fbpx

9 ფილმი, რომელიც დეკემბერში უნდა ნახოთ

ავტორი ნინო გონგაძე
60 ნახვა

დეკემბერი კინომანებისათვის საკმაოდ დატვირთული თვე იქნება, ვინაიდან ცნობილი რეჟისორების საუკეთესო ნამუშევრები მსოფლიო კინოეკრანებზე სწორედ წლის ბოლოს გამოჩნდება.

გთავაზობთ 9 ფილმს, რომელიც დეკემბერში უნდა ნახოთ.

1. ჯეკი

ფილმი ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება, კერძოდ, მთავარი გმირი პირველი ლედი ჟაკლინ კენედია, რომელიც მეუღლის მკვლელობის შემდეგ, ებრძვის მიღებულ ტრავმას, ძალების მოკრებას ცდილობს და ზრუნავს თავის შვილებზე. კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფილმს ოსკარზე წარადგენენ. მსოფლიო პრემიერა აშშ-ში 3 დეკემბერს იყო დაგეგმილი, 5 იანვარს – საბერძნეთში, ხოლო 12 იანვარს – დანიაში.

 

2. Silence – სიჩუმე

მე-17 საუკუნეში, ორი იეზუიტი მომლოცველი ძალადობისა და დევნის მსხვერპლი ხდება. ისინი იაპონიაში ადგილობრივ მენტორთან შესახვედრად და ქრისტიანობის საქადაგებლად მიემგზავრებიან.

რეჟისორი მარტინ სკორსეზე ფილმის გადაღებას 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მას შემდეგ, რაც 1966 წელს მან პირველად წაიკითხა იაპონელი მწერლის იუსაკუ ენდოს ნოველა. სკორსეზემ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისიონერობის სურვილი ჰქონდა, ვინაიდან გააცნობიერა, რომ იმ ჩაკეტილი სამყაროს გარდა, სადაც ის ცხოვრობდა, არსებობდა სხვა გზაც.

„სიჩუმის“ მსოფლიო პრემიერამდე, რომელიც 22 დეკემბერს საბერძნეთშია ჩანიშნული, მას ვატიკანში იეზუიტებს აჩვენებენ. 23 დეკემბერს პრემიერა აშშ-ში, ხოლო 30 დეკემბერს – ესპანეთში შედგება.

3. Paterson – პატერსონი

ფილმი ყოველდღიური ცხოვრების წარმატებებსა და წარუმატებლობაზეა. მთავარი გმირი ავტობუსის მძღოლია, რომელიც ყოველდღე წერს ძალიან მგრძნობიარე პოემებს. რეჟისორი ჯიმ ჯარმუშია. კრიტიკოსებმა ფილმს უწოდეს მშვიდი, დამაფიქრებელი და ღრმად ადამიანური.

 

4. The Unknown Girl – უცნობი გოგონა

ექიმი ცდილობს, გაარკვიოს გოგონას ვინაობა, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მკურნალობაზე უარი თქვა. „უცნობი გოგონა“ ბელგიურ-ფრანგული დრამაა, რომელიც „ოქროს პალმის რტოს“ ორგზის გამარჯვებულია. ფილმთან დაკავშირებით, კინოკრიტიკოსების აზრი ორ ნაწილად გაიყო.

ფილმის შეფასების საშუალება ესპანელ მაყურებელს 9 დეკემბერს ჩანიშნული პრემიერის შემდეგ ექნება. 21 დეკემბერს მხატვრული ნამუშევარი ფრანგი, ხოლო 28 დეკემბერს ამერიკული აუდიტორიის წინაშე წარსდგება.

5. Collateral Beauty – შედარებითი სილამაზე

ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელმაც დიდი ცხოვრებისეული ტრავმა მიიღო და ცხოვრების მიმართ ინტერესი დაკარგა. მთავარ როლებს მსახიობი უილ სმიტი, კირა ნაიტლი და ქეით უინსლეტი ასრულებენ. მეგობრები დეპრესიიდან მის გამოსაყვანად სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება, მაგრამ უჩვეულო გზით განვითარდება. ფილმის პრემიერა 30 დეკემბერს გაიმართება.

6. Life, Animated – ცხოვრება, გაცოცხლებული

ფილმი მოგვითხრობს აუტისტ ბიჭზე, რომელსაც დისნეის ანიმაციური ფილმები კითხვის, წერისა და კომუნიკაციის უნარების გამომუშავებაში ეხმარება.  ის თავის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას სწორედ ამ ფილმების საშუალებით ახერხებს.

ფილმის პრემიერა 1 დეკემბერს რუსეთში იყო დაგეგმილი, ხოლო 9 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში.

 

7. Assassin’s Creed – მკვლელების კრედო

მარიონ კოტიარი და მაიკლ ფასბენდერი ფილმის მთავარი გმირები არიან. ფასბენდერის პერსონაჟი კალუმ ლინჩია, რომელიც თავის გენეტიკურ მეხსიერებაში შეღწევას შეძლებს, სადაც თავისი წინაპრის აგილარის განსაკუთრებულ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს შეიძენს. მისი წინაპარი საიდუმლო მკვლელთა საზოგადოების წევრი იყო მე-15 საუკუნის ესპანეთში. ფილმის რეჟისორი ჯასტინ კურზელია. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯერემი აირონსი და ბრენდან გლისონი. ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 21 დეკემბერს გამოჩნდება.

 

8. La la land

რომანტიკული მუსიკალური კომედიური დრამა სებასტიანისა და მიას ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მუსიკოსმა და მოცეკვავემ ერთმანეთი ლოს ანჯელესში გაიცნეს და მათი სიყვარულის ისტორიაც აქედან დაიწყო. ისინი ერთმანეთს ძლიერმა სურვილმა დააკავშირა – აკეთონ ის, რაც უყვართ.

ფილმში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ. მაყურებელმა წყვილის მონაწილეობით უკვე იხილა მელოდრამები Crazy stupid love და Gangster squad, მაგრამ ახალ ფილმში მათი სასიყვარულო ისტორია უფრო ემოციური და უფრო  ღრმაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 9 დეკემბერს არის დაგეგმილი.

 

9. Rogue One: A Star Wars Story – ვარსკვლავური ომების ისტორია

ფილმი არის იმ მოვლენების გაგრძელება, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ გასულ სერიებში ვითარდება. ცნობილი ხდება, რომ გარკვეული ძალები პლანეტის განადგურებას აპირებენ, ამიტომ აჯანყებული მებრძოლები ქმნიან ალიანსს და იწყებენ ბრძოლას საიდუმლო იარაღის გეგმის მოსაპოვებლად. ფილმის პრემიერა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment