“ეს არის ულამაზესი კუთხე, სადაც სუფთა, ლამაზი და მოვლილი ეზოებია, სტუმრად მისულს სულ გიღიმიან , გიმღერიან, ცეკვავენ და ლეგენდებს გიყვებიან… მიყვარს ჩემი მხარე, საოცარი ბუნებით და სტუმართმოყვარე, თბილი ადამიანებით გამორჩეული” – ამბობს ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებშიც ძირითადად ამ საოცარი ბუნების ამსახველი კადრებია.
ნინო შენგელია სამეგრელოში, ჩხოროწყუში დაიბადა.
პირველ ფოტოზეც, რომელიც 15 წლისამ გადაიღო და მერე საგანგებოდ ამობეჭდა, ეგრისის მთებია, რომელიც ყოველდღე სახლის ხედს ულამაზებს.❣
– რას ნიშნავს თქვენთვის ფოტო გადაღება, რა შეგრძნება გეუფლებათ პროცესის დროს და შემდეგ როცა უკვე გადაღებულ ფოტოს უყურებთ?
– პირველ რიგში სანამ ფოტოს გადაიღებ ამას თვალით აღიქვამ და მომენტები ყოველთვის ემოციურია, ამ დროს არ უნდა დაიბნე. ზოგჯერ ისეთ მომენტს იჭერ, იცი, ვერსად “გაგექცევა” ზოგჯერ კი შეიძლება გადაღებაც ვერ მოასწრო. მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის ემოციას იწვევს.
ფოტოს, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ერთმა ფოტომ განწყობა გამოგიკეთოს, რამეზე დაგაფიქროს ან კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგცეს უკეთესის და საინტერესოს გადაღების.
– რამდენი წლის იყავით, როცა ფოტოგრაფიით დაინტერესდით?
– ჩემი პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან სახლში, ძველი ფოტოების დათვალიერებით დაიწყო, ყოველთვის მიყვარდა ძველი ფოტოები. დროში მოგზაურობის გარდა სხვადასხვა ემოციას იწვევს. მერე სკოლაში ფოტოებს რომ გვიღებდნენ, უფრო გამიმძაფრდა სურვილი…
ჩემი ამ სფეროთი დაინტერესებას ხელი შეუწყო მოგზაურობის სიყვარულმაც (ტურიზმის მენეჯმენტზე ამის გამო ჩავაბარე) ..
დღეს, ჩემს ფოტოებში ძირითადად ბუნების ამსახველი კადრებია, მაგრამ მომავალში სხვადასხვა თემებზეც ვაპირებ გადაღებას… ფოტოგრაფია ხომ ამოუწურავია…
პორტრეტები მინდა შევქმნა. (რამდენიმე საინტერესო სახე უკვე გადაღებული მაქვს )
– ალბათ პერსონალურ გამოფენაზეც ფიქრობთ
– სხვადასხვა გამოფენაში რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ პერსონალური გამოფენა უფრო მომავლის თემაა, ჯერ არ ვარ მზად, ბევრი მაქვს კიდევ გადასაღები და დასახვეწი.
ასე რომ დრო როცა მოვა გამოფენაც იქნება და სხვა მიზნების ასრულებაც. სურვილი კი ბევრი მაქვს, ოცნებაც…
მთავარი მაინც წინ სიარულის სურვილი და წინააღმდეგობების გადალახვაა. იმედია, არ შევუშინდები და ყველაფერს ავისრულებ… მანამდე კი ჩემს მიერ გადაღებული ფოტოებით ლამაზ განწყობას შეგიქმნით.
ყველას თავისი კეთილი სურვილების ახდენა მინდა ვუსურვო.