ასეც ხდება, ქალები ისესხებენ ფულს, გაიკეთებენ ყველა კბილს, იყიდიან ერთ ხელ კარგ ტანსაცმელს, თვითმფრინავის ბილეთს, ჩაალაგებენ ჩანთას და მიდიან ამერიკაში ან ევროპაში.
ხდება, რომ 10 და მეტი წელი უკან ვეღარ ჩამოდიან. მუშაობენ და აგზავნიან, მუშაობენ და აგზავნიან, თითქოს ქარს ატანენ, უძირო ქვევრში ყრიან. არ იციან, როდის დაბრუნდებიან. მარტო არიან ქალები.
თმა უჭაღარავდებათ და ძალიან იშვიათად იღებავენ, გული ასტკივდებათ და ძალიან გვიან მიდიან ექიმთან, იაფ ექიმთან. არავინ არ ჰყავთ ქალებს. მარტო არიან. ჩვენ რა ვიცით, რას იტანენ, ჩვენ რა ვიცით, როგორ იღლებიან, ჩვენ რა ვიცით, რა შიშით დადიან ქუჩებში, ჩვენ რა ვიცით…
რომ ვიცოდეთ, არსად არ გავუშვებდით, დავჯერდებოდით პატარა ბინას, საშუალო შემოსავალს, ზაფხულობით სოფელში დასვენებას, შედარებით იაფფასიან ტელეფონს. რომ ვიცოდეთ, გვერდიდან არ მოვიშორებდით.
ისინი იყვნენ ცოლები, დედები, შვილები. ახლა არიან ტკივილითა და მონატრებით სავსე შორეული ნათესავები. სტკივათ ჩვენი ტკივილები და არ ახსოვთ თავიანთი წელი, გამოხრული კბილი, თავიანთი გოგოობები, თავიანთი ოცნებები. შვილებს ათხოვებენ და შვილიშვილებს ეფერებიან შორიდან. დაბრუნების სიზმრებს ხედავენ ღამღამობით. არ იციან, როდის დაბრუნდებიან. იციან, რომ ჯერ ადრეა.
მამიდაჩემიც წავიდა. მაშინ მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. მარტოა იქ და ენატრება სახლი, ენატრება უნახავი შვილიშვილები. მარტოა და არ იცის, როდის დაბრუნდება. იცის, რომ ჯერ ადრეა.
მარტოა იქ და დღეს აქვს დაბადების დღე. მივულოცავთ და ვეტყვით, მალე ჩამოდი. არ ჩამოვა მალე. იქნება იქ და ამაღამაც დაღლილი ხელებით დაიძინებს უცხო ქვეყანაში, რომ დაესიზმროს დაბრუნების სიზმრები.
ცუდია სიმართლე, მწარე, საწყენი და მოსაწყენი.
მაგრამ მე მაინც გეტყვი, ქეთევან სიხარულიძე , მე არ მიყვარს შენი შეწირული ხელები, მე არ მიყვარს შენი ტკივილიანი თვალები, მე არ მიხარია, როცა მეუბნები, რომ ლამაზ კაბებს უგზავნი ჩემს შვილებს.
მე შენ მიყვარხარ!
გილოცავ დაბადების დღეს! მანამ ჩამოდი, სანამ ახალი 20 დეკემბერი მოსულა. არც ადრეა. არც გვიან. სწორედ დროა. გადაწყვიტე, რომ გეყო მსხვერპლად ყოფნა, გეყო მონად ყოფნა, გეყო შორს ყოფნა, ქარში ფანტვა! უძირო ქვევრს ვერ ამოავსებ, ქეთია. ჩაალაგე და ჩამოდი! გააკეთე ეს შენი თავისთვის! შენ დედოფალივით უნდა გეცხოვრა. სირცხვილი ყველას! სირცხვილი ჩვენ!
ასეთი მილოცვა გამომივიდა.
უსაზღვრო სიყვარულია ამის მიზეზი
არ იტირო. მიყვარხარ
ავტორი თინა სიხარულიძე