ჩვენი სტუმრია ბევრისთვის საყვარელი, საოცრად პოზიტიური და ქარიზმატული ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე. საახალწლო ისტორიებით, საინტერესო რიტუალებით და სასარგებლო რჩევებით.
გიორგი ჯაჯანიძის უცნაური ახალი წელი

გიორგი ჯაჯანიძე: იდეალური განწყობა მაქვს… ზოგადად ყოველი დილა ჩემთვის ახალი წელია. თენდება და იწყება ახალი წელი, ახალი ცხოვრება, ახალი ბედნიერება. ჩემთან სახლში ნებისმიერ დროს რომ შემოხვიდეთ ახალი წელი გეგონებათ, სულ ბრჟღვიალებს ყველაფერი. მუდმივად მორთულია ჩემი სახლი. აი, ასე ვცხოვრობ. რაც შეეხება ნაძვის ხის მორთვას, ეზოში მაქვს ცოცხალი ნაძვი, ჩემები მოდიან და რთავენ.
მაქვს ბავშვობის დროინდელი, ატლასის ნაჭრის სათამაშოც და მთელი ცხოვრება ამ სათამაშოს ვკიდებ ნაძვის ხეზე.
გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის არ არსებობს დარქმეული დღესასწაულები, ყოველდღე მაქვს კარგი განწყობა და ყოველდღე ვარ ბედნიერი. აი, თუნდაც ახლა რომ ავდექი, “პიჟამოებსა” და ხალათში მოჯაჯული, ცივი, გაწითლებული ცხვირით რომ ვზივარ ეზოში და ვსვამ ყავას, ბედნიერი ვარ.
– რას აკეთებთ ახალი წლის ღამეს, სად ხვდებით, ვის გარემოცვაში და რაიმე რიტუალი თუ გაქვთ, რომელსაც ყოველთვის ასრულებთ?
-ჩემი რიტუალი არის ასეთი, როგორც კი 12 საათი გახდება აუცილებლად ვანთებ სანთელს, ვიფიქრებ სურვილს, რომელიც შემდეგ აუცილებლად მისრულდება. სხვათა შორის ჩემს სიცოცხლეში, ეკლესიაში არასოდეს არ მითქვამს, ეს მინდა, ეს შემისრულე. ხელებს აღვაპყრობ და ვამბობ: ღმერთო, ყველაზე კარგად შენ იცი მე რა მინდა, მომეცი ის, რისი ღირსიც ვარ. ეს არის ჩემი ლოცვა.
ახალი წლის ღამეს სახლში ყოველთვის მარტო ვარ, ყველა გასართობად არის წასული, დედა მიდის ან ჩემს დასთან ან ძმასთან. მე ვზივარ ტელევიზორთან სავარძელში, გვერდით მიდევს მზესუმზირა და ვუყურებ გასართობ გადაცემებს. ამ დღეს მარტო უკეთესად ვგრძნობ თავს. არ მიყვარს ხალხმრავლობა და ხმაური. რაც შეეხება საჭმელებს, ვეგეტარიანელი ვარ და ახალ წელს აუცილებლად მაქვს სუფი და ლობიო. როცა ჩემთან სტუმრები მოდიან, ვეუბნები, მე მაქვს სუფი, უხარიათ და გემრიელად ჭამენ, მობეზრებული გოჭის და საცივის შემდეგ. ამბობენ რომ უცნაურად ვხვდები ახალ წელს, მაგრამ ჩემთვის ეს ორგანულია.

– ამბობენ, რომ საკმაოდ მოთხოვნადი მეკვლე ხართ
– დიახ ასეა, სასწაული ფეხი მაქვს. დადებითი ენერგეტიკა გაქვს და ბედნიერების მომტანი ხარო, – მეუბნებიან. სულ კარგ ხასიათზე და ბედნიერი რომ ვარ ეტყობა გადამდებია. ჩემი თავის და სახლის მეკვლეც მე თვითონ ვარ. სამწუხაროდ ახლა ვერ ვიტყვი იმ ადამიანების სახელებს და გვარებს ვისთანაც მეკვლე ვარ, არ შეიძლება. რა ვქნა უნდა დავმალო, ასე ითხოვს შინაგანაწესი.
– გვასწავლეთ რაიმე საინტერესო რიტუალი ახალი წლისთვის.
– ყველაზე საინტერესო და საჭირო რიტუალი არის ასეთი: ყველა ოთახში უნდა დავდოთ დაფნის პატარა ნედლი ტოტი. დაფნა არის მცენარე, რომელიც ოთახს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს და არამარტო ოთახს, ის დისტანციურად წმენდს ტვინსაც. ძველად იმპერატორებს დაფნის გვირგვინი იცით რატომ ედგათ თავზე?! ცუდი და ბოროტი აზრები რომ განედევნა თავიდან. აი ამისთვის არის კარგი, ცუდს და უარყოფითს განდევნის. დაახლოებით ერთი თვე უნდა გააჩეროთ ეს დაფნის ტოტი სახლში, შემდეგ გადავაგდოთ, ოღონდ ნაგავში არა.
ფული და ბარაქა რომ მოიზიდოთ ასეთ რამეს გასწავლით, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, საკუთარ თავს აჩუქეთ ოთახის ქოთნის ყვავილი, (თუნდაც ერთწლიანი ყვავილები რომ არის). წყლის დასხმის დროს ყვავილი ხარობს, ამ დროს უნდა უთხრათ, როგორც შენ გიხარია, ისე გამახარე ფულით, ოქროთი და ასე.

-რას ელოდებით ახალი წლისგან?
-რასაც ღმერთი მომცემს. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მოთხოვნილებები არ მქონია. არასოდეს არ მდომებია იახტა, თვითმფრინავი და ბევრი ფული. მოკრძალებულად რაც მინდა ყველაფერი მისრულდება. ერთადერთი, რაც შეიძლება ვისურვო ეს ჯანმრთელობაა და ის, რომ ირგვლივ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი. ბედნიერებთან ერთად რომ ხარ შენც გიხარია.
– რას უსურვებდით “ჟოლოს” მკითხველს?
-ჯანმრთელობას, სიხარულს და სურვილების ასრულებას. ბებიაჩემმა ასე იცოდა ხოლმე დალოცვა – ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი აგისრულოსო. ჰოდა, კეთილი სურვილები აგისრულდეთ ყველას.
ავტორი: ნინო გონგაძე
