fbpx

„ჩაკრულოს“ ოქროს ხმა როსტომ საგინაშვილი

ავტორი ჟოლო
299 ნახვა

ამ რამდენიმე თვის წინ, “ჩაკრულოს” უბადლო შემსრულებელს როსტომ საგინაშვილს, მეგობარ ფოტოგრაფთან ერთად კახეთში ვეწვიე. კახური სტუმარმასპინძლობით დაგვხვდა­­ ცოცხალი ლეგენდა. ღიმილიანი სახით და გაშლილი ხელებით შემოგვეგება, გულში ჩაგვიხუტა, მოგვეფერა …

როცა შევხვდით უკვე ვერ ლაპარაკობდა, წლების წინანდელმა ინსულტმა თავისი კვალი დაუტოვა … თუმცა, თვალებით საოცარ სითბოს და სიყვარულს ასხივებდა..

გადავიღეთ უამრავი ფოტო, ვიდეო… ვუთხარი, – როცა მოვხუცდები ამას შვილიშვილებს ვაჩვენებ და ვიამაყებ, აი, ასე გამიმასპინძლდა კაცი, რომლის ნამღერი ჩაკრულოც კოსმოსში მოგზაურობს-თქო.

გაეღიმა.

ერთმანეთს კახური ღვინით სავსე ჭიქები მივუჭახუნეთ და სადღეგრძელოებიც ღიმილიანი თვალებით გავცვალეთ. თუმცა, ამას არ დასჯერდა, რაღაც ჩაიღუღუნა და თამარმა, რომელსაც მამის ენა ესმოდა, როსტომი ძიას სათქმელი ჩვენამდე მოიტანა, – დაგვლოცა.

მოგვიანებით კი ამ ღუღუნით თუ კახური ღვინით გათამამებულებმა სიმღერაც ვთხოვეთ და კაცი, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, ამღერდა.

გავშეშდით.

გაოცებულები და მონუსხულები შევცქეროდით…

გვიან მოგვაფიქრდა კამერა, გადაღება… ხარბები ვართ ადამიანები… კამერა მოვიმარჯვეთ და კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ემღერა. დაიძაბა, ვერ შეძლო, თვალები აუცრემლიანდა…

შემრცხვა.

ისევ ძველ ამბებს მივუბრუნდით… მერე საგინაშვილების ისტორიული მარანი დავათვალიერეთ, უზარმაზარი ქვევრებითა და საწნახელით… ვენახში ვერ გამოგვყვა, დავისვენებო, დაბრუნებულებს იქვე სკამზე დაგვხვდა ფანდურით ხელში…

დამშვიდობებისას თავისი სახელობის ღვინით დაგვასაჩუქრა და ისე გამოგვიშვა.

აუცილებლად დავბრუნდები მეთქი-ვუთხარი…

და აი, აქ ვარ ახლა, ისევ ამ დიდ ოთახში, ამ ბუხართან, ისტორიულ ფოტოებს რომ გვათვალიერებინებდა და თავისი ღუღუნით “ჩაკრულოს” ამბავს გვიყვებოდა… აქაც თამარი გვშველოდა…

ახლა ამ ოთახში უამრავი ადამიანია… არის ბევრი ყვავილი, ბევრი ცრემლი და გალობა. გალობენ ჩოხაში გამოწყობილი ბიჭები… ანსამბლი, ანსამბლს ცვლის და ასე გალობითა და სიმღერით მიაცილებენ ბოლო გზაზე “ჩაკრულოს” ოქროს ხმას, როსტომ საგინაშვილს.

თბილი სიტყვებით ეფერებიან…

“ასეთი კარგი, რომ არ ყოფილიყო, ასე ტკბილად ვერ იმღერებდაო” – თქვა ერთმა…

დღევანდელი გზა მახსენდება თბილისიდან კახეთამდე, ხათოს მოყოლილი ამბები და ტკივილით ნათქვამი სიტყვები – იცი, რა ძალიან ტკბილი კაცი იყო? – საოცარი!

სიმღერით გაიყვანეს სახლიდან მომღერლებმა… მერე “ჩაკრულო” ააგუგუნეს საფლავზეც და ბოლოს ტაშით გააცილეს… ასე გადაუხადეს მადლობა იმ დიდი ღვაწლისთვის და ტკბილხმოვანებისთვის, რომელიც ასე გვეამაყება ქართველებს.

სიყვარულით და პატივისცემით დეა თავბერიძე

https://www.youtube.com/watch?v=Tzqm0dtrkug

გავა წლები და კიდევ ბევრჯერ გაიხსენებენ, როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერ შესრულებულ „ჩაკრულოს“, რომელიც 1977 წელს ნასამ შეარჩია და ოქროს ფირფიტით კოსმოსში გააგზავნა. “ჩაკრულო” საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც მაშინ მსოფლიოს 25 საუკეთესო ხმებს შორის მოხვდა.

ფოტო: Francis Prymerski

მსგავსი სტატიები

Leave a Comment