივე საავტორო რეცეპტებით არის დამზადებული?
-დიახ, ყველა საავტორო რეცეპტითაა დამზადებული. არ ვაკოპირებ. არ მიყვარს. მთავარია დამზადების პრინციპი ვიცი და იმის მიხედვით ვამზადებ სასურველი შემადგენლობით. იგივე მიდგომა მაქვს მოსწავლეებთან. ერთმა შეკითხვა დამისვა რამდენი სახეობის საპონს გვასწავლითო. მე სახეობას არ გასწავლით, გასწავლით პრინციპს როგორ შეადგინოთ რეცეპტი, იმის მიხედვით კი რამდენი სახეობაც გინდათ თქვენ თვითონ გაააკეთეთ მეთქი ვუპასუხე.
სწავლის დამთავრების შემდეგ დღემდე ყველა მოსწავლესთან მაქვს ულიმიტო ურთიერთობა. როცა დასჭირდებათ დახმარება ყოველთვის მზად ვარ, ეს ყველამ იცის.
-მოსწავლეები ახსენეთ, ანუ საპნის დამზადების სასწავლო კურსებიც გაქვთ, – თეორია+პრაქტიკა?

-დიახ, სასწავლო პროცესი ერთი წელია რაც დავიწყე. დამიგროვდა ინფორმაცია და ვიფიქრე ახალ საფეხურზე გადავალ მეთქი. მსურველებიც გამოჩნდა. მოსწავლეებისგან ვიცი რომ კარგი გადაცემის და ახსნის უნარი მაქვს, ამიტომ უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება რომ ეს საქმიანობა გავაგრძელო.

-გასცემთ თუ არა სერთიფიკატს, რამდენ ხნიანი კურსი და რამდენია გადასახადი?

-ჩემთან კურსები ოთხ დღიანია. ჩნდება კითხვა რამდენად საკმარისია ოთხი დღე. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ რომ აბსოლუტურად საკმარისია. ორი დღე თეორიას ეთმობა, ორი პრაქტიკას. გავცემ სერთიფიკატსაც. კურსის ფასი 350 ლარია. პერიოდულად ფასდაკლებებიც მაქვს ხოლმე. ახლაც, ივლისის ბოლომდე, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ 15 %-იან ფასდაკლებას. სწავლის საფასურში შედის ინგრედიენტებიც. რომლითაც მოსწავლე ჩემს თვალწინ დაამზადებს თავის პირველ ნაკეთობას და თან წაიღებს.
-როგორია საპნის დამზადების პროცესი, ჯადოსნობააო წერთ თქვენს გვერდზე. თერაპიული ეფექტი აქვს?

-ნამდვილად ჯადოსნობაა, დიდი თერაპიული ეფექტით. ამას ბევრი აღნიშნავს. ჩემთვის ეს არის შემოქმედებითი პროცესი. ყურადღება და ფიქრია საჭირო, რომ სასურველი შედეგი დადგეს. მე ვამზადებ ცივი მეთოდით. სიცხესთან და ცეცხლთან ძალიან პატარა კავშირი აქვს. მყარი ცხიმების გასადნობად 10-15 წუთია საჭირო. დანარჩენი მერე ხდება ცივად შერევა. ცხელი მეთოდი არ მომწონს, 3-4 საათი სჭირდება ხარშვას. ყალიბში რომ ჩავასხამ, მეორე დღეს ვიღებ და ვჭრი. შემდეგ უკვე ერთი თვე დამწიფების პერიოდი აქვს. ჰაერზე, მზის სხივებისგან შორს.
-წარმატებული და გამართული ბიზნესის შესაქმნელად რა არის საჭირო?
-წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად მთავარია სურვილი და საქმის კარგად ცოდნა. ფინანსური მართვა. BPN -ის პროგრამის წევრი გახლავართ, ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით გავდივარ სხვადასხვა ტრენინგებს. განათლებით ეკონომისტი ვარ, ფინანსები და ანგარიშები უცხო არ არის ჩემთვის.

-რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდის ტრენინგები ჩვენთვის?
-აუცილებელი და საჭიროა პიროვნული ზრდის ტრენინგები. ჰობის დონეზე შეიძლება მართო შენი საქმე, მაგრამ როცა გინდა წარმატებულ საქმედ აქციო უკვე ტრენინგების აუცილებლობა დგას. მე დღემდე სწავლის და ძიების პროცესში ვარ. “არასოდეს არ არის გვიანი დაიწყო რაიმე ახალი”- ეს ჩემი სლოგანია. მე როცა ეს საქმე დავიწყე ვიყავი 50 წლის. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ მე ამ საქმეში ვიქნებოდი და მივაღწევდი წარმატებას, რადგან მანამდე სულ სხვა სფეროებში ვიყავი. ჩემი ცხოვრება დაიყო ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიანი. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი რომ ყოველთვის შეგიძლია სხვა მიმართულებით შეაბრუნო. სურვილი და მონდომებაა მთავარი.
-თქვენი პროდუქციის შეძენა “საპნის ატელიეს” გვერდზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი?
-დიახ ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზიის გვერდზეა შეძენა შესაძლებელი. ასევე ჩვენს საიტზე საპნის დასამზადებელი ინვენტარის შეძენაცაა შესაძლებელი. როგორც საპნის ჩამოსასხმელი ყალიბების, ასევე საპნის დასამზადებელი ინგრედიენტების.


-ბატონო ზაზა, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის? აპირებთ თუ არა პროდუქციის გამრავალფეროვნებას და ბიზნესის გაფართოებას?
-გეგმები ძალიან ბევრი მაქვს და ძალიან მონდომებულიც ვარ ეს გეგმები განვახორციელო. ჩემს გეგმებში კი პირველ ადგილზე მაღაზიის გახსნა დგას. მინდა ისეთი სალონი მქონდეს, სადაც პროდუქციაც გამოიფინება, სასწავლო კურსებსაც გავმართავ და ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს რაც შეიძლება მეტს ვესაუბრები ნატურალურ პროდუქტებზე, მათ სარგებლიანობაზე. მინდა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დავაინტერესო ამით და ავუხსნა რითი განსხვავდება ნატურალური მასობრივი წარმოების პროდუქტისგან. ვაპირებ ასორტიმენტის გაზრდას. არანაირად არ გადავუხვევ არჩეულ გეზს, რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქცია გამოვიყენო. ჰიგიენური პროდუქციის არეალი იმდენად ფართოა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, სამკურნალო, კოსმეტიკური და ყოველდღიური მიმართულებით. სიახლეებს მუდმივად ვეძებ. ახალ პროდუქტს პირველად ოჯახში გამოვცდი ხოლმე და მერე გამომაქვს ფართო საზოგადოებისთვის. დაგეგმილი მაქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულებები, ერთ დღიანი მასტერკლასები, მათ შორის შშმ პირებთანაც. საკმაო ცოდნა და ინფორმაცია დავაგროვე, ჩაფიქრებული მაქვს პატარა სახელმძღვანელოს გაკეთება. თუ როგორ უნდა შექმნას ადამიანმა ჰიგიენური საშუალებები თვითონ. მთავარია კაცს ფანტაზიის უნარი ჰქონდეს, იმდენი რამის მოფიქრება და გაკეთება შეიძლება.

“საპნის ატელიეს” ვებ გვერდი: https://www.facebook.com/sapnis.atelie/?ref=page_internal

ავტორი: ნინო გონგაძე

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort