მე–19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მწერალმა ედვინ ებოტმა დაწერა ფანტასტიკური ჟანრის რომანი „ბრტყელი დედამიწა“. მასში მოთხრობილია ქვეყანაზე სადაც არსებობდა მხოლოდ ორი განზომილება: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.
იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ბრტყელი ფიგურები, სამკუთხედები, ოთკუთხედები, წრეწირები და ა.შ. ისინი მოძრაობდნენ მხოლოდ ორი მიმართულებით: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ.
აქ კატეგორიულად იყო აკრძალული საუბარი მესამე განზომილებაზე: ზემოთ და ქვემოთ და თუ ვინმე მაინც იტყოდა:
– იქნებ არსებობს მესამე განზომილებაც!
მას მაშივნე ყველა მხრიდან დაესეოდნენ ყვირილით:
– შენ რა, გაგიჟდი?! ასეთი რამ არ არსებობს… ეს სისულელეა!
ამასთანავე, იქვე, პარალელურად ცხოვრობდნენ სხვა არსებები – სფეროები, რომბები, კუბები და ა.შ. რომლებიც მოძრაობდნენ სამ განზომილებაში: წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. ისინი მუდმივად ცდილობდნენ გამოეღვიძებინათ ორ განზომილებაში მცხოვრები არსებები, გადაეცათ მათთვის ინფორმაცია მესამე განზომილების შესახებ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მართლაც ახერხებდნენ მათთვის ხმის მიწვდენას, ბრტყელი ფიგურები ყვიროდნენ:
– რა სისულელეა, ასეთი რამ შეუძლებელია, ეს აბსურდია!..

ერთხელ, ორგანზომილებიანი ქვეყნის ერთ–ერთი მკვიდრი მოხვდება სამგაზნომილებიან სამყაროში, სადაც გაატარებს რამოდენიმე საათს და შთაბეჭდილებებით დახუნძლული, უკან დაბრუნების შემდეგ შეეცდება თანამოძმეებს აუწყოს ახალი აღმოჩენების შესახებ, მაგრამ მას გიჟად შერაცხავენ, შეიპყრობენ და სატუსაღოში გამოკეტავენ!..
—- —- —- —-
დღევანდელი ქართული საზოგადოება იმდენად არის პოლარიზებული, რომ მისი უდიდესი ნაწილი ფაქტიურად სწორედ ასეთ ორგანზომილებიან სივრცეში ცხოვრობს – რადიკალურად ქოცურში და რადიკალურად ნაცურში.
რაც არ უნდა თქვა რაც არ უნდა გაკეთო მათთვის შენ ან ნაცი ხარ ან ქოცი. სხვა განზომილება, გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვაგვარი მოდელი ამ ადამიანებმა არ იციან უბრალოდ, ვერც წარმოუდგენიათ რომ შეიძლება სხვაგვარად და შესაბამისად ვერაფრით ვერ აუხსნი, ვერ დააჯერებ რომ შენ არცერთ ამ პოლუსში არ ხარ.
გიყურებს ადამიანი თვალებში და გულწრფელად გაოცებული გეუბნება – „როგორ არ ხარ ნაცებთან/ქოცებთან, ჩვენთან არ ხარ ხომ ვხედავ აგერ და ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდა? ესე იგი იმათთან ხარ!“
ქვას გახეთქვას ისეთი არგუმენტია…
აგერ, ევროპაში საშინელი ომია გაჩაღებული… ბეწვზე ჰკიდია არამარტო უკრაინის არამედ საქართველოს და სრულიად თვისუფალი სამყაროც ბედიც და ჩვენი აზროვნება მაინც ნაც–ქოცურ ორგაზნომილებიან სივრცეს ვერ გაცდა… და ეს არის საშინელი ტრაგედია. არანაკლებ საშინელი ვიდრე თავად ომია. ბოლო ბოლო ომით მიყენებილ ტკივილს და ტრაგედიებს გრძნობ, ხედავ მაგრამ აზროვნებაში თუ გაქვს პრობლემა როგორ გინდა ეს დაინახო?
ამ ყველაფერში კი დამნაშავე არც მიშაა და არც ბიძინა, ეს ჩვენი, საზოგადოების დამსახურებაა. სიყვარულის უნარი დავკარგეთ! სიძულვილმა და აგრესიამ წალეკა ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ყოფა და აზროვნებაც კი….
სიბნელე როგორც რაიმე სიდიდე არ არსებობს. მისი გაზომვა შეუძლებელია. ბნელა იქ სადაც სინათლე არ არის… ასევეა სიყვარულიც. აგრესია სიძულვილი, შური, ბოღმა და ყველა ნეგატიური ემოცია არის სიყვარულის ნაკლებობის ან საერთოდ არ არსებობის შედეგი.
სიბნელეს კი ვერ მოვერევით აგრესიით. მას ვერ გავიტანთ ძალის გამოყენებით. სიბნელის გაქრობა მხოლოდ სინათლის შემოტანითაა შესაძლებელი. სწორედ ასე გვჭირდება სიყვარულის შუქის შემოტანა ჩვენს დღევანდელ საზოგადეობაში. ჩვენს ყოველდღიურობაში, ურთიერთობებში, საქმიანობაში და აზროვნებაში, რომ როგორმე გავნათვისფულდეთ სიძულვილის და აგრესიის უზარმაზარი დამანგრეველი ენერგიებისგან და სიყვარულით, რწმენით, კეთილსინდისიერებით ვაშენოთ უკეთესი მომავალი ყველამ ერთად საქართველოსთვის, უკრაინისთვის და სრულიად სამყაროსთვის.
ხვიჩა მებონია
წყარო: facebook
#славаукраїні 🇺🇦
#ერთადსაქართველოსთვის 🇬🇪