ვინც ქართულ ენას ბარბარიზმით დაამახინჯებდა, 20 თეთრი სამლიტრიან ქილაში უნდა ჩაეგდო, რომლის პლასტმასის სახურავსაც მონეტის ჩასაგდები ჭრილი ჰქონდა.
ასე მოილაპარაკეს თემქის მესამე მიკრორაიონში მცხოვრებმა მეზობლებმა.
პირობის მიხედვით, შეგროვილი ფულით ახალ წელს იქეიფებდნენ.
თავიდან ხურდა ფული სწრაფად იყრებოდა. მერე შენელდა, მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში ქილა ისე დამძიმდა, რომ ხელში დაჭერდა ჭირდა.
დაითვალეს მეზობლებმა და 614 ლარი შეგროვილიყო.
რესტორანზე მსჯელობა დაიწყეს. ის იყო, შეთანხმდნენ, რომ უცებ ლექსომ თქვა, ეს ქეიფი არც რამეს შეგვმატებს და არც დაგვაკლებს, მოდით, ვინმეს საახალწლო საჩუქრები ვუყიდოთო.
ამ წინადადებით ყველა აღფრთოვანდა და მიდი, ეგრე ვქნათო.
ფული კიდევ დაამატეს, იყიდეს საახალწლო საჩუქრები და საგურამოს ბავშვთა სახლის ბავშვებს მიუტანეს. თან, თოვლის პაპაც მიუყვანეს.
ცალკე ბავშვებმა გაიხარეს, ცალკე თემქაზე მცხოვრებლებმა.
გამოვიდნენ გარეთ და ფულის შესაგროვებლად ახალი პირობა დადეს.შეგროვილი თანხით კი ახლა სხვა ბავშვებს ისევ საახალწლო საჩუქრებით გაახალისებდნენ.
#თბილისი აქ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით ახალისებენ
გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი