fbpx

გათავისუფლდით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა – მარტა ქარუმიძე

ავტორი ჟოლო
500 ნახვა

შეგიცვლიათ აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა თემისა და მოვლენის მიმართ? პირადად მე შემიცვლია, მას მერე რაც დავინტერესდი, მოვიძიე, გავეცანი სხვადასხვა ფაქტებს, მქონდა დიალოგი და მივედი დასკვნამდე, რომ კონკრეტული თემის მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შესაცვლელია.

ჩვენს საზოგადოებაში უყვართ იმის აფიშირება, რომ ნებისმიერი საკითხი შენზე კარგად იციან, თან ამას ძირითადად მტკიცებითი ფორმითა და ცოტა ცინიზმით ამბობენ.

ერთხელ, ანდრო დგებუაძემ მითხრა, ჩვენს საზოგადოებაში ანეკდოტის მოყოლაც საინტერესო ფენომენია, აბა სცადე და თქვი, რომ მაგარი ანეკდოტი იცი, ეგრევე „გამოხტება“ ვინმე და გეტყვის, რომ უფრო „მაგარს“ მოგიყვება. ამას შეჯიბრებითობის პრინციპი ჰქვია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი დამოკიდებულება სათავეს ბავშვობიდან იღებს. ასე ზრდიდნენ თაობებს, რომ მათ იმედი არ უნდა გაეცრუებინათ, შესაბამისად, უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე მაგრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველა უნდა დაემარცხებინათ, ჩამოეტოვებინათ, საკუთარი სიტყვა ნებისმიერ ფასად გაეტანათ და ა.შ; სხვა შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფებში შესაძლოა „ლუზერის“ სახელი ჰქონოდათ. როცა ამ ფორმით იზრდები, გიყალიბდება ერთგვარი „თავდაცვის მექანიზმი“, შეეწინააღმდეგო ყველას და შენი პოზიცია, თუნდაც მასში დარწმუნებული არ იყო, გაიტანო ბოლომდე. ადამიანებს, რომლებსაც ეს ნიშნები ახასიათებთ, უჭირთ შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა, რასაც კომპლექსების განვითარებამდე მივყავართ. ისევ ანდრო დგებუაძის სიტყვები რომ მოვიშველიო, ჩვენს საზოგადოებაში ვინც შეცდომას აღიარებს და ბოდიშს მოიხდის, პრემია უნდა დაუწესდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავში ამ თვისებების განვითარება ძალიან უჭირთ.

რას ნიშნავს აზრის შეცვლა? ეს ნიშნავს იმას, რომ მოახდინე გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი და მიხვედი კონსესუსამდე, კონსესუსამდე მისვლა შეიძლება მსჯელობითა და ჯანსაღი კამათის უნარით, კამათის დროს ცინიზმის ჩართვა არაეთიკურია და მიანიშნებს დაბალ თვითშეფასებაზე, კამათის ხელოვნების ცოდნით მიაღწევთ ადექვატურობის ნიშნულს. და კიდევ ერთი, თუ თქვენ კამათის დროს ხმას აუწევთ, ალბათობა იმისა, რომ ხმის იოგები დაგიზიანდებათ უფრო მეტია, ვიდრე იმის, რომ თქვენ პოზიცია სანდო გამოჩნდება.

არცოდნა არ „ტეხავს“, „ტეხავს“ ის, როცა გგონია, უკვე საკმარისი ცოდნა გაქვს და ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცი. თუ ოთხი ადამიანი ერთ პოზიციაზეა და მხოლოდ ერთს აქვს განსხვავებული მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის პოციზია უფრო ჯანსაღია.

ცოდნა უკავშირდება სწავლას, სწავლა – მონდომებას, მონდომებით მივდივართ განვითარებამდე, განვითარების სურვილით ვიზრდებით, ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით გვაყალიბებს სრულფასოვან ადამიანად.

და ბოლოს, ცოდნას ასაკი არ განსაზღვრავს. გაცილებით უმცროსი ადამიანისგან შეიძლება ბევრად მეტი საინტერესო მოისმინო და გაიგო, ვიდრე თანატოლისა ან უფროსისგან. ასე რომ, გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა, იქნებ იმაზე საინტერესო რამ გაიგოთ, ვიდრე გეგონათ, რომ აქამდე იცოდით.

მარტა ქარუმიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment