fbpx

რას ვჭამთ?! – შემაშფოთებელი რეალობა! ის, რაც ბევრმა არ იცის …

ავტორი ჟოლო
196 ნახვა

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთერთ მთავარ ფაქტორ ჯანსაღი კვება. მაგრამ საკითხავია, რამდენმა ვიცით იმ პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ, რომლებსაც დღევანდელი ბაზარი გვთავაზობს?! რამდენად ჯანსაღია თუნდაც ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც საქართველოში ვყიდულობთ? მარაგდება თუ არა ჩვენი ორგანიზმი იმ საჭირო და აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც  ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

თუ პირიქით ხდება?!

გიფიქრიათ ამის შესახებ? გიფიქრიათ, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ?

გიფიქრიათ თუ არა, რომ, დაბინძურებულ ჰაერთან და გარემოსთან ერთად, შხამქიმიკატებით გაჟღენთილი პროდუქტებითაც ვიწამლებით? რომ ბაქტერიებით თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვები უამრავ დაავადებას იწვევს? რომ ქვეყანაში ძალიან იმატა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა?!

„დღეს შხამქიმიკატების გამოყენება აბსოლუტურად არ რეგულირდება და ამ მხრივ, მომხმარებელი დაუცველია“, – ამბობს Bio Farmer/ბიო ფერმერი -ის დამფუძნებელი უშანგი კევლიშვილი. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად სწორედ ამ თემამ მიმიყვანა.

უშანგი კევლიშვილი:

– ეს არის ძალიან სახიფათო ნივთიერებები. ზედმეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში ზიანდება ნიადაგი, გარემო, ვნებს მომხმარებლის ჯანმრთელობას. ფაქტობრივად, წამლავს ორგანიზმს.

პირადად მქონდა ამ ყველაფერთან შეხება და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ძალა და ენერგია ამ საქმისკენ მიმემართა.

დაახლოებით 10 წლის წინათ, მამაჩემმა სათბურში დანამატების გამოყენებით კიტრი და პომიდორი მოიყვანა და აგრონომს ჩააბარა. მოსავალი ვიზუალურად ძალიან კარგი იყო, მაგრამ როდესაც ლაბორატორიაში წავიღეთ და შევამოწმეთ, გვითხრეს: ეს რომ ბავშვმა შეჭამოს, ჩათვალეთ, რომ კლავთო. ეს იყო შოკისმომგვრელი ფაქტი, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინვე გავანადგურეთ ყველაფერი, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ საქმეს აგრძელებენ?

მაშინ არაფერი ვიცოდი ამ პროდუქტების შესახებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზუალურად ლამაზი პროდუქტი მეყიდა ბაზარში. ამის შემდეგ დავინტერესდი, მოვიძიე მასალები, გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძირითადად ჯანსაღი პროდუქტის მოყვანითა და წარმოებით არიან დაინტერესებულნი და ბოლოს გადავწყვიტე, თავადვე ჩავდგომოდი ამ  საქმეს სათავეში. ასე შეიქმნა ეს გვერდი, რომლითაც თქვენ აღმომაჩინეთ.

არიან თუ არა სხვებიც ამ საქმით დაკავებულნი?

– კი, მაგრამ ერთი და ორი ადამიანი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეს უფრო ფართო მასშტაბებზე უნდა გავიდეს. აუცილებელიც არის. უმეტესობამ იცის, შხამქიმიკატს რომ ასხამს, არ ვარგა, მაგრამ არ იცის, რით უნდა შეცვალოს ეს შხამქიმიკატი. არადა, არის ბევრი ბიოპრეპარატი, რომლითაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ.  ბიოლოგიური პრეპარატების მაღაზიაც იმიტომ გავაკეთე, გადავწყვიტე, თავად მიმეხედა ამ ყველაფრისთვის. თუმცა, ძალიან რთულია.

ყველაზე დიდ სირთულე რა არის?

– ამ პროდუქტების მოძიება. ასევე, ყველაზე დიდი სირთულეა ნდობა. მომხმარებელს ჰგონია, რომ ვატყუებთ, მაგრამ, თუ ერთხელ მაინც წაიღებენ ჩვენგან პროდუქტს, მეორედ და მესამედ რეკავენ და ისევ ყიდულობენ.

და როგორ ხდება ათი მოძიება?

– იმ ფერმერებთან მაქვს ხელშეკრულება, რომელთაც ეს პროდუქტები მოჰყავთ. ძირითადად კი იმ ადამიანებისგან ვყიდულობთ, რომლებსაც იმის საშუალება არ აქვთ, რომ შხამქიმიკატებით შეწამლონ მოსავალი. ეს უკვე სარგებელია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ვცდილობთ, უფრო მეტი გადავუხადოთ, ვიდრე ბაზარზე, და ამით კიდევ უფრო დავაინტერესოთ. ბევრი გამოჩნდა ასეთი და სამომავლოდ უფრო მეტი იქნება.

იმ ადამიანებს რას ეტყოდით, რომლებიც ვიზუალურად ლამაზ პროდუქტს ყიდიან, მაგრამ არაჯანსაღს?

– თვითონაც არ იციან, რას ყიდიან, ეს რომ გათვითცნობიერებული ჰქონდეთ, არ გაყიდდნენ. მათთვის მთავარია, სარგებელი მიიღონ და ამაზე აქვთ მთელი ყურადღება გადატანილი. რამდენიმე მათგანს გავესაუბრე და დავასკვენი, რომ ძალიან რთულია, გააგებინო, რა ზიანს აყენებს ეს შხამქიმიკატები ადამიანს, არ ესმით, რომ კლავს. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ესმით, მაგრამ მაინც აკეთებენ. გორში ერთ-ერთმა მითხრა, მეზობელს მოჰყავს სუფთა პროდუქტი და მე და ჩემი ოჯახი იმას ვჭამთ, ჩემს პროდუქტს არ ვეკარებიო. წარმოგიდგენიათ? ხალხის თუ არა, ღმერთის ხომ მაინც უნდა ეშინოდეს? უნდა კონტროლდებოდეს ეს ყველაფერი… მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

როდესაც ჯანსაღი კვების პროდუქტების წარმოებითა და რეალიზაციით დავინტერესდი, სხვადასხვა სასწავლო კურსი გავიარე. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი კურსის გავლისას, კაჭრეთში  გერმანელ მკვლევარებს და ფერმერებს შევხვდი, აღფრთოვანებულები იყვნენ, სხვადასხვა რეგიონში ნიადაგისა და წყლის ანალიზი აიღეს და გაგიჟდნენ, საოცარი მიწა გაქვთ და აქ მოყვანილი პროდუქტი ამიტომაც არის უგემრიელესიო.

– მიუხედავად ამ საოცარი მიწისა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრებთა ნახევარი უვარგის და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტს მიირთმევს?

– ნახევარი არა, თითქმის ყველა… პროცენტულად, ალბათ, 90%. ერთ მაღაზიაში იყიდება სუფთაც და დაბინძურებული პროდუქტიც, ამიტომ მომხმარებლისთვის რთულია გარჩევა, რომელია კარგი და რომელი – ცუდი. უმეტესობა სილამაზით გამოარჩევს პროდუქტს, არადა რაც უფრო ლამაზია და დიდია პროდუქტი, მით უფრო უვარგისია. შეიძლება ჩვენ ახლა ვერ ვგრძნობთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაბინძურებული საკვები ილექება ორგანიზმში და წლების შემდეგ, რაღაც დაავადების სახით, არ არსებობს, თავი არ იჩინოს…

გამოსავალი?

– ბევრი მეუბნება, ნუ ამბობ ასეთ რაღაცებს, ნუ აშინებ ხალხსო. არადა აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს, რომ სათანადოდ მიექცეს ყურადღება ამ ყველაფერს. აუცილებლად უნდა დაწესდეს კონტროლი. შხამქიმიკატები უნდა ჩაანაცვლოს ბიოპრეპარატებმა. გლეხს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და შრომაც სათანადოდ დაუფასდეს. ბიოპრეპარატებით მოსავალი ბევრად ცოტა მოდის. თუ შხამქიმიკატების შემთხვევაში ყურძნის მოსავალი ჰექტარზე 20 ტონაა, ბიოპრეპარატით შეიძლება 5-დან 7 ტონამდე მიიღონ. თანხა კი იგივეა, იგივეს იხდიან სუფთა ყურძენშიც. ამიტომ ურჩევნია, შხამქიმიკატებით მოწამლოს, რომ უფრო მეტი მოსავალი მიიღოს და თანხაც უფრო მეტი შემოუვიდეს. ეს უნდა დავარეგულიროთ, 7 ტონას რომ მოიყვანს გლეხი, იმ 20 ტონას უნდა გაუტოლდეს მისი შემოსავალი.

პროდუქტი ისეთ ადგილზე უნდა დაითესოს, სადაც სუფთა ჰაერია, სუფთა ნიადაგია. ის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში მოდის, ფეხით მაქვს შემოვლილი სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე, სვანეთი, კახეთი… დავდივარ, ვეძებ, ვპოულობ, ვუთანხმდები… აი, ამ მხრივ, უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

ბიო პროდუქტის შესახებ უკვე ყველამ იცის და ცდილობენ კიდეც მოიძიონ სუფთა პროდუქტი.

გასულ წლებთან შედარებით ფერმერიც ბევრად მეტი გვყავს ბიო მიმართულებით, მათი სიმრავლე აუცილებელია, რადგან ზოგადად ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაა. 1 კვირის წინ  ნიტრატების საზომით ვესტუმრე ბაზარს, სამწუხაროდ ყველა პროდუქტი, რომელსაც ხელი მოვკიდე დაბინძურებული იყო. ნიტრატების საზომი ზომავს ნიტრატებს, ანუ მინერალური სასუქების გამოყენებას. სამწუხაროდ არ არის დღეს აპარატი, რომელიც ქიმიურ დაბინძურებას  აჩვენებს, ლაბორატორიაში კი ეს ანალიზი 400 ლარამდე ჯდება. ზოგი შეგნებულად, ზოგი უცოდინარობით იყენებს ისეთ ძლიერ შხამებს, რომლის მოხმარების შემთხვევაში მინიმუმ 20 დღე არ შეიძლება იმ პროდუქტის მირთმევა, მაგრამ ზოგიერთი ფერმერი მეორე დღესვე სუფრაზე გიდებს. ამიტომ არის ამდენი ონკო პაციენტი ქვეყანაში. ვფიქრობ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ძალიან ადვილია ამ ყველაფრის მართვა, თუ ექნება ფერმერს ცოდნა. მე მაქსიმალურად ვეხმარები ბიო ფერმერებს, სრულიად უსასყიდლოდ, რომ დათესვიდან მოსავლის აღებამდე სუფთა პროდუქტი მოიყვანონ.

 ერთ-ერთი ბიო პრეპარატით მეფუტკრეობაში გადატრიალებაც მოვახდინეთ. ისეთ დაავადებებს მოვერიეთ, მსოფლიოს რომ უჭირდა გამკლავება.

საბედნიეროდ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყვავს და ძირითადად ისინი ფიქრობენ ბიო პროდუქტების მოყვანაზე. საკმაოდ პოპულარულია უკვე ბიო პროდუქტების წარმოება და ბევრიც ჩაერთო, რაც იმედს მაძლევს.

Bio Farmer/ბიო ფერმერი

მადლობა საინტერესო და საჭირო ინტერვიუსთვის უშანგი კევლიშვილს. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, მოიწონეთ Bio Farmer/ბიო ფერმერის გვერდი და დაუკავშირდით მას პირადად. 

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment