🙏❤️🌸 ძვირფასო მეგობრებო, ვიცი, ბევრი ხართ, ვინც აქ მეგობრებში მყავხართ ისეთები, ვისაც მედიტაციების შესახებ გაგიგიათ და ისიც იცით, თუ რა სარგებელი აქვს ამას ყველაფერს არა მარტო ჩვენზე, არამედ უშუალოდ ჩვენს გარემოზეც. ათასი ნეგატიური რამ ვრცელდება მედია საშუალებებით და ბალანსი აშკარად დარღვეულია. რაც არ უნდა სამართლიანად მიგვაჩნდეს ერთი პოზიცია, და მეორე უსამართლოდ, ამისი ბევრი აფიშირება ირიბად ისევ იმ სიბოროტეს ემსახურება, რასაც შინაგანად ვგმობთ.
ომების და ნგრვების დროს, ადამიანური ტრაგედია ყოველთვის ორივე მხარეზეა. ამასთან ერთად, მსხვერპლს და მოძალადეს, როგორც ეს ქრისტიანული გაგებით არის, გულის ფსკერზე, სიღრმეში სიყვარული აერთიანებს, რაც არ უნდა გვიჭირდეს ამისი გაცნობიერება, მიღება და რეფლექტირება დღეს…
“ქადაგებას” მართლა არ ვაპირებ, ვიცი, რომ დღეს ყველანი ერთად ძალიან ტურბულენტურ დროს გავდივართ და ალბათ ამ დროს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ცნობიერების ზრდისთვისაც კიდევ უფრო მეტი საკვების მიწოდებაა. ამიტომ გთავაზობთ ბუდისტურ კულტურაში ერთ ერთი ცნობილი ბრძენის, ატიშას უძლიერესს გულის მედიტაციას (რომელიც ადრე ოშოს ინდოეთის სამედიტაციო რესორტშიც ყოველდღიურად ტარდებოდა ხოლმე). ეს მეთოდი ჩემი აზრით დღეს ყველაზე საჭირო და ყველაზე აქტუალურია.
განმარტება ატიშას გულის მედიტაციის შესახებ:
”ეს ერთ-ერთი დიდებული მეთოდია. ჩასუნთქვისას იფიქრეთ, რომ მსოფლიო უბედურებას ჩაისუნთქავთ. ჩაისუნთქეთ სიბნელე, ნეგატივი, მთელი ეს უბედურება, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. დაე ყველაფერი თქვენმა გულმა შეიწოვოს. ეს თანაგრძნობის მეთოდია. დალიეთ მთელი ტანჯვა და გარეთ გადმოღვარეთ კურთხევა.
როდესაც ამას გამოცდით, გაკვირვებული დარჩებით. იმ მომენტში, როდესაც სამყაროს ყველა ტანჯვას თქვენს შიგნით დაიტევთ, ის აღარ იქნება ტანჯვა. გული მაშინვე გარდაქმნის ენერგიას. იგი გარდამტეხი, ალქიმიური თვისების ძალაა. შესვით უბედურება და ის ნეტარებად გარდაიქმნება. ნება მიეცით ყველა ტანჯვას – საკუთარი თავის და ყველა არსების – შემოყვეს შემომავალ სუნთქვას და მიაღწიოს თქვენს გულამდე. გამოსუნთქვიოთ შემდეგ ეს უკან გადმოღვარეთ. გულს სასწაულების მოხდენა შეუძლია, ის დაუყოვნებლივ გარდაქმნის ენერგიას.
ინსტრუქცია:
მედიტაცია გრძელდება 50 წუთი და შედგება ოთხი ეტაპისგან. პირველი სამი ეტაპის განმავლობაში შეგიძლიათ იდგეთ, იმოძრაოთ, იჯდეთ, ან იწვეთ, როგორც მოსახერხებელი და ბუნებრივი იქნება თქვენთვის; თვალები ღია გაქვთ, ან დახუჭული.
პირველი ეტაპი: 5 წუთი: “იმოძრავეთ გულში”
გადმოიტანეთ ცნობიერება სხეულსა და სუნთქვაზე, იგრძენით თავი აქ და ახლა. შემდეგ ცნობიერება გადმოიტანეთ თქვენი გულის ჩაკრაზე, ენერგიის ცენტრზე გულმკერდის შუა ნაწილში. თუ გეხმარებათ, შეგიძლიათ ერთი, ან ორივე ხელი გულზე დაილაგოთ. ჩაისუნთქეთ ყოველი ჩასუნთქვა გულში, გადმოღვარეთ ყოველი ამოსუნთქვა გულიდან.
მეორე ეტაპი: 15 წუთი: “დაიწყე საკუთარი თავით.”
დაიწყეთ საკუთარი უბედურებით, იგრძენით ის ისე ინტენსიურად, რამდენადაც შესაძლებელია: ტკივილი, ჭრილობები და მთელი თქვენი ცხოვრების ტანჯვა. მიიღეთ და მიესალმეთ. ჩაისუნთქეთ შენივე უბედურება … შეიწოვეთ იგი გულში… დაე ის სიხარულად, ნეტარებად იქცეს. ამოისუნთქეთ მთელი სიხარული, ნეტარება; გადმოღვარეთ საკუთარი თავი არსებობაში. ყველაფერი რაც თქვენში ხდება შეგიძლიათ გამოხატოთ ბგერებით, სიტყვებით, ჟესტებითა და მოძრაობებით, ან სიჩუმით.
მესამე ეტაპი: 15 წუთი: “ჩართეთ ყველა ადამიანი.”
ახლა გააფართოვეთ ეს პროცესი. ყველა არსების ყველა უბედურება უპირობოდ მიიღეთ – მეგობრების, მტრების, ოჯახის, უცნობების. მიიღეთ და მოიპატიჟეთ. ჩაისუნთქეთ მთელი ეს უბედურება და შეიწოვეთ გულში… დაე იქ იქცეს სიხარულად, ნეტარებად. ამოისუნთქეთ მთელი სიხარული და ნეტარება; გადმოღვარეთ საკუთარი თავი არსებობაში. შეგიძლიათ ბგერებით, სიტყვებით, ჟესტებითა და მოძრაობებით გამოხატოთ ის, რაც თქვენში ხდება, ან დაუშვით ყველაფერი ჩუმად მოხდეს
მეოთხე ეტაპი: 15 წუთი: “დაბრუნდით.”
ახლა მთლიანად მოწყვიტეთ ყურადღება სამყაროს, სხვებს, საკუთარ თავისაც კი. დაწექით, დახუჭეთ თვალები, გაჩუმდით და წყნარად იყავით…
PS: მედიტაციის ორიგინალი მუსიკა ინტერნეტში ვიდეოს სახით არ იძებნება, ამიტომ გთავაზობთ კარუნეშის გულის მედიტაციის სახით შესაფერისს ალტერნატივას.
და ასევე: შეგიძლიათ ეს პოსტი სურვილისამებრ მაქსიმალურად გადააზიაროთ 🙏 ❤️ 🧘🏻♂️