fbpx

“კიბო დაამარცხო, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე ეს შევძელი. ..”

ავტორი ნინო გონგაძე
5.6K ნახვა

“თქვენ სამი თვის სიცოცხლე გაქვთ დარჩენილი”, – ექიმის ეს შოკისმომგვრელი ფრაზა მისთვის ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა, რომ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულიყო. ეს მოხდა 2016 წელს, მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა. სიკვდილი დამარცხდა სიცოცხლესთან ბრძოლაში. რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს დიაგნოზი(რომლის გაგონებაც ჩვენ, ყველას, ასე გვზარავს), განაჩენი არ არის.

“კიბო დაამარცხო და სიამაყის გრძნობა არ გაგიჩნდეს, ეს შეუძლებელია. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს” – ამბობს ჩემი რესპონდენტი, ძლიერი ქალბატონი – ლია სომხიშვილი, რომლის ცხოვრებაც ამ დიაგნოზმა რადიკალურად შეცვალა, საბედნიეროდ უკეთესობისკენ.

ლია სომხიშვილი: ამ ძნელად გადასატანი დღეების შემდეგ, ცხოვრება უფრო დავაფასე, სიცოცხლე უფრო შევიყვარე, ბევრად უფრო ლაღი გავხდი… დღეს, ძალიან პოზიტიური, მხიარული და ოპტიმისტი ვარ. ორმოცდათერთმეტი წლის გავხდი, მაგრამ ასაკს საერთოდ ვერ ვგრძნობ.

ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა თურქეთში, რვა საათი გასტანა, მაგრამ წარმატებით ჩაიარა. სამოცდაათი ნაკერი დამადეს. ოპერაციის შემდეგ მოვიდა პასუხები რომ აუცილებელი იყო ინტენსიური ქიმია. ოთხ თვეში ოცდარვა გადასხმა მესაჭიროებოდა. როგორც წესი, ოცდაერთ დღეში ერთ გადასხმას უნიშნავენ პაციენტს, მე შვიდი გადასხმა დამინიშნეს. ქიმია, – სიცოცხლის დასასრული მეგონა. იმდენად ცუდ ემოციას იწვევდა ჩემში ეს სიტყვა. ვფიქრობდი, რომ იქნებ დიეტამ და ცხოვრების წესის შეცვლამ მიშველოს და ქიმიოთერაპიას აღარ გავიკეთებ მეთქი. ექიმმა რომ შეიტყო ქიმიოთერაპიის კურსის გავლას არ ვაპირებდი, პირდაპირ მითხრა, – სამი თვის სიცოცხლე გაქვს დარჩენილიო. შენი ჯანმრთელი ორგანოების მიხედვით ამ ინტენსიურ ქიმიებს გაუძლებს შენი ორგანიზმი და ამ შემთხვევაში შენი გადარჩენის და გამოკეთების შანსი 80 % მდე გაიზრდებაო.
– თქვენი პირველი რეაქცია როგორი იყო, როცა ექიმმა გითხრათ, რომ სიცოცხლის სამი თვე გაქვთ დარჩენილი?
-შოკი იყო ეს ჩემთვის. ვერ გავიაზრე ბოლომდე. ვერაფერს ვერ ვფიქრობდი იმ მომენტში. შემდეგ მამაოს ვთხოვე, დამლოცეთ, ექიმებმა მითხრეს სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო. მერე გჯერა შენ მაგისო? – მკითხა. ეს მარტო უფალმა იცისო. ვუპასუხე, – მეც არ მჯერა მეთქი. იმდენად იმოქმედა მამაოს სიტყვებმა, რომ სხვანაირი რწმენა მომეცა.
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დიაგნოზი იყო
– დიახ, ექოსკოპიაზე საკმაოდ დიდი წარმონაქმნი აღმოაჩინეს და მერე დადასტურდა საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადიის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე. სქართველოში ხელი ვერ მოკიდეს საოპერაციოდ. იმედს არ იძლეოდნენ. გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო საზღვარგარეთ გადაყვანა. გულშემატკივართა არმია მედგა გვერდით, ორ დღეში მოხდა ოპერაციისთვის საჭირო თანხების მობილიზება. ჩემი დიდი სურვილი იყო რომ გამგზავრების წინ პატრიარქს დაველოცე, ასეც მოხდა და მეორე დღეს თურქეთში გავფრინდი. იმდენად ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა არაფერი არ მახსოვს.

ზოგადად რა აზრის ხართ, ექიმი უნდა ეუბნებოდეს თუ არა, ასე პირდაპირ, პაციენტს რამდენი თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი?
-დიახ, ეს ერთგვარი სტიმული იყო ჩემთვის. ეს თავზარდამცემი ფრაზა – სამი თვის სიცოცხლე გაქვთ დარჩენილი, რომ არ ეთქვა ექიმს მე ქიმიოთერაპიის კურსებს არ ჩავიტარებდი. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ბრძოლა გადარჩენისთვის. ვფიქრობ, რომ მსგავსი ინფორმაცია ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს, მაგრამ იმ ფორმით, რომ შოკში არ ჩავარდეს და იქვე აუცილებლად უნდა უთხრას, რომ მას გადარჩენის შანსი აქვს. უფლება არა გაქვს ადამიანს იმედი მოუკლა.
-ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი დიაგნოზი? ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას.
-ჩემი და ყველანაირად მხარში მედგა. დედაჩემმა არაფერი იცოდა ჩემი მძიმე დიაგნოზის შესახებ. ვუთხარით, თითქოს თირკმელში მქონდა დიდი კენჭი და ღვიძლი რომ არ დააზიანოს, სჯობს ოპერაცია თურქეთში გავიკეთო მეთქი. სიმართლე რომ სცოდნოდა, ვერ გადაიტანდა. ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა, შემდეგ ვუთხარი.
– თავს როგორ იმხნევებდით, როგორ იპოვეთ ამხელა ძალა რომ ამ დიდ ბრძოლაში ჩაბმულიყავით?
-ვფიქრობ რომ პატრიარქის დალოცვამ დიდი როლი ითამაშა. საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლის ძალა მომცა. თავს ვიმხნევებდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ უფალი არ გამწირავდა. ერთადერთი იმას ვფიქრობდი რომ როგორმე გადავრჩენილიყავი იმდენად მწყუროდა სიცოცხლე. კლინიკაში ყველაზე მძიმე დიაგნოზი მე მქონდა. მე სამი თვის სიცოცხლეს მეუბნებოდნენ, იმათ ხუთი წლის და მიკვირდა ეს ხუთი წელი რატომ იყო იმათთვის ასე ტრაგიკულად მისაღები, ჩემს სამ თვესთან შედარებით ისე ბევრი მეჩვენებოდა მაშინ.

  • დაღლის, დანებების და ფარ-ხმალის დაყრის მომენტი თუ გქონდათ იმ მძიმე თვეების განმავლობაში?
    -კი, იყო ასეთი პერიოდი. ქიმიოთერაპია იმდენად რთული იყო ჩემთვის რომ მეორე კურსის შემდეგ მივხვდი, ვეღარ გავუძლებდი ამდენს. ჩემი და, ბიძაშვილები, თანამშრომლები, გულშემატკივართა არმია მედგა გვერდით. მათი თითოეული სიტყვა და მესიჯი-“ჩვენ ამ ბრძოლაში არ დავმარცხდებით”, “შენ ისეთი კეთილი ხარ, არ არსებობს რომ არ გადარჩე, “შენთვის ვლოცულობ”, მაძლიერებდა და იმედს მაძლევდა, ამიტომ გადავწყვიტე მებრძოლა და მათი თანადგომა გამემართლებინა. არ მჯერა მე თუ ეს გადავიტანე, როგორ გავუძელი. რამ გამაძლებინა. არანორმალურად მეშინოდა ოპერაციის და ქიმიოთერაპიის კურსების.
    -როგორ ფიქრობთ რამ გადაგარჩინათ?
    – რწმენამ გადამარჩინა. ასევე საბრძოლო და პოზიტიურმა განწყობამ, ამდენი ადამიანის გვერდით დგომამ… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ექიმის მიდგომას პაციენტის მიმართ. ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ქიმიოთერაპევტი შემხვდა. მითხრა, რომ რთულია ქიმიები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისგან გამოწვეული ნებისმიერი რეაქციის მართვა, ეს ჩემთვის დიდი იმედი იყო. კითხვა- რატომ მე, რომელიც ამ დროს ჩნდება ამ დიაგნოზის მქონე ადამიანის თავში მე არ მქონია, რატომღაც ეს ჩვეულებრივ მივიღე.
    – შეიცვალეთ დიაგნოზის შემდეგ?
    -ცუდი და წუწუნა ადამიანი არც მანამდე არ ვყოფილვარ, მაგრამ დიაგნოზის შემდეგ უკეთესი, უფრო ლაღი გავხდი. თითქოს განვსხივოსნდი შინაგანად. ცხოვრება კიდევ უფრო გაფერადდა. ყველაფერი სხვაგვარად დავინახე და გადავაფასე. ახლა ცხოვრების ყოველ წამს და წუთს ვაფასებ. ეს რომ არ დამმართნოდა ცხადია ასე არ იქნებოდა. მივხვდი, რომ ყოველი წუთი უნდა დავაფასოთ. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. თურქეთში რომ ჩავედი ოპერაციისთვის და ქუჩაში მათხოვრები დავინახე. ვფიქრობდი, ახლა იცის ამან რა ბედნიერია მეთქი?!
  • ნებისმიერ წვრილმანში უნდა იპოვოს ადამიანმა ბედნიერება.

ყოველი ახალი დღე ახალი დაბადებაა ჩემთვის… ვამბობ, რომ ახლა უკვე ორი დაბადების დღე მაქვს- ერთი ნამდვილი და მეორე ოპერაციის დღე.
-ქალბატონო ლია, თქვენ, როგორც ამ ბრძოლაში გამარჯვებულს, დღეს უკვე რა გზავნილი გაქვთ კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებთან? რას ურჩევდით, როგორ გაამხნევებდით მათ?
-კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის. მე ამ ადამიანებს ვურჩევდი ბოლომდე ბრძოლას. არ გაბედოთ დანებება და შუა გზაზე არავითარ შემთხვევაში არ დაყაროთ ფარ-ხმალი. იყო პერიოდი მეც მძლია სისუსტემ, მაგრამ თავს შემოვუძახე, თორემ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მე ეს შევძელი და შეძლებ შენც! ექიმს ყველაფერი დაუჯერეთ. და რაც მთავარია აუცილებლად გქონდეთ პოზიტიური განწყობა. არა მხოლოდ პაციენტებს, მათ ახლობლებსაც ვურჩევდი რომ ბრძოლა აუცილებლად მიიყვანონ ბოლომდე, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის და ახლობლების მხარდაჭერას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც დიდია ბრძოლა, მით დიდია ტრიუმფი. კიბო დაამარცხო და სიამაყის გრძნობა არ გაგიჩნდეს ეს შეუძლებელია, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ლექსიკონში არ არსებობს ის სიტყვა, რომელიც ამ ბედნიერებას გამოხატავს. მინდა ყველა პაციენტმა განიცადოს ეს ბედნიერება. და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უფალს, ექიმებს(ონკოლოგ ქეთი მაისაიას), ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, ჩემი ბანკის თანამშრომლებს, ნაცნობებს, უცნობებს და გულშემატკივრების დიდ არმიას. მე ეს შევძელი თქვენთან ერთად, მადლიერი ვარ!.

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment