fbpx

ისტორია ქალებისთვის

ავტორი ჟოლო
200 ნახვა

მგონია, ღმერთმა ქალი რომ შექმნა, მასში სამყაროს მთელი ჯადოსნური ენერგიები ჩააქსოვა და ჩააბნია… ალბათ, ბევრჯერ გსმენია – ქალური ინტუიცია სულ სხვაა, ქალი მაინც რაღაცნაირად უფრო ძლიერია, ქალს მეტი სიყვარული შეუძლია… კაცს თუ შთაგონების წყაროდ და ცხოვრების ბიძგად ქალი არ ჰყავს, ბევრს ვერაფერს აღწევს… ქალი ან აგაშენებს ან დაგაქცევს…

მოკლედ, ბევრი გამოთქმა დაგვიტოვეს სხვადასხვა კულტურებმა ქალური რესურსის შესახებ, რომელიც აფრთიანებს და ენერგიით ავსებს როგორც თავად ქალს, ისე მის მამაკაცს…

მაგრამ…

ქალური რესურსით შთაგონებისა და ცაში ნავარდის ბევრი ისტორია იწყება სწორად, გრძელდება შეცდომით და მთავრდება ფატალურად თუ არა, ბანალურად მტკივნეულად მაინც…

რადგან…

ქალები ხშირად თავად ვივიწყებთ საკუთარი ქალური რესურსის შესახებ და მისი ამოუწურავი პოტენციალით სარგებლობისა და შევსების ნაცვლად, თავად ვხდებით რესურსები… რაც ნელ-ნელა გვფიტავს და გვანადგურებს…

ერთ ისტორიას მოგიყვები…

ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ქალი…

დილაობით ქვით მოკირწყლულ ვიწრო გზებზე მისი ფეხების ბაკუნი მთელი ქალაქის საკაცეთს ფეხზე წამოახტუნებდა ხოლმე… და ყველა, სულ ყველა ცდილობდა, რაიმეთი ესიამოვნებინა ან რაიმეთი საჭირო ყოფილიყო მისთვის… ამბობდნენ, ციდან მოზიდული ენერგიებით ივსებაო ყოველდღე და ილამაზებსო სულსა და სხეულს… ასე ჭორაობდნენ უსაქმური ქალაქელები…

მას ყოველთვის ეღიმებოდა ჭორებზე და მამაკაცების სიტყვებზეც: საბედისწერო ქალი ხარო… და განაგრძობდა დილაობით ქალაქში თითქოს განგებ ფეხების ბაკუნით უდარდელ სიარულს…

მერე ისტორია ბანალურად გრძელდება – შეყვარება – მუცელში პეპლები – ჯადოსნური წამები და წუთები – და როგორც იტყვიან ხოლმე, happy end… რომელიც სინამდვილეში, სულაც არ არის end და ყველაფერი მხოლოდ მაშინ იწყება…

ქმარი გააბედნიერა და მხრებში გაშალა მისმა ჯადოსნურმა ქალურმა რესურსმა… მთელი ქალაქის კაცები შენატროდნენ მას… შურით ამბობდნენ, ალბათ რა ჯადოსნურია ასეთი ქალის გვერდით ცხოვრებაო…

დრო გადიოდა…

წლები წლებს მიემატა და დროთა განმავლობაში, მოხდა ისე, რომ ქალმა მთლიანად დაივიწყა თავისი ქალური რესურსი და იქცა ქალ-რესურსად, რომელსაც ხან წყაროდან მოჰქონდა წყალი, ხან სადილის კეთებაში აღამებდა დღეებს, ხან ტანსაცმლის კემსვაში ათენებდა ღამეებს და ხანაც ცოტა ხნით საკუთარ დასვენებას ვერ ცვლიდა ბავშვების ტირილში…

ქმარმა ჯერ მიანიშნა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მერე უსაყვედურა, რამ დაგაბეჩავა ასეო, მერე კი ისიც წამოსცდა: ასეთი დაცლილი თუ იქნები, საერთოდ რაღად მინდიხარო…

და თითქოს მხოლოდ მაშინ გამიფხიზლდაო, მარტო დარჩენილი სარკის წინ დადგა… ვეღარ იცნო საკუთარი თავი… მის წინ ჩვეულებრივი დაღლილი ქალი იდგა, ჩაშავებული უპეებითა და აწეწილი თმით…

მთელი მისი ჯადოსნურობა, მთელი მისი შარმი სადღაც წაეღოთ წლებს… და აბსოლუტურად ემოცია-გამოცლილი ორი თვალი უაზროდ უყურებდა თვალებში…

აღარ ახსოვდა არცერთი აღტაცებული მზერა, არც ქმრის და არც სხვა მამაკაცების მხრიდან, აღარ ახსოვდა არცერთი ტკბილი სიტყვა და ამბორი, რომელიც ადრე ნაკვალევად აჩნდა მის ხელებსა და ყვრიმალებს… აღარც მადლიერება, აღარც ღიმილი მისალმების საპასუხოდ… სანაცვლოდ – მუდამ დაღლილი და განერვიულებული საკუთარი თავი…მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო ქმარი და შვილები, რომლებსაც მიჰქონდათ მთელი მისი დღეები და ღამეები… და რამდენი ენერგიაც არ უნდა დაეხარჯა, მაინც არასოდეს იყო საკმარისი…

და საკუთარ თავს გულწრფელად უთხრა სარკეში: – მაპატიე, რომ დავფანტე და დავაბნიე მთელი შენი ქალური რესურსი და თავად ვიქეცი რესურსად – სხვებისთვის… გპირდები, არასოდეს მოგექცევი ისე, როგორც აქამდე…

და მეორე დილას, როცა ქმარს პირის დასაბანი წყალი გამოელია, სარკესთან დახვდა პატარა წერილი: ძვირფასო, ღამე გავათენე და ნუ გამაღვიძებ, წყარომდე არც ისე შორია… მჯერა, შენში არის იმხელა ძალა და ენერგია, რომ ადვილად მოასწრებ წყლის მოტანასაც, საუზმობასაც და სამსახურშიც დროულად გამოცხადდები… სწორედ იმიტომ აგირჩიე შენ, რომ შენი ძალის მწამდა… საღამოს დაგხვდები დასვენებული და ლაღი, ბევრი გემრიელობით, რადგან შუადღეს მეგობრებთან ერთად პიკნიკზე მივდივარ… ბავშვებზე ნუ იდარდებ, უკვე შევათანხმე დატოვება დედაშენთან… ჰო, მართლა, მე მას შევურიგდი…

გკოცნი სიყვარულით, ბედნიერი მე…

ყველა ქალშია ჯადოსნური ძალა, რომელიც ღმერთმა შექმნისას ჩადო მასში… ყველა ქალს აქვს ამოუწურავი ქალური რესურსი… მაგრამ მასთან წვდომის ერთადერთი კარი ასევე ერთადერთი გასაღებით იღება – უფლება მისცე საკუთარ თავს, იყო ბედნიერი ჯერ შენ და უკვე მერე აბედნიერო სხვები… რადგან ვერასოდეს ვერავის მისცემ იმას, რაც არ გაქვს… და ვერც უკან მიიღებ ოდესმე…

სწორედ ამიტომ, უაზრობაა რაიმე ვინმეს დააბრალო… და თქვა, რომ გარემოცვა რესურსად გიყენებს და ამიტომ დაიღალე… რადგან შენ უკვე გაქვს გასაღები…

შენი არჩევანია, გამოიყენებ თუ არა…

რას ირჩევ?

ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment