თუ გაინტერესებს როგორ უნდა დაგეგმო და განავითარო ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, თუ გსურს ისწავლო სოციალური მედიების მართვა, დაამყარო მნიშვნელოვანი კავშირები და ჩაერთო სასარგებლო ურთიერთობებში, გაეცანი ამ სტატიას.
ამ თემებზე სასაუბროდ BPN Georgia -ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს ანა აივაზიშვილს ვეწვიეთ.
-ანა, რამდენი ხანია რაც BPN Georgia-ში ხართ, რა სერვისებს სთავაზობს თქვენი კომპანია ქართველ მეწარმეებს?
-BPN Georgia-ში 2017 წლიდან ვარ. ეს პატარა დრო არ არის. ამ წლების მანძილზე სამსახურში ყოველდღე დიდი სტიმულითა და მოტივაციით მივდივარ, რადგან ვიცი იქ ვარ, სადაც ბევრი მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მახარებს, რომ მათ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით განვითარებაში, მათ მიერ გადადგმული ყოველი თუნდაც პატარა ნაბიჯი, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა.
ჩვენი პროგრამა, რომელსაც 25 წლიანი ისტორია აქვს და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, გრძელვადიანია და მასში ჩართულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ: ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისაგან; დაესწრონ მათთვის რელევანტურ ბიზნეს სემინარებს/ვებინარებს; (მაგალითად, როგორ უნდა დაგეგმონ და განავითარონ ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, სოციალური მედიების მართვა და ა.შ. ) დაამყარონ სასურველი კონტაქტები. მოგეხსენებათ, ნეთვორქინგი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
გარდა იმისა, რომ ჩვენ პროგრამის მონაწილეებს მხარს ვუჭერთ საკუთარი ბიზნესების განვითარებაში, ამავდროულად შესაძლებლობას ვაძლევთ, ნეთვორქინგის ფარგლებში თავადაც გახდნენ მაგალითები და ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ. ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო და მამოტივირებელი პროცესია.
ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ პროგრამაში ჩართული ბიზნესების ცნობადობა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებთ პუბლიკაციებს, რომელთა განთავსება ხდება, როგორც BPN Georgia-ს პირად და პარტნიორი კომპანიების(მაგ. Jolo.ge) სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ბეჭდურ მედიებშიც. მოგეხსენებათ, ვიდეო რგოლის გადაღება დამწყები ბიზნესებისთვის ფუფუნებასთან ასოცირდება, საწყის ეტაპზე მათ ნაკლებად აქვთ ამის შესაძლებლობა. ამ მიმართულებითაც ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, პროგრამის ფარგლებში მონაწილეების შესახებ ვაქვეყნებთ ბლიც ინტერვიუებს, ვუქმნით საიმიჯო ვიდეო რგოლებს, ვუღებთ ბიზნეს ფოტოებს. მინდა ხაზი გავუსვა, იქიდან გამომდინარე, რამდენად აქტიურია თვითონ პროგრამის მონაწილე, შესაბამისად მეტი სარგებელს იღებს BPN Georgia-საგან.
-როგორც ვიცი, წინასაახალწლო ღონისძიებას უმასპინძლეთ, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ღონისძიება?
-ყოველი წლის ბოლოს BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეებისთვის დამაგვირგვინებელი შეხვედრა იმართება. დამსწრეებს შესაძლებლობას ვაძლევთ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ საკუთარი გამოცდილებები, გაიცნონ ერთმანეთის სერვისები და პროდუქტები. წინასაახალწლო ღონისძიებაც ნეთვორქინგის გაფართოებას ემსახურებოდა, მიზანი იყო კავშირების დამყარება-გაღრმავება და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმა.
შეხვედრის ფარგლებში პროგრამის ორმა მონაწილემ: ნიკა გეთიაშვილმა (აგრო ბიზნესი, კომპანია „შაბრო“) და დავით ზაქარაიამ (ქეითერინგი „დელიკატო“) საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრეებს, ისაუბრეს თუ რა გამოწვევები ჰქონდათ მიმდინარე წელს და როგორ შეძლეს მათთან გამკლავება.
გვაქვს სპეციალურად შედგენილი ფორმულარები, სადაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, თუ რას ისურვებდნენ პროგრამის ფარგლებში და რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მეგობარი ბიზნესების განვითარებაში. თავადაც აჟღერებენ, თუ რა მიმართულებით შეუძლიათ ერთმანეთის თანადგომა. რა შეღავათებით შეუძლიათ შესთავაზონ ერთმანეთს საკუთარი სერვისები და პროდუქტები.
პროგრამის მონაწილეებისთვის ორგანიზდება დახურული ფოკუს ჯგუფებიც, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ 10-15 კაციან ჯგუფში დატესტონ საკუთარი პროდუქტი/შეთავაზება.
ანალოგიურად დახურული ღონისძიებების ფარგლებში პროგრამის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებენ. ამის კარგი მაგალითი იყო მასტერკლასი პატარა ჯგუფისთვის, სადაც პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ – ჩოკომიას დამფუძნებელმა, მაია რატიანმა, გასაგები ენით აუხსნა კოლეგებს, თუ როგორ უნდა შეავსონ ყოველთვიური დეკლარაცია. ჩვენი მიზანია, BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეებისთვის კიდევ უფრო ხშირად გაიმართოს მსგავსი ღონისძიებები, სადაც ისინი საკუთარი გამოცდილების გაზიარებით სხვა ბიზნესების განვითარებაში წვლილს შეიტანენ.
-რამდენმა ბიზნესმენმა და რა ტიპის ბიზნესებმა მიიღეს მონაწილეობა, რა სახის პროდუქტი ან სერვისი წარმოადგინეს?
-BPN Georgia-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დიდია, მაგრამ მიღება ლიმიტირებულია, წლის ჭრილში მაქსიმუმ 20 ახალი მონაწილის შერჩევა ხდება. პროგრამით დაინტერესებული ბიზნესები ავსებენ ბიზნეს გეგმას, რომლის დამუშავება და განხილვა ჯერ ადგილობრივ შემდეგ კი შვეიცარიელ ექსპერტთან ხდება. კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება, გახდება თუ არა კონკრეტული ბიზნესი გრძელვადიანი პროგრამის მონაწილე. დღევანდელი მონაცემებით ჩვენი პროგრამა ასზე მეტ მეწარმეს აერთიანებს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქცია. ძირითადად ხელნაკეთი პროდუქტები წარმოადგინეს ჩვენმა მეწარმეებმა. მაგალითად; ხის სათამაშოები, თმის, კანის მოვლის საშუალებები, ხელნაკეთი საპნები, სანთლები, პარფიუმერია, რომელიც მანქანისთვის არის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტები, წიგნები, ქართული ხელნაკეთი შოკოლადები და ა.შ. იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სერვისის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ნეთვორქინგის ფარგლებში ერთმანეთს სპეციალური შეთავაზებები გაუკეთეს.
გარდა იმისა, რომ წარმოდგენილმა ბიზნესებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, საჭირო კავშირები დაამყარეს, ღონისძიებაზე მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გამოფენა-გაყიდვაში მიეღოთ მონაწილება, სადაც როგორც პროგრამის მონაწილეებს, ისე გამოფენა-გაყიდვაზე მობრძანებულ სტუმრებს, შეეძლოთ სასურველი პროდუქციის შეძენა. ამ გზით გვინდოდა წინასაახალწლოდ გაყიდვები წაგვეხალისებინა, რასაც არაჩვეულებრივი შედეგი მოჰყვა.
-რა შეღავათებს იღებენ წევრები ერთმანეთისგან?
-ეს უკვე ინდივიდუალურად თანხმდება, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისთვის აქვთ ფასდაკლებები საკუთარ პროდუქტებსა თუ სერვისებზე, სხვა გარკვეული შეღავათებიც. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეღავათის ფორმას თავად განსაზღვრავენ. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზეც ფაქტობრივად “შავი პარასკევი” მოუწყვეს ერთმანეთს.
-თქვენი აზრით, მიკრო/მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები რატომ უნდა გახდნენ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეები?
-მიზეზი მარტივია, პროგრამაში ჩართვის შემდეგ მალევე ხვდებიან, თუ რა მიმართულებით უნდა წარმართონ ბიზნესი. მათ იციან, როგორ შექმნან პროდუქტი, ჩვენ კი ვასწავლით, როგორ მართონ ბიზნესი. ინდივიდუალურ ქოუჩინგებსა და საინტერესო და აქტუალურ ბიზნეს სემინარებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება ეხმარებათ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და წარმატებით მართონ საკუთარი საქმიანობა.
ჩვენ, ასევე ვთავაზობთ ექსპერტის ტექნიკური მხარდაჭერის სერვისს. ამ სერვისის მისაღებად მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. წვდომა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროგრამის მონაწილეს აქვს და რაოდენობაც ლიმიტირებულია. ექსპერტის მოძიებას, ჩამოყვანას აორგანიზებს BPN Georgia, მას შემდეგ რაც საწარმოში იდენტიფიცირდება კონკრეტული გამოწვევა, რომელთან გამკლავებაშიც ექსპერტის ჩართულობაა საჭირო. შვეიცარიელი ექსპერტი საჭირო დროით ადგილზე ერთვება კონკრეტულ პროცესებში და მეწარმეს უწევს კონსულტაციას აქტუალურ თემასთან დაკავშირებით.
პირადად მე, გარდა იმისა, რომ BPN Geogia-ში გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი ვარ, ვარ ასევე ქოუჩი, ვატარებ სემინარებს. პროგრამის მონაწილეებს ჩემგანაც შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია – ქოუჩინგები, ტექნიკური მხარდაჭერა სოციალური მედია მარკეტინგის თემასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ბაზრისთვის ძალიან იშვიათია. ეს ყველაფერი როგორც მცირე ისე საშუალო ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
-ახალი წლისთვის რა გეგმები გაქვთ BPN Georgia-ში, რას უნდა ელოდნენ მეწარმეები თქვენგან?
-წინა საახალწლო ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს საკუთარი სურვილების დაფიქსირება ვთხოვეთ, თუ რას ისურვებდნენ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, მათ მიერ ფერად ფურცლებზე დაფიქსირებული სურვილები მაქსიმალურად მოვიყვანოთ სისრულეში. გარდა ამისა, მომდევნო წლისთვის გეგმაში გვაქვს კიდევ უფრო მეტი უცხოელი ექსპერტი მოვიწვიოთ საინტერესო თემებით, როგორც სემინარების ასევე მაგ. პანალური დისკუსიის ფორმატში. დავაორგანიზებთ ჩვენი პროგრამის მონაწილეებისთვის საჭირო და საინტერესო ბევრ შეხვედრას, სადაც თვითონაც კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან და შესაბამისად უფრო მეტ სარგებელსაც ნახავენ. ასე რომ შემოგვიერთდით და თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს.
ავტორი: ნინო გონგაძე
გახდი BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,
დაგვიკავშირდი: 599 87 93 41