ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ჩაცმის ეტიკეტს, მეტიც, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ რომ სამოსის შერჩევა მნიშვნელოვანია. ამჯერად რჩევებს ვთავაზობთ მამაკაცებს, რომლებიც სერიოზული საქმიანობით არიან დაკავებული (დიპლომატები, პოლიტიკური მოღვაწეები). მაშ ასე:
სამსახურში ატარეთ კოსტიუმი. იგი შეკერილი უნდა იყოს შალის ქსოვილისგან ან ჰგავდეს მაინც შალს;
უპირატესობა ცისფერ ან ნაცრისფერ ტონებს მიანიჭეთ;
პერანგი ბამბის უნდა იყოს ან ჰგავდეს მაინც. უპირატესობა მიანიჭეთ ერთი ფერის პერანგებს, თუმცა დასაშვებია წვრილზოლიანი და კუბოკრულიც. მოკლე სახელო ფსიქოლოგიურად პატივისცემას არ იწვევს, ამიტომ უმჯობესია გრძელსახელოიანზე გააკეთოთ არჩევანი;
ჰალსტუხი აბრეშუმის უნდა იყოს. უმჯობესია ერთი ფერის, თუმცა დასაშვებია მკრთალი ნახატებით შემკულიც;
წინდები წვივამდე უნდა გწვდებოდეთ და მისი ფერი კოსტიუმის ფერს ეხამებოდეს;
უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ტყავისგან დამზადებულ ფეხსაცმელს;
გახსოვდეთ, უნდა გეცვათ არა ისე, როგორც თქვენი თანამდებობა გკარნახობთ, არამედ ისე, რისი პრეტენზიაც გაგაჩნიათ.