fbpx

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმადაც, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.

არ შეიძლება ჩხუბი, კამათი. ღიმილიანი სახით და დადებითი ემოციებით უნდა გავატაროთ მთელი დღე.

საქართველოში ბედობას სამჯერ აღნიშნავენ – პირველი ბედობა ბარბარობას (ბარბალობას) უკავშირდება. მეორე 2 იანვარს, ხოლო მესამე 15 იანვარს.

ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა “კაიფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა.

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“- ასე ამბობდა ოჯახში ბედობას მოსული სასურველი სტუმარი.

„მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო.

ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, მაგრამ არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორც ამას ძველ საქართველოში აღიქვამდნენ. თუმცა, დღემდე არის შემორჩენილი მიდგომა, – როგორც შეხვდები ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებ. ამიტომაც, ბედობის დღეს ადამიანები უფრო მეტი სითბოთი, სიყვარულით და ხალისით ატარებენ. ამ დღეს უფრო მეტად ბედნიერები არიან.

ჰოდა , ბედობის ბედნიერი დღეები დაგბედებოდეთ მთელი წელი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment