fbpx

ინტერვიუ, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის

ავტორი დეა თავბერიძე
2.8K ნახვა

თუ გსურს საკუთარი თავის პოვნა და იმ შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება, რომელიც შენშია, ჩვენი სტუმრის რჩევებს მიჰყევი.

თამარ საგინაშვილი მსოფლიოში ცნობილი მილიონერების მიერ აპრობირებული მეთოდების გათვალისწინებით გაგაცნობს, თუ როგორ გახდე საკუთარი ცხოვრების მმართველი, როგორ მიაღწიო წარმატებას, როგორ მოიპოვო ფინანსური დამოუკიდებლობა და როგორ აისრულო ის ოცნებები, რომლებიც მიუწვდომელი გგონია…

რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის და არარეალიზებულობის გამო სასოწარკვეთამდე მისულმა, ეს გზა „უიღბლობიდან“ წარმატებამდე თავადვე გაიარა. მოგვიანებით კი თავისსავე წიგნში „სამასმეერთე მილიონერი“ მოუთხრო მკითხველას, როგორ განიკურნა „განუკურნებელი“ დისკოზისგან, ასევე ნევროზისგან, როგორ აღიდგინა მხედველობა, „გაახალისა“ ურთიერთობები ოჯახში, ახლობლებთან და როგორ იპოვა სამქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით აკეთებს…

ასე გახდა თამარ საგინაშვილი საქართველოში ერთ-ერთი პირველი „ქოუჩი“ და ექსპერტი წარმატების სფეროში და პიროვნული ზრდის ინდივიდუალური კონსულტანტი. დღეს ის უკვე სხვების წარმატებაზე მუშაობს და ეხმარება მათ იმ ტალანტების და ფარული შესაძლებლობების გახსნაში, რაც ყოველ ჩვენგანშია. ანუ აკეთებს იმას, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც ზუსტად იცის და რამაც წარმატება მოუტანა.

თამარ საგინაშვილი: მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გზაზე ერთი კეთილი სიტყვა მაინც შემაწია. არავინ მავიწყდება. როცა ვიწყებ ჩემთვის მადლობების ჩამოთვლას, ბოლოს მეცინება ხოლმე იმხელა ჩამონათვალი გამომდის, მაგრამ ეს თავისებური ცერემონიალი მადლიერებისა, სრულიად აუცილებელია… რადგან თუ არ ვართ მადლობელი იმისთვის, რაც ახლა გვაქვს, შეუძლებელია მივიღოთ მეტი სიკეთე. ახლა სხვებს სწორედ იმ ცოდნისა და გამოცდილების მეშვეობით ვეხმარები, რაც სხვებისგან მივიღე და საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე გავატარე…

ბედნიერი ვარ, როდესაც მეუბნებიან შენი დახმარებით ცხოვრება შევცვალე და ბევრად რეალიზებული გავხდიო… ამაზე უკეთეს შეფასებას და დასტურს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, ვერაფერი მომცემს… და მიხარია, რომ ამ სიტყვებს სულ უფრო ხშირად მეუბნებიან და მწერენ ჩემი პირადი მსმენელებიც და მკითხველებიც.

-რამდენად იღებენ საქართველოში იმას რაშიც თქვენ ხართ დღეს ჩართული, რას ამბობენ შედეგებზე?

– შედეგს ღებულობს ყველა, მთავარია, ვინ რამდენად ხედავს და აფასებს იმას, რისი შეცვლაც შეძლო ცხოვრებაში. იშვიათად, მაგრამ ზოგი ამბობს, მე არაფერი გამიკეთებია, ეს მაინც ასე იქნებოდაო… ეს ძირითადად, ტრენინგების მსმენელებს ეხებათ – მათ მცირე ნაწილს. ჩემი ინდივიდუალური მსმენელები უფრო მეტად აფასებენ საკუთარ მიღწევებს.

ზოგადად, სამყაროსგან, ცხოვრებისგან ყველა იმას იღებს, რასაც ელის.

ზოგი მოდის რწმენით, რომ აუციულებლად ყველაფერი გამოუვა და რომ სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს, ზოგი პირიქით ეჭვით მოდის… საბოლოოდ კი ვინც რასაც ელის და რისთვისაც არის მზად, იმას ღებულობს, რადგან სამყაროს თავისი კანონები აქვს. რასაც შეუძახებ საკუთარ თავს, სწორედ იმას მიიღებ…

ხშირად, მიუხედავად იმისა რომ ადამიანმა ბევრი რამ იცის, ბევრი წაუკითხავს, მოუსმენია, რაღაც მაინც არ გამოსდის. და მიზეზებს სადღაც სხვაგან ეძებს. ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ას პროცენტიანი პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენგან მოდის. ყველაზე მეტი საკუთარი თავის შესახებ ჩვენ ვიცით. ჩვენი სული და სხეული საუკეთესო მრჩეველია. მთავარია, ჰკითხო შენს თავს, თუ რამ გამოიწვია ის, რაც ხდება და არ მოგწონს, თუნდაც, რა გიფუჭებს ხასიათს, რა უნდა დაინახო, რა დასკვნა უნდა გააკეთო ამ სიტუაციიდან. უნდა კითხო და ისწავლო საკუთარი თავის მოსმენა. ყველა პასუხი ჩვენშია. მაგრამ როცა ბევრი დანალექი და ბევრი შრე, ბევრი პროგრამა და კომპლექსი გვაქვს „დაგროვილი“, როცა ჩვენი აზროვნება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული, გვიჭირს პასუხების მიღება.

სწორედ ამიტომ არის საჭირო კოუჩთან ინდივიდუალური მუშაობა, სამოტივაციო ტრეინინგების მოსმენა და შესაბამისი წიგნების კითხვა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „სწორი“ გარემოცვის შექმნა. ანუ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თავადაც წარმატებეზე და პოზიტივზე არიან ორიენტირებულები და შენც ხელს შეგიწყობენ წინსვლაში. წარმატების 30 პროცენტი – ეს ჩვევებია, 10 პროცენტი – ცოდნა, და 50 პროცენტი პოზიტიური და წარმატებული გარემოცვა.

-ტრეინინგებზე რას იღებენ ადამიანები?

-ტრეინინგებზე სწავლობენ, კონკრეტულ ტექნიკებს, კონკრეტულ მიმართულებებს, საით უნდა წარმართონ თავიანთი აზროვნება იმისათვის, რომ საკუთარი თავისგან მიიღონ ზუსტი პასუხები… ეს არის პიროვნული ზრდის ტრეინინგები, შენ იზრდები, მიდიხარ წინ და ხედავ გზებს, როგორ უნდა იაზროვნო, რომ იყო ბედნიერი.

-რა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მარტივი რეცეპტი წარმატების მოსაპოვებლად?

-ყველაზე მაღალი ვიბრაცია ამ სამყაროში სიყვარულს და მადლიერებას აქვს. მადლიერების გარეშე არანაირი წარმატება არ არსებობს. ქრისტიანობაც ამას გვასწავლის, იყავი მადლიერი, თხოვე პატიება, აპატიე…

ჩვენ გვინდა ეს თუ არა, გვჯერა ეს თუ არა, მაინც ყოველ წუთს ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარს ჩვენი ფიქრებთ. იმიტომ, რომ სამყარო ჩვენი ფიქრების და პროგრამების ანარეკლია. თუ ადამიანი გამუდმებით ნეგატივშია, წარსულშია ჩარჩენილი, თუ ვერანაირად პატიობს, თუ საკუთარი თავისა და სრულიად სამყაროს უკმაყოფილოა, რას შეიძლება ელოდეს ასეთი ადამიანი მომავლისგან? როგორ სცენარს წერს ის საკუთარი მომავლისთვის?! თავისთავად ცხადია, რომ ის ცხოვრებაშიც ისეთივე უკმაყოფილო ადამიანებს მოიზიდავს, როგორიც თავად არის, მოიზიდავს ისეთ სიტუაციებს, რომლებიც საშუალებას მისცემენ უფრო მეტად განმტკიცდეს თავის რწმენაში – რომ ცხოვრება საშინელებაა და თავად კი უიღბლოა.

გარეგანი ასახავს შინაგანს, სამყარო ასე ვთქვათ, გვირეკლავს და იმას გვაძლევს, რასაც ჩვენ გავცემთ. გავცემთ სიყვარულს? გვიბრუნებს სიყვარულს, გავცემთ კმაყოფილებას, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მიზეზს კმაყოფილებისთვის. ეს თითქოს ძალიან მარტივი რეცეპტია, მაგრამ ისინიც კი, ვინც ამ რეცეპტის ეფექტურობაში სრულიად დარწმუნებულა, ხშირად ვერ ანხორციელებს მას ცხოვრებაში.

-რატომ? რა უშლის ხელს?

-ბევრი რამ, პირველ რიგში ის პროგრამები რომლითაც ჩვენ ვიზრდებოდით. ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები ჩვენი მშობლები, აღზრდისას თავისდაუნებურად უშვებდნენ ძალიან ბევრ შეცდომას. ჩვენ ბავშვობიდან უამრავი ნეგატიური პროგრამა გვაქვს ჩარჩენილი ქვეცნობიერში. და თუ კი რამე არ გამოგვდის ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ რომ ამ კონკრეტულ თემაზე გვაქვს კონკრეტული ნეგატიური პროგრამა.

მაგალითად, თუ მე მინდა მქონდეს დიდი შემოსავალი, მაგრამ მაქვს პროგრამა, რომ დიდი ფული – საშიშია. რას ვგულისხმობ? მაგალითად, ჩვენს ბავშვობაში ვიღაც მოკლეს, ვიღაც „დააუთოვეს“, ვიღაცას ბავშვი მოსტაცეს ფულის გამო. ამას აქტიურად განიხილავდნენ უფროსები ჩვენი თანდასწრებით და ბავშვის მეხსიერებაში ქვეცნობიერ დონეზე ჩაიწერა: დიდი ფული საშიშია.

და როგორც კი ვიწყებთ ფიქრს დიდ შემოსავლებზე, ჩვნს ქვეცნობიერში, რომელიც ჩვენი ყველაზე ერთგული დამცველია, მაშინვე ინთება წითელი შუქი: სდექ! საშიშია! ანუ, ჩვენი ქვეცნობიერი ფიქრობს, რომ ბევრი ფულის ქონა ჩვენთვის საშიშია. და სინამდვილეში ეს ასეც არის. ახლავე აგიხსნით, რატომ.

ქვეცნობიერის წინააღმდეგობის მიუხედავად რომც დავხარჯოთ დიდი ძალისხმევა და მივიღოთ დიდი შემოსავალი, საბოლოოდ ჯერ ერთი – ეს გამოიწვევს გამოფიტვას, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ეს ფული სიამოვნებას ვერ მოგვიტანს. და მეორე- ჩვენ ვიზიდავთ იმას,რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. ანუ ამ სიტუაციაში მოვიზიდავთ რაღაც საფრთხეს, რომელიც დიდ შემოსავალთან იქნება დაკავშირებული.

ანუ ჩვენი ქვეცნობიერ ტყუილად არ წუხდა – დიდი ფული ჩვენთვის მართლა საშიში ყოფილა და იქნება მანამ, სანამ არ შევცვლით ამ პროგრამას. როგორც კი ჩვენი შემოსავლები დაიწყებს ზრდას, ქვეცნობიერი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეიშალოს ამ პროცესს.

ასეთივე პროგრამები გვაქვს ურთიერთობებთან, მეუღლესთან, შვილებთან, კარიერასთან და რა ვიცი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

ალბათ იტყვით, აბა, რა ვქნათ, აღარაფერი გავაკეთოთო? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ თუ რამე არ გამოგვდის, და ცხვირწინ ბეტონის კედელი გვაქვს აღმართული, თავი კი არ უნდა ვურტყათ იმ იმედით, რომ ოდესმე დავანგრევთ, არამედ შემოვუაროთ და უკან მოვიტოვოთ. ანუ ვიპოვოთ მიზეზი-პროგრამა და შევცვალოთ. ეს საკმაოდ მარტივია, როცა იცი, როგორ გააკეთო ეს.

ზოგჯერ პროგრამა იმდენად სულელურად ჟღერს, იფიქრებ საერთოდ რა შუაშიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ის თავის საქმეს აკეთებს და წინსვლაში გვაბრკოლებს. თუმცა, როდესაც ვისწავლით თუ როგორ უნდა გავხდეთ საკუთარი თავის „პროგრამისტები“ ამ პრობლემასაც ეშველება.

-ინტერვიუს დაწყებამდე სამყაროს საჩუქრებზე გვქონდა საუბარი და თქვენ თქვით, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის საჭირო დროს ჩნდება ხოლმე ეს საჩუქარი – ინფორმაცია იქნება ეს, შემოსავალი, ყურადღება სხვა ადამიანის მხრიდან, კარგი შემოთავაზება თუ სხვა რამ…

-დიახ, ყველა შესაძლებლობა ზუსტად იმ დროს მოდის, როცა საჭიროა, მთავარია მივიღოთ. საერთოდ მიმღებლობის პრობლემა ადამიანების უმრავლესობას აქვს. მიმღებლობა ნიშნავს მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, კი არ ვებრძლოთ, საკუთარ თავში ვიპოვოთ, რატომ გვაღიზიანებს ესა თუ ის ადამიანი ან მოვლენა.

ადამიანები არ ღებულობენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, არ ღებულობენ შესაძლებლობებს, რომლებიც მოდის, კომპლიმენტის მიღებაც კი უჭირთ. არ ღებულობენ დახმარებას, თხოვნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და რაც მთავარია, არ ღებულობენ საკუთარ თავს ისეთს, როგორი უფალმა შექმნა.

აქედან გამომდინარე უჭირთ იმ საჩუქრების მიღება, რომელსაც მუდმივად გვიგზავნის სამყარო.

როცა რაიმე სიკეთე, შესაძლებლობა, თუნდაც მატერიალური საჩუქარი მოდის თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად მადლიერებით მიიღეთ. თუ ვერ ისწავლით მიღებას, მოვა დრო, როცა ეს საჩუქრები აღარ მოვა თქვენთან – რაც არ გვინდა, ის არც მოგვეცემა.

ზოგადად, კი სამყარო უზომოდ კეთილია და ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გვაძლევს,

მთავარია ვინ რამდენად ხედავს ამას…

სწორედ აქედან გამომდინარეობს ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წარმატებული და წარუმატებელი ადამიანების აზროვნებას შორის. ერთი და იგივე ფაქტში წარმატებულები ხედავენ შესაძლებლობას, უიღბლოები კი პრობლემას და ეს ვრცელდება მთელ ცხოვრებაზე – წარმატებულები ყოველთვის ფიქრობენ, რა გაკვეთილი გამოიტანონ, რა ისწავლონ ამა თუ იმ სიტუაციიდან, რა სარგებელი მიიღონ. წარუმატებლები კი ყველაფერზე იწყებენ ნერვიულობას, ყველაფერს „აპრობლემებენ“ და მერე უკვირთ, რატომ მიმდის ყველაფერი ასე ცუდადო.

ეს მიდგომა, ეს უნარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია წარმატებული ადამიანების ხელში. საკუთარი ცხოვრების შექმნის ერთ-ერთი საკვანძო წესიც ეს არის – შევხედოთ ცხოვრებას ისე, რომ დავინახოთ მასში შესაძლებლობა და არა პრობლემა.

ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, ნატალიმ, რომელიც მკერდის სიმსივნით იყო ავად, ერთხელ გვითხრა: „გოგოებო, ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ“! ამაზე დიდხანს ვფიქრობდი და ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მან სრული ჭეშმარიტება თქვა. ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ, ჩვენი პატარა სახლი, ჩვენი დედამიწა მართლა სამოთხეა, მთავარია დავინახოთ ეს და რომ დავინახოთ, ამისათვის სრული სიმშვიდე და ჰარმონია შიგნით, ჩვენში უნდა გვქონდეს. ანუ ჯერ შიგნით უნდა „მოვიწყოთ“ სამოთხე და მერე გარეთაც დავინახავთ.

ნატალი სრულ პოზიტივში ცხოვრობდა და მთელი ჩვენი ჯგუფისთვის მაგალითი იყო. ჩვენი დილა იწყებოდა და დღემდე იწყება მისი სიცოცხლით და სიხარულით სავსე მისალმებით! – „გოგოებო, რა მაგარია! დღეს მზეა ( ან წვიმაა! რა მნიშვნელობა აქვს), მე უკვე გავაკეთე ეს, ეს და ეს… ახლა ვზივარ ვაშლის ძირში (ან საყვარელ სამზარეულოში, ან ზამთრის ბაღში) და ყავას ვსვამ! რა ლამაზი და რა მაგარია ცხოვრება!!! მიყვარხართ ყველა და მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ თქვენ მყავხართ“!

წარმოგიდგენიათ, რა დადებითი ემოციების „ნიაღვარს“ ვღებულობთ ამ სიტყვებთან ერთად? ჩვენ რაღაც ჩვენს პრობლემებზე ვწერდით, ის კი ყველას მხარს გვიჭერდა, გვამშვიდებდა. მერე ჩვენ საკუთარი თავის გვცხენოდა ხოლმე ჩვენივე წუწუნის გამო. ეს ადამიანი, თვეების მაძილზე, წლობით ასე ცხოვრობდა და პარალელურ რეჟიმში კი „ქიმიებს“ იკეთებდა… სიცოცხლისთვის იბრძოდა და ცდილობდა, ყოველი წუთით მიეღო სიამოვნება.

იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ხედავდა, რა მალე შეიძლებოდა დაეკარგა ეს ყველაფერი. მისმა უზომო ოპტიმიზმმა, პოზიტივმა და რასაკვირველია, მკურნალობამ და ცხოვრების სწორმა წარმათვამ საოცრება მოახდინა – ნატალი სიმსივნისგან მთლიანად განიკურნა, მისი სიტყვები კი დევიზად გვექცა – „ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ!“

-და რატომ ვერ ვხედავთ ამ სამოთხეს? ალბათ ამ ყოველდღიური პრობლემებით არის დაბინდული ჩვენი გონება?!…

-ბევრი მიზეზის გამო. მაგალითდ, ჩვენი ენერგიის უდიდეს ნაწილს ვახმართ გაუთავებელ შინაგან დიალოგებს და დაუვიწყებელ, „ვერ-ნაპატიებ“ წყენებს. სამოთხისთვის სად გვცალია, როცა დედამთილმა ან შეფმა გაგვაბრაზა, ქმარი არ გვაფასებს, მეზობელი – წუნკალია, შვილები გვაბრაზებენ, ან საერთოდ არ გვყავს და ოცნების პრინცზეც უკვე ნაწყენი ვართ, იმდენ ხანს არ გამოჩნდა…იმან ეს რატომ მითხრა, ამან რა გაიფიქრა, ახლა მე ჩემს ქმარს რომ ეს ვუთხრა… აუ, ეს რომ არ გამომივიდეს, ან რომ გამომივიდეს?

გამუდმებით ამ შინაგანი დიალოგებით ვართ დაკავებულები და ტვინი სრულიად გაჭედილი გვაქვს! თუ გინდა რაიმე სიახლე შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა „დაალაგო“ და „გაასუფთაო“ ტვინი ზედმეტი ფიქრებისგან…

არა მარტო ტვინი. ელემენტარული გარეგანი წესრიგი ძალიან გვეხმარება აზრების დალაგებაში. ხშირად უნდა დაალაგო ჩანთა, გარდერობი, საკუჭნაო, გამოასუფთავო და გადაყარო ყველაფერი ზედმეტი ან აჩუქო ვინმეს, თუ საჩუქებელია… როცა შინაგანი დიალოგებისგან და დაგროვილი „ნაგვისგან“ გათავისუფლდები, მერე გამოჩნდება ენერგიაც და თავისუფალი ადგილიც იმისთვის, რომ რაღაც კარგიც შეამჩნიო შენში და შენს ირგვლივ.

მე მყავს ფანტასტიკური ოჯახი. ეს ოჯახი ყოველთვის ფანტასტიკური იყო, არაჩვეულებრივი ქმარი და შვილები, მაგრამ იმდენს ვწუწუნებდი და თქვენ წარმოიდგინეთ, უბედურადაც კი ვგრძნობდი თავს. თან, რა თქმა უნდა, ვიზიდავდი ახალ-ახალ მიზეზს ( ძირითადად დაავადებების სახით) რომ კიდევ უფრო მეტი საწუწუნო მქონოდა და მეტად უბედური ვყოფილიყავი.

სამყაროს კიდევ ერთი საკვანძო კანონია – იზრდება ის, რაზეც ვაფიქსირებთ ყურადღებას! ასე, რომ დიდი წარმატებით შეგიძლიათ გაამრავლოთ თქვენი პრობლემები, თუ ხშირ-ხშირად იფიქრებთ მათზე.

ახლა როცა ჩემს ოჯახს ვუყურებ, ვფიქრობ – ღმერთო, რა იდეალური ქმარი მყავს, რა არაჩვეულებრივი შვილები, იმიტომ კი არა რომ ფანატიზმში ვარ გადავარდნილი, არა, უბრალოდ მე ამის დანახვა შევძელი. ყველას თავისი მინუსები და პლუსები აქვს და მეც მათ შორის. ეს არ არის მთავარი, მთავარია კარგი დაინახო. მონეტას ორი მხარე აქვს, მე დავინახე მონეტა კარგი მხრიდან. აი, ეს არის ცხოვრებით სიამოვნება, ხოლო, თუ რამე ცუდი ხდება და არ მომწონს, ვფიქრობ რამ გამოიწვია, რა უნდა დავინახო, რა გაკვეთილი უნდა მივიღო, რა უნდა შევცვალო, რომ იგივე არ განმეორდეს?! მე ვიცი რომ მიზეზი ჩემშია, ვცვლი ამ მიზეზს და ეს ჩემს ცხოვრებაში აღარ მეორდება.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი პოზიტივისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის არის გაჩენილი. ბავშვობაში ასეც ვცხოვრობთ – ყველაფერი გვიხარია. მერე კი ყველაფერი იცვლება. უფრო სწორად, ცხოვრება ისეთივე რჩება, იცვლება მხოლოდ ჩვენი ხედვა, ჩვენი რეალობა. და მე ბედნიერი ვარ, და ჩემს მსმენელებსაც ხშირად ვეუბნები ამას: ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სამყაროს კანონების ეს ძირეული ცოდნა ასეთი მარტივი სახით მოვიდა ჩვენამდე. მილიონობით ადამიანი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს, რომ საკუთარ ცხოვრებაში სულ მცირე რაღაცის შეცვლა მაინც შეუძლია.

ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ თავად ვქმნით საკუთარ ცხოვრებას. და არა უბრალოდ ვიცით, არამედ ვაკეთებთ ამას და ვქმნით პოზიტიურ საზოგადოებას, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და მრავლდება.

ავტორი: დეა თავბერიძე

2014 წელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment