fbpx

ჰერბი ჰენკოკი – ექვსი ათწლეული სცენაზე

ავტორი ჟოლო
110 ნახვა
0 კომენტარი
1

12 ივლისს ვიენის ჯაზ-ფესტივალზე ნამდვილი მოვლენა მოხდა. სცენაზე მუსიკის ლეგენდა, 82 წლის ჰერბი ჰენკოკი იდგა. ჰერბი ჰენკოკს ვიენის ფესტივალზე მონაწილეობის რეკორდი აქვს მოხსნილი, ეს მისი მე-15 გამოსვლა იყო.

ჰერბი ჰენკოკის კვინტეტს 2006 წელს თბილისის მე-10 ჯაზ-ფესტივალზეც შევხვდი და მოვუსმინე. მას შემდეგ მოუთმენლად ველოდი მათთან შეხვედრას და, აი, ეს დღეც დადგა.

Herbie Hancock

ვიენის ჯაზ-ფესტივალზე მონაწილეობა ჰერბი ჰენკოკისთვის 2022 წლის საზაფხულო ტურნეს ნაწილია, რომელსაც ის ევროპის ქალაქებში მართავს. ვიენის ჯაზ-ფესტივალამდე მან კონცერტები გამართა ლონდონში, რეიმსში, პილტონში, ფრანკფურტში, კოპენჰაგენში, ბრიუსელში, ბრემენში, შტუდგარდსა და როტერდამში.

მაილს დევისის კვარტეტის წევრი – ჰერბი ჰერნკოკი, იყო პირველი, ვინც ჯაზი, ფანკი და როკი გააერთიანა და სრულიად ახალი, რევოლუციური ჟღერადობა შესძინა ჯაზს. მისი ეს ნოვატორული სტილი დღესაც ახდენს გავლენას თანამედროვე მუსიკაზე. 1973 წელს გამოსულმა მისმა ალბომმა  “Head Hunters” (“თავებზე მონადირეები”) გაყიდვების რეკორდი მოხსნა. ანალოგიური წარმატება ჰქონდა მის ალბომს “Future Shock”, რომელიც 1983 წელს გამოვიდა.

 12 ივლისს, ვიენის სცენაზე, კონცერტის პირველი ნაწილი თომა დე პურკერისა და სუპერსონიკის მიერ გაიხსნა, პროექტით “უკან მთვარეზე”. ეს იყო მომავლის, ექსპერიმენტალური, კოსმიური და თავისუფალი ჯაზის მუსიკა.

სცენაზე ისინი შემდეგი შემადგელობით წარსდგნენ:

Thomas de Pourquery – Saxophone alto + Voix Laurent Bardainne – Saxophone ténor + Synthétiseur Fabrice Martinez – Trompette + Tuba Arnaud Roulin – Piano + Synthétiseur Frederick Galiay – Basse Edward Perraud – Batterie

ალტ საქსაფონი და ვოკალი – თომა დე პურკერი

ტენორ საქსაფონი და სინთეზატორი – ლორან ბარდენი

საყვირი და ტუბა – ფაბრის მარტინეზი

ფორტეპიანო და სინთეზატორი – ანრო ბულენი

ბასი – ფრედერიკ გალე

დასარტყამი ინსტრუმენტები – ედუარდ პერო

კონცერტის მეორე ნაწილი ლეგენდარულ ჰერბი ჰენკოკს დაეთმო. ჰენკოკი უკვე 60 წელია აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა. 1963 წელს, 23 წლის ჰერბი, მაილს დევისმა თავის ახლად შექმნილ კვინტეტში პიანისტად მიიწვია. მას შემდეგ იწყება მისი აღმაფრენით სავსე მუსიკალური შემოქმედება.

1940 წელს ჩიკაგოში დაბადებულ ჰერბი ჰენკოკს მუსიკის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. 11 წლის ასაკში მან ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. სკოლის ასაკში კი უკვე ჯაზს უკრავდა, ოსკარ პიტერსონითა და ბილ ევანსით შთაგონებული. იგი, თითქოს ამართლებს თავის ზედმეტსახელს – ქამელეონს, რადგან მან მოახერხა თავის მუსიკალურ ძიებებში ჯაზიდან ჰიპ-ჰოპამდე მიეღწია, ფანკის, როკის, დისკოს, პოპისა და ელექტროლული მუსიკის გავლით. 

Terence Blanchard – Trompette James Genus – Basse

ვიენის რომაული ამფითეატრი ამ საღამოს გადავსებული იყო. 7000-მდე მსმენელი მოუთმენლად ელოდა ჰერბის გამოჩენას. სცენაზე ჰერნკოკი შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:

ფორტეპიანო – ჰერბი ჰენკოკი; საყვირი – ტერენს ბლანშარდი; ბასი – ჯეიმს ჯინასი; გიტარა და ვოკალი  – ლიონელ ლუკი; დრამები – ჯასტინ ტაისონი

კონცერტზე ჰენკოკის ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები  შესრულდა, ახალი არანჟირებით, სადაც მისი ჯგუფის ყველა წევრს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობების წამოჩენის საშუალება მიეცა. პირველი ოთხი კომპოზიციის წარდგენის დროს ჰენკოკი ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას ჯგუფის თითოეული წევრით, მათი უზადო ტალანტით. კონცერტმა ორი საათი გასტანა. შესრულდა შემდეგი კომპოზიციები: ოვერტურა (Overture), ნაკვალევი (Footprintს), ფაქტიური მტკიცებულება (Actual Proof), მოდი ჩემთან (Come Running to Me), საიდუმლო სოუსი (Secret Sauce), კანტალუპის კუნძული (Cantaloupe Island), ქამელეონი (Chameleon). კონცერტი მართლაც რომ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო. ეს იყო ნამდვილი მოგზაურობა მუსიკის მომნუსხველ სამყაროში, რომელსაც გენიაური ჰერბი ჰენკოკი უძღვებოდა.

ავტორი: Gia Gogatishvili

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი