fbpx

მომავალი ეკუთვნის მას, ვინც მისთვის დღეს ემზადება!

ავტორი ჟოლო
652 ნახვა

„ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს არასოდეს გადადო ხვალ, თუმცა ის, რაც ხვალ უკეთესად გამოგივა არ გააკეთო დღეს!“ აი, უმარტივესი ოქროს წესი ყოველი საქმის დაწყებისას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თავად უნდა განსაზღვროთ რისი გაკეთება ჯობია დღეს და რისი ხვალ.

ადამიანთა უმრავლესობა, ხშირად, საკუთარ შესაძლებლობებს იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე რეალურად აქვს(ფსიქოლოგიაში ამას „დანინგ-კრუგერის“ ეფექტს ეძახიან). ეს ხდება მიზეზი არასრულფასოვნად შესრულებული დავალებისა, დაკისრებული მოვალეობისა თუ ნებისმიერი საქმისა, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ.

ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა დავალება უკანასკნელ წუთებში დაგვიწერია, ანდა გამოცდისთვის მზადება ორი დღით ადრე დაგვიწყია (მაშინ, როცა ამისათვის მანამდე უამრავი თავისუფალი დრო გვქონდა), ან კიდევ გვითქვამს „ხვალიდან ვიწყებ…“. ხვალიდან დასაწყები საქმისთვის კი დრო უკანასკნელ წუთებამდე არ დგება და, შესაბამისად, შესრულებული საქმის ხარისხიც ნაკლებია. ნებისმიერი მომდევნო საქმის დაწყების წინაც ასე იქნება, სანამ დამოკიდებულებას არ შევცვლით და საკუთარი თავების მიმართ მეტად მომთხოვნი არ ვიქნებით.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში უკეთ შეძლებთ დროის მართვას. თან, მერწმუნეთ, ყოველი შესრულებული დავალების ხარისხიც გაუმჯობესდება და თქვენც კმაყოფილი დარჩებით, როცა დაინახავთ განსხვავებას ძველსა და ახალ მიდგომას შორის. როცა „დედლაინის“ მომენტისთვის დაძაბული აღარ იქნებით მოასწრებთ თუ ვერ მოასწრებთ დასრულებას. სტრესის გარეშე ცხოვრება კი დამერწმუნებით, გაცილებით მარტივია.

1. დაალაგეთ შესასრულებელი დავალებები თუ გასაკეთებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ საიდან დაიწყოთ.

2. დაგეგმეთ ნებისმიერი საქმე წინასწარ. ეს დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.

3. დაწყებამდე მოიძიეთ ყველაფერი, რაც კი დავალების შესასრულებლად გჭირდებათ. იქნება ეს ინფორმაცია, ხელსაწყოები, მასალები თუ ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესრულებული სამუშაოს საბოლოო ხარისხისა და სრულფასოვნებისთვის.

4. თუ დავალება დიდ დროს მოითხოვს რამდენჯერმე შეისვენეთ რამდენიმე წუთით. ეს მუშაობას უფრო ნაყოფიერს ხდის.

5. დასრულებული სამუშაოს შემდეგ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. რამდენიმე საათის შემდეგ (თუ კი ამის შესაძლებლობა გაქვთ) გადახედეთ, გაასწორეთ შეცდომები, რომლებსაც აუცილებლად იპოვით და შეგიძლიათ დასვათ საბოლოო წერტილი.

და ბოლოს, გახსოვდეთ! არასოდეს გადადოთ ხვალისთვის თვითგანვითარება, მიზნისკენ სვლა, ოცნება და ფიქრი იმაზე, როგორ გახდე საუკეთესო და შეცვალო აწმყო უკეთესი მომავლით. დაიწყეთ დღეს, ახლა და აქ, რადგან „ხვალ“ დღევანდელი წუთები უკვე ფუჭად დაკარგული იქნება. მომავალი ხომ ეკუთვნის მას, ვინც მისთვის დღეს ემზადება!

ავტორი: თამარ გავაშელიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment