fbpx

სიკეთის ადამიანები

ავტორი დეა თავბერიძე
498 ნახვა

კარგი ამბავი მინდა მოგიყვეთ…

ამ ამბავს ბევრი გმირი ჰყავს, მაგრამ ისტორიის მოყოლა იმ კადრით მინდა დავიწყო, რომელიც დღეს უამრავჯერ დამიტრიალდა გონებაში, – სახეგაბადრული 8 წლის ბიჭუნა, გაბრწყინებული თვალებით და გულში ჩახუტებული ფერადი წიგნით.

– რას გეუბნება წიგნი? – ეკითხება მასწავლებელი.

– მიყვარხარო, – პასუხობს და თვალები ბედნიერებისგან უციმციმებს.

მოგვიანებით ამ ამბავს და სხვა ბავშვების სიხარულს ამ ისტორიის მთავარ გმირებს, – ნათიას და სოფოს ვუყვები. ისინი დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობენ. ნათია გერმანიაშია, სოფო შვეიცარიაში… ჰოდა, დღეს ბავშვებთან ჩემი ვიზიტი და მათი ფერადი წიგნებით გახარება ამ ემიგრანტი ქალბატონების დამსახურებაა, – ბედნიერების ელჩად“ მაქციეს 🥰 ✨✨✨✨

დღეს, ერთ-ერთ დღის ცენტრში ვიყავი სტუმრად. ხვალ სხვა პატარებთან მივდივარ, ზეგ სხვებთან…

ამჯერად 100 ბავშვს გავახარებ.

იმ წიგნების ავტორი, რომლითაც პატარები დავასაჩუქრეთ სოფო ფოცხვერაშვილია, ემიგრანტი, საოცარი ისტორიით. წლების განმავლობაში ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდა და თავის ლექსების კრებულს ემიგრანტ ბავშვებს ჩუქნიდა. ახლა ზღაპრების წიგნზე მუშაობს, რომელიც დასაბეჭდად მზად არის… ამიტომ გადაწყვიტა უკვე დაბეჭდილი წიგნები თვითღირებულების ფასად გაიყიდოს, რომ ახალი გამოსცეს …

ეს ამბები ნათია ხარებაშვილთან  საუბრისას გამახსენდა… რამდენიმე დღეში კი წერილი მივიღე, ნათია მწერდა – გადავწყვიტე საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის სოფოს წიგნები შევიძინო, მეგობრებსაც ჩავრთავ, პატარებსაც გავახარებთ და ცოტაოდენ წვლილს ახალი წიგნის გამოცემაშიც შევიტანთო …

ამ კეთილმა საქმემ მომიყვანა იმ დღის ცენტრში, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან ბავშვები. სიხარულით შემეგება ცენტრის დამფუძნებელი ქალბატონი ნინო ქუმსიაშვილი.

ჩემი “პატარა მეზღაპრეები”, – ასე ეძახის ბავშვებს და მათ გაკეთებულ პროექტებზე მიყვება. ჯერ პატარა ბიბლიოთეკარი გოგონა მაოცებს, მერე კი ბავშვების მიერ შექმნილი საოცარი ხელნაკეთი ნივთები.

მაოცებს ასევე კეთილი ამბები კარგ ადამიანებზე, ამდენ სიკეთეს მართლა არ ველოდი.

დაუსწრებლად გავიცანი და შევიყვარე “ოქროს ბიჭი” გიორგი, რომელსაც თურმე თავისივე მსგავსი ოქროს მეგობრები ჰყავს და აქ მყოფ პატარებს ხშირად ახარებს. მისი სახელი ბევრ სხვადასხვა კეთილ საქმეს უკავშირდება, ამიტომ დღეს უამრავჯერ ახსენეს. ასე დაუსწრებლად გავიცანი ხატიაც, რომელსაც აქვე გვერდით სილამაზის სალონი აქვს და ყოველ სექტემბერს პატარებს ამ სალონში ალამაზებს. “გავიცანი” კეთილი ინკოგნიტოც, რომელმაც ბავშვებს ტენისის მაგიდა მოუტანა საჩუქრად; გოგონა, რომელმაც უზარმაზარი სათამაშოებით გაალამაზა ცენტრი; ბატონი ნუგზარი, რომლის დამსახურებითაც ცენტრალური გათბობა აქვთ ბავშვებს; დეპუტატი, რეზი სოხაძეც, რომელსაც ასე ემადლიერება ქალბატონი ნინო, – ჩვენი საუკეთესო მეგობარიაო…

აქ თურმე ყველა ავეჯი კეთილი ადამიანების საჩუქარია …

“ყველას მადლობას ვუხდი ვინც ამ კარს შემოაღებს, თითოეული მათგანი ჩვენი ცენტრის ელჩია და ერთი მაინც თუ დაგვიბრუნდება უკან, ეს არის ძალიან დიდი საქმე”, – ამბობს ქალბატონი ნინო, ყველაზე მთავარი ელჩი, რომელმაც ამდენი კარგი ადამიანი შემოიკრიბა.

ჰოდა, მომინდა თქვენთვისაც გამეცნო ეს ადამიანები და ასე გადამეხადა მათთვის მადლობა, იმ ჩუმი სიკეთისთვის, რომელსაც გულით აკეთებენ.

ვაბედნიეროთ ერთმანეთი ❤️

მადლიერება თქვენ სიკეთის ადამიანებო 🙏

დეა თავბერიძე

ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთები

მსგავსი სტატიები

Leave a Comment