მუსიკოსი, პიანისტი და ჯგუფ “ნიუტონის” ვოკალისტი თამუნა ბაბილუა საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდსმენი გახდა. მუსიკოსი ოცდახუთი საათის განმავლობაში, საათში ხუთ წუთიანი შესვენებით, უკრავდა ფორტეპიანოზე. მთელი ამ დროის მანძილზე თამუნას მეგობრები მხარში ედგნენ, ამხნევებდნენ და რიგრიგობით მორიგეობდნენ მასთან.
– თამუნა, როგორ ემზადებოდი ამ რეკორდისთვის, რა იყო შენი ინსპირაცია?
-2015 წელს იუთუბში ვნახე მუსიკოსის ბეის პიტერსის ვიდეო, შემდეგ ვნახე მისი ისტორია, ის იყო გინესის რეკორდსმენი. შევედი გინესის რეკორდების ვებ გვერდზე და მოვიძიე ინფორმაცია თუ რა რეკორდები იყო მოხსნილი ფორტეპიანოზე დაკვრაზე. ყველაზე ხანგრძლივი იყო ოცდაორი საათი და ათი წუთი. მე დავისახე მიზნად, რომ ოცდახუთი საათი დამეკრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ვერ განვახორციელე. სწორედ ამ მონაკვეთში დამასწრო ინდოელმა მუსიკოსმა, რომელმაც მოხსნა მსოფლიო რეკორდი, ეს იყო ას ოცდაშვიდი საათი და რვა წუთი. მე ვაპირებდი ამ რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ ჩემი ექიმის მოსაზრებით, ეს ჩემთვის სახიფათო იქნებოდა. გადავწყვიტე მაინც არ დამეხია უკან და მოვხსენი საქართველოს ეროვნული გინესის რეკორდი.
-არ გაგიჭირდა ოცდახუთი საათი ფორტეპიანოსთან ჯდომა?
-რათქმაუნდა რთული იყო, მაგრამ როცა მიზანს დაისახავ უკან არ უნდა დაიხიო. თორმეტ საათიანი დაკვრის შემდეგ, მინდოდა სწრაფად მომესწრო წყლის დალევა და ამ სიჩქარეში კარებში მომყვა თითი და შემდეგი ცამეტი საათი ოთხი თითით ვუკრავდი. მაინც გადავლახე, მეგობრები არ მტოვებდნენ არცერთი წუთით.
-შენ კიდევ აპირებ რეკორდის დამყარებას. გვითხარი რა რეკორდია ეს?
-შემდეგი რეკორდის დამყარებას ვაპირებ ოც ივლისს. ეს იქნება ერთ წუთში ყველაზე მეტჯერ აღებული ერთი ნოტი. ეს რეკორდი დამყარებულია ბეის პიტერსის მიერ და შეადგენს წუთში შვიდას სამოცდახუთჯერ აღებულ ნოტს. მე ვაპირებ, რომ ეს რეკორდი გავაუმჯობესო.