– “დედიკო, მართალია რომ შობის ღამეს ღმერთი ბავშვებს ანგელოზებს უგზავნის და მათ საჩუქრები მოაქვთ?” – იკითხა დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ პატარა ბარბარემ, რომელსაც ცხვირი ფანჯრის მინაზე მიედო და თეთრად მოსილ ეზოს გაჰყურებდა.
დედამ კარგად იცოდა, რომ მათთან მეკვლედ არავინ მივიდოდა და ვერც საჩუქრებით გაახარებდა პატარას, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ერთი ხელის მოსმით ხომ არ დაამსხვრევდა ბავშვურ ოცნებებს?
– “ხო ჩემო გოგონა, მართალია, მაგრამ ანგელოზები მხოლოდ მასთან მიდიან, ვისაც მთელი გულით სწამს უფლის და ლოცულობს მასზე.”
-“მე მთელი გულით მწამს უფლის და ვლოცულობ მასზე!” – უკან არ იხევდა პატარა.
ქალმა უკვე აღარ იცოდა რა ეპასუხა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვიც უხერხულად შეიჭმუხნა. მას ხომ არასოდეს ჰქონია ლამაზად მორთული ნაძვის ხე და ფერად-ფერადი საჩუქრები. თითქოს შეცდომის გამოსასწორებლად სიჩუმის დარღვევა სცადა:”- აჰა დედი, ჩაი დაგიტოვე.”
– “მადლობთ ჩემო ანგელოზო, მე უკვე დავლიე, ეგ შენი წილია” – მერამდენედ იცრუა ასე.
მარიამი და ბარბარე მარტო ცხოვრობდნენ ერთ პატარა, სარდაფისმაგვარ ოთახში. მარტოხელა დედა რას არ აკეთებდა, ოღონდ შვილისთვის ლუკმა ეშოვნა. ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ დარჩა ქუჩაში გავიდა მოწყალების სათხოვნელად. ადამიანები უყურადღებოდ უვლიდნენ გვერდს და ქალის სიტყვები:”ჩემთვის არ მინდა, მშიერი შვილისთვის მინდა… ღმერთმანი!” – წინასადღესასწაულო ამაოებაში იძირებოდა.
შობის საღამო იყო. გულმოსაკლავად აქვითინებული დედა კვლავ ითხოვდა გროშებს მშიერი შვილის დასაპურებლად. ხალხისგან კი ისევ ურეაქციობა. უეცრად გოგონა მიუახლოვდა და ხუთ მანეთიანი გაუწოდა.
-“მაპატიე დეიდა, მეტი არ მაქვს.” – დასძინა ნაღვლიანი სახით და გაიქცა.
მარიამი ისე დაიბნა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო, უფალს კი გულით შეჰღაღადა:”- უფალო დიდება შენდა! დაიფარე ეს ანგელოზი!”
გახარებული, ჩქარი ნაბიჯით გაეშურა მაღაზიისკენ. ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა სახლში მომლოდინე შვილის გახარებულ სახეს.
საღამო, სავსე სუფრა მოულოდნელი სიხარული და თითქმის სასწაული იყო მათთვის. ორივე ბედნიერი, მშვიდი სახეებით შეჰყურებდა ერთმანეთს.
უეცრად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ბავშვი შეკრთა და გაკვირვებულ დედას გახედა. ვერც ერთს ვერ წარმოედგინა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
კარის ზღუბლზე გოგონა იდგა, ლამაზი ნაძვის ხით და საჩუქრებიანი კალათით ხელში.
– “მაპატიეთ ქალბატონო დაუპატიჟებლად გესტუმრეთ, უბრალოდ დღეს საკმარისად ვერ დაგეხმარეთ და ვიფიქრე გავახარებ-მეთქი.”
პატარა ბარბარე ინტერესით ელოდა სტუმრის შემოსვლას, ვერ გაეგო რა ხდებოდა, თუმცა კალათში ფერად-ფერადი ლენტებით მორთული საჩუქრები თვალს სჭრიდა და ვეღარ ისვენებდა.
-“შობას გილოცავ პატარა!” – ღიმილით მიესალმა გოგონა გაოცებულ ბავშვს და საჩუქრებით სავსე ყუთი წინ დაუდგა – ” ეს სულ შენთან გამომატანეს.”
ბავშვის სიხარულს და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ან და როგორ შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო, მას ხომ პირველად მიულოცეს მსგავსად შობა.
ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს და ისე ჩაფლულიყო თავის სტიქიებში, რომ ვერც სტუმრის წასვლა შეემჩნია და ვერც დედის ბედნიერი მზერა.
ოთახში ჩამოვარდნილ სიჩუმეში მხოლოდ შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ ბარბარემ დაარღვია “უხერხულობა”:
-“დედიკოო, ეს გოგონა ანგელოზი იყო?”
წყარო: პოეზიის 5 წუთი