fbpx

“რატომ მშურს უკრაინის … მშურს და ვალში ვარ”…

ავტორი ჟოლო
327 ნახვა

რატომ მშურს უკრაინის – რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზი:

იმიტომ, რომ წინსვლის და უკანსვლის არცერთ ეტაპზე –   არ შესძულდათ თავისი ქვეყანა და ერთმანეთი. ჩვენ  – შეგვაძულეს.

იმიტომ, რომ ხალხი მათთან ნიშნავს მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა – ქოცებად და ნაცებად, ლიბერასტებად და კომბლეებად,  პროვინციელებად და  დედაქალაქელებად, ჩასარეცხებად და ელიტებად … დაყოფილი ადამიანების ერთობას;

იმიტომ, რომ როცა სხვა ქვეყანაში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნიან, არ დააწერენ:  უკრაინის მთავრობისგან. დააწერენ: უკრაინელი ხალხისგან;

იმიტომ, რომ უყურებ ამ ზელენსკის და გიჩნდება პატივისცემის და ნდობის განცდა;

იმიტომ, რომ უყურებ ამ ხალხს და გრძნობ, როგორ წაშალეს საბჭოთა მემკვიდრეობა საკუთარი თავებიდან და ხსოვნიდან; ერთადერთი რუსული ფრაზა, „იდი ნახუი“ დაიტოვეს – საჭირო დროს სწორ მისამართზე გასაშვებად; 

იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტს, რომელიც ბრალდებულია (რა მნიშვნელობა აქვს, რაში), იარაღი უჭირავს  და თავის ხალხთან ერთად იბრძვის; 

იმიტომ, რომ „გაუმართლათ“ და „კარგ“ დროს მოუწიათ ბრძოლა: სოცმედიის განვითარების პიკზე, როცა ტვიტერი, ფეისბუქი თუ ინსტაგრამი ბირთვული იარაღია მათ ხელში;

მშურს, იმიტომ, რომ 2008 წელს გაცილებით ძნელი იყო მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი ოკუპანტია;

ჩვენ მაშინ შევძარით მსოფლიო, მაგრამ ვერ დავძარით – უკრაინამ დაძრა!

იმიტომ მშურს, რომ ჩვენც გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე…. მაგრამ მსოფლიოს ვერ გავაცანით ისინი – უკრაინელებმა შეძლეს და ამ რამდენიმე დღეში მათი ყველა გმირი და გმირობა ზეპირად ვიცით;

იმიტომ მშურს, რომ ძლიერის გვერდით დგომა ყველასთვის პატივია და უკრაინელები ღირსეულად იღებენ ამ პატივს;

დილით ვუყურებდი ვიდეოს, უკრაინელი ქალი, მანქანაში ბავშვით, როგორ „ახურავდა“ თავზე კბილებამდე შეიარაღებულ რუს ჯარისკაცს: შვილს აჩვენებდა მაგალითს, როგორ უნდა ელაპარაკო მტერს; შემშურდა იმიტომ, რომ ვეჭვობ, მე ვერ შევძლებდი ამას –  თუ შიშის არა, ბრაზის, ბოღმის ან სიფრთხილის გამო.

მშურს იმ უკრაინელი ქალის, რომელმაც რუს ჯარისკაცებს უთხრა: ჯიბეში „სემიჩკა“ მაინც ჩაიყარეთ, რომ თქვენს ლეშზე მზესუმზირები ამოვიდესო. ვერც ამას შევძლებდი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვასწავლეს (ვერ ვისწავლეთ) ვერც მტერთან ლაპარაკი და ვერც – დანარჩენ სამყაროსთან – ახლა ვსწავლობთ უკრაინელებისგან. 

მშურს უკრაინელების – მსოფლიოს ახალ ისტორიას წერენ. თან ისე კარგად წერენ, არავის ენანება მათთვის მელანი და პასტა.

მშურს და ვალში ვარ.

და როცა ეს გრიგალი გადაივლის – მიზნის მიღწევით (არ ვიტყვი, რომ გამარჯვებით: ამხელა მსხვერპლის ფონზე სიტყვა გამარჯვება ალბათ სჯობს, მიზნის  მიღწევით შეიცვალოს)  პირველი ქვეყანა, სადაც ჩავალ, უკრაინა იქნება. აეროპორტის მესაზღვრიდან დაწყებული, ყველა შემხვედრს ჩავეხუტები და ვეტყვი:

– თქვენ ვინ ყოფილხართ!

(არ ვიცი, როგორაა უკრაინულად – ვისწავლი). 

წყარო: facebook

ავტორი: Nana Akobidze

მსგავსი სტატიები

Leave a Comment