ყველა, ვისაც კი საკუთარი თავის განვითარება სურს, (როგორც მენტალურად, ასევე სულიერად) აუცილებლად უნდა გაეცნოს „ტრანსფორმაციის გზას“.
ეს არის წიგნი, რომელშიც თავმოყრილია პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საკუთარი თავის აღმოჩენასა და ცნობიერების გაფართოებაში გვეხმარება.
„ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა.
ამ წიგნიდან მკითხველი ვერ წაიღებს ჩვენს აზრებს და ფრაზებს, ის დაინახავს საკუთარს, აღმოაჩენს შინაგან ძალას და ცოდნას, როგორ გაიკვლიოს გზა, რომელიც სულის, სხეულის და გონების ტრანსფორმაციამდე მიიყვანს.“- მეუბნება წიგნის შექმნის იდეის ავტორი სოფიკო ფიცხელაური. მან ამ წიგნზე მეგობართან და თანაავტორთან- თამარ ფცქიალაძესთან ერთად იმუშავა.
სოფიკო პროფესიით მარკეტოლოგია, ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ამავე სპეციალობით, უცხოეთში ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსიც აქვს მინიჭებული. წერს სამეცნიერო სტატიებს და ატარებს საერთაშორისო დონის კვლევებს. მუშაობს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში, სამეცნიერო საქმიანობის კოორდინატორად. მას ძალიან უყვარს თავის სამსახური და გამოკვეთილად ამბობს, რომ ადამიანი უნდა მუშაობს ისეთ გარემოში, რომელიც მას ავითარებს, ახალ ცოდნას და გამოცდილებას აღებინებს.
-სოფიკო, საიდან გაჩნდა მსგავსი თემატიკის წიგნის დაწერის იდეა, რა ცოდნას და გამოცდილებებს მოუყარეთ თავი თანაავტორთან ერთად?
-ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წერა. ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს. ყოველთვის თან მდევს რაღაცის შექმნის და დაწერის შინაგანი ძახილი.
მე და თამარმა, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ინდივიდუალობაზე, რომლის საშუალებითაც შევძელით, ჩვენი უნარები გამოგვეყენებინა საერთო საქმის განსახორციელებლად. „დიდ ეკრანზე“ დავინახეთ ის, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო ერთობლივად.
რაც დრო გადიოდა, მით მეტ ინფორმაციას ვიღებდით სამყაროს კანონებზე და საკუთარი თავის შეცნობის შესახებ. ჩვენი ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფიზიკის, კვანტური ფიზიკის, კვანტური ფსიქოლოოგიის, სისტემური განლაგების გაცნობასა და ანალიზსს. წლების განმავლობაში სხვადასხვა მენტორის დახმარებით ვიღებდით ცოდნას და გამოცდილებას.
2022 წელს ერთმანეთს გავუმჟღავნეთ, რომ გვაქვს ჩანაწერები და გვინდოდა მისი წიგნად გამოცემა. როდესაც გავეცანით ერთმანეთის ნაწერებს, მივხვდით, რომ ისინი უნდა გაგვეერთიანებინა და ერთ წიგნად გვექცია. საკუთარ თავზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გავეცანით ცნობილი ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და უამრავ ლიტერატურას, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები მაინც ბევრი გვრჩებოდა. ერთი შეხედვით, თითქოს ახლოს ვიყავით პიროვნულ განვითარებასთან, რომელსაც შინაგანი „გამოღვიძება“ ჰქვია, მაგრამ გონების ჩართულობით არ „ვუსმენდით“ ჩვენს შინაგან ხმას. საკუთარ თავთან კონტაქტი შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც გონებისგან წამოსული ლოგიკური აზრების მნიშვნელობამ შემცირება დაიწყო, ანუ გონებაში არსებულმა „ხმაურმა“ იკლო და ნელ-ნელა დაიცალა ფიქრებისგან.
ადამიანი შინაგან სიმშვიდეს და ძალას აქამდე მისასვლელად სხვისგან ვერ სწავლობს. წიგნში ვერ ნახავთ სხვის შთამბეჭდავ აზრებს და იდეებს, რომლებიც მკითხველს სიმშვიდისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი თქვენშია, ჩვენშია და სწორედ ამ „გამოღვიძებულ“ რესურსზე ვსაუბრობთ.
– რა არის წიგნის მიზანი და რა კატეგორიის მკითხველისთვის იქნება საინტერესო?
– წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრების სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია.
როდესაც რაიმე ახალს ვქმნით, იქნება ეს წიგნი თუ მეცნიერული გამოგონება, მნიშვნელოვანია, ცნობიერების მაღალი სიხშირე. განვითარებულ ინტელექტთან ერთად თუ არ არის მაღალი ცნობიერება, შესაძლოა, შექმნილი პროდუქტი საზიანოც კი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. წერის პროცესში ძალიან ბევრს ვფიქრობდი მაღალი ინტელექტისა და მაღალი ცნობიერების კომბინაციაზე, თუ აქამდე ეს ინფორმაცია ჩემს გონებაში მხოლოდ ფუნდამენტური სახით იყო, ახლა დავრწმუნდი ამ კომბინაციის დადებით შედეგზე.
წიგნში მთავარ ნაწილს დავარქვი – ტკივილი, წარმატების საწინდარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ტკივილი, მარცხი, წარუმატებლობა არის რესურსი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმატების საწინდრად. ამ თავში ცხოვრებისეული სიტუაციები მაქვს ჩადებული და მკითხველისთვის მხატვრული ფორმა მივეცი. მე თუ შევძელი და ჩემმა თანაავტორმა თუ შეძლო საკუთარ თავზე ღრმა მუშაობა და ნებისმიერი განსაცდელის დაძლევა, უკვე თავისუფლად შემიძლია თქმა, რომ ეს ყველა ადამიანს შეუძლია.
–თუ არის წიგნის მკითხველზე ასაკობრივი შეზღუდვა?
-წიგნი საინტერესო იქნება იმ კატეგორიის ადამიანისთვის, ვინც აცნობიერებს იმას, რომ უნდა პიროვნული ზრდა-განვითარება. ასევე ვინც აცნობიერებს იმას, თუ რამდენად ხელს უშლის დასამუშავებელი დესტრუქციული პროგრამების (წყენა, პრეტენზია, ბრაზი, შიში, მსხვერპლის როლი, დანაშაულის შეგრძნება და სხვა) არსებობა ცხოვრებაში. ეს გაცნობიერება ადამიანს შეიძლება მოუვიდეს როგორც ორმოცდაათი წლის ასაკში, ასევე უფრო ადრეულ ასაკში ან/და ორმოცდაათი წლის შემდეგ. ეს საკითხი იმდენად ინდივიდუალურია, რომ ჩვენს წიგნს ასაკობრივი შეზღუდვა არა აქვს.
-რა შეიცვლება ჩვენში წიგნის წაკითხვის შემდეგ, რა ცოდნას მოგვცემს, რას გვაპოვნინებს და რას აღმოგვაჩენინებს?
– ყველა ადამიანი უნიკალურია, მთავარია ამ ყველაფრის გაცნობიერება შევძლოთ. ჩვენი ამოცანაა ის მთავარი ძალა, რესურსი და უნარი, რაც ჩვენს შიგნით არის ზედაპირზე ამოვიტანოთ. მკითხველი წიგნიდან ისწავლის საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარების და საკუთარი თავის სიღრმისეულად შესწავლის მეთოდებს. როგორც უსწავლელ ადამიანს შეუძლია მოინდომოს და წერა-კითხვა ისწავლოს, ასევეა შესაძლებელი ყველა ჩვენთაგანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდეთ. გამორიცხულია სხვაგან და სხვაში დავინახოთ ჩვენი ბედნიერება, სიხარული, პოზიტიური დამოკიდებულება, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს შიგნით, შინაგან ბუნებაში, საკუთარ თავთან ჰარმონიაში.
როგორც კი, გავაცნობიერებთ ადამიანები, რომ ის უდიდესი „განძი“, რომელიც სამყაროსგან გვაქვს მიღებული, თუნდაც ჩვენი რთული გამოცდილება, მარცხი, ტკივილია, რომლითაც ჩვენ განვვითარდით, გამოცდილება მივიღეთ და ცნობიერება გავაფართოვეთ, ამის შემდეგ უკიდეგანო შესაძლებლობების კარები იხსნება. ადამიანმა გამოსავალი გარე სამყაროში არ უნდა ეძებოს, მაშინ, როცა ყველაფერი ჩვენს შიგნითაა. რაც შიგნით ხარ, ის ხარ გარეთ, თუ შიგნით არ იცი ვინ ხარ, ასევე გზააბნეული და დაკარგული იქნები გარესამყაროში. ამიტომ მთავარია ჯერ შინაგანი სამყაროდან დავიწყოთ ტრანსფორმაცია და შემდეგ გავიდეთ გარესამყაროში. წიგნში ამ საკითხზე ჩვენ ძალიან სიღრმისეული მინიშნებები გვაქვს, რომელსაც ჩვენი პირადი გამოცდილება და ხედვა დავამატეთ.
წიგნიდან მკითხველი ვერ წაიღებს ჩვენს აზრებს და ფრაზებს, ის დაინახავს საკუთარს, აღმოაჩენს შინაგან ძალას და ცოდნას, როგორ გაიკვლიოს გზა, რომელიც სულის, სხეულის და გონების ტრანსფორმაციამდე მიიყვანს.
-ერთ-ერთ პოსტში თქვენ მადლობას უხდით მენტორებს: თამარ კვარაცხელიას, მოქშა ფეიქარსა და დიანა ახვლედიანი-ვორონინას, რა წვლილი მიუძღვით მათ „ტრანსფორმაციის გზის“ შექმნაში და რა შეფასება მიიღო წიგნმა ამ ადამიანებისგან?
-ეს ის სამი გამოკვეთილი მენტორია, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ მიგვეღო მნიშვნელოვანი ცოდნა. ჩვენ მათ სამადლობელი როლი მივანიჭეთ წიგნში. დიანა ახვლედიანი-ვორონინასთან შევისწავლეთ კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია და კვანტური ფსიქოლოგია. თამარ კვარაცხელიასთან აქტიურად ვიმუშავეთ ცნობიერების გაფართოვების მიმართულებით, რომელმაც გამოაღვიძა ჩვენში მთავარი უნარები. მოქშა ფეიქართან კი სისტემური განლაგება შევისწავლეთ, სიღრმისეულად ჩავუფიქრდით თუ რა როლი აქვს ჩვენს იერარქიას ჩვენსავე ცხოვრებაზე. წიგნის წაკითხვის შემდეგ, მათგან გვაქვს გულწრფელი გამოხმაურებები, მათ თავის აუდიტორიასთან ობიექტურად ისაუბრეს ჩვენი წიგნის მიმართ რა შეხედულება და უკუკავშირი აქვთ. ახლა გამახსენდა თამარ კვარაცხელიას კომენტარი, რომელიც ორი დღის წინ გააკეთა, თავის საავტორო ტრენინგზე ზრდის ფაქტორში, მან ასეთი მინიშნება გააკეთა: ამ წიგნში, ფაქტობრივად ყველაფერია თავმოყრილი, რომელიც ადამიანს დაეხმარება პიროვნულ განვითარებაში, ამ წიგნში ავტორებს ჩადებული აქვთ საკუთარი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, მათ ფუნდამეტურად და აკადემიურად გადმოსცეს ძირითადი საკითხები. სრულიად თავისუფლად ვუწევ რეკომენდაციას, რომ „ტრანსფორმაციის გზა“ გახდეს მკითხველის სამაგიდო წიგნი. მე თვითონ ვკითხულობ და ვიცი რამდენად კარგად და მარტივად გასაგები ენით აქვთ დაწერილი ეს ყველაფერი. მან გამოყო ის ძირითადი საკითხები, თუ რატომ უნდა წაიკითხოს წიგნი მკითხველმა.
-უნდა ისწავლებოდეს თუ არა მსგავსი თემები სკოლაში?
– უნდა ისწავლებოდეს სკოლის დამამთავრებელ კლასებში. საკუთარი თავის მიღება, სიყვარული და ამოცნობა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს. რა არის საკუთარი თავის სიყვარული?! გიყვარდეს და პარალელურად ავითარებდე მას. მიყვარს ჩემი თავი და ვიღებ ისეთს, როგორიც არის, მაგრამ მინდა რომ ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. ყველაფერი საკუთარი თავის მიმღებლობით და რწმენით იწყება. ადამიანს აქვს უნარი, რომ ცხოვრება შევცვალოს უკეთესობისკენ. საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული კი ამ ყველაფრის საწინდარია. სკოლის ასაკიდანვე უნდა იცოდეს ადამიანმა, ცნობიერების დონეები, სამყაროს კანონები, დედამიწის განზომილებები, რომ შემდგომ უფრო მარტივად და გააზრებულად მიუდგეს თავის ცხოვრებას.
-„2023 წლის 2 თებერვალს, სამყაროში გავაჟღერე, რომ ამავე წელს წიგნს გამოვცემდი მეგობართან თამართან ერთად. ერთობლივი მიზანი მიღწეულია.“ როგორ ხდება სამყაროში სურვილის სწორად გაჟღერება?
-სამყაროში სურვილის გაჟღერება ხდება მისი კანონების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ეკოლოგიური და არ უნდა აზიანებდეს სხვას. ეკოლოგიურობის დაცვა აუცილებელია. როდესაც აჟღერებ, რომ მხოლოდ შენთვის, ეგოისტურად გინდა რაღაც, ცალსახად ასე არ უნდა მივუდგეთ, მიზანი სასარგებლო უნდა იყოს როგორ შენთვის, ასევე სამყაროსთვისაც. მე მინიშნება მქონდა ჩემი შინაგანი სამყაროსგან, რომ 2023 წელს უნდა გამოცემულიყო წიგნი, ლოგიკური აზროვნება ჩავხსენი, ჩემს შინაგან ხედვას მივყევი და ისე გავუშვი სამყაროში სურვილი. ზუსტად ოცდაათ დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ჩემი სურვილი ახდა, როდესაც გამომცემლობიდან დამირეკეს და მითხრეს რომ წიგნი დაიბეჭდა, ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი შეგრძნება. წიგნის დაწერას წინ უძღვის ინტენსიური მუშაობა. წიგნისთვის მუზა მომდიოდა დილით, გარიჟრაჟზე, სანამ გათენდებოდა და ათი თვის განმავლობაში ამ გრაფიკით ვიმუშავე. მარტივი არაა ათ თვეში წიგნის დაწერა თანაავტორობით და შემდგომ მისი ორთვიანი ინტენსიური რედაქტირება ზაალ ჩხეიძესთან ერთად, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ თანაავტორი ცხოვრობს უცხოეთში და ჩვენ ონლაინ ფორმატში, დროის სხვაობის გათვალისწინებით ვმუშაობდით ერთობილ ნაწილზე.
2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა ასევე ჩემი ღვინის წარმოებისთვის. ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ხოდაშენში, საოჯახო მარანი გვაქვს, უძველესი ვენახით, ერეკლე მეფის დროინდელი ყურძნის ჯიშიც გვაქვს შემონახული. ვაწარმოებთ – საფერავის, ქისის, ხიხვის, რქაწითელის, მწვანეს ყურძნის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოებს, ახლახანს სხვა ჯიშებიც შემოვიტანეთ. ჩემი ძმა დავითი, არის მთავარი მეღვინე. ენოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებდა, ბოლო წლებში, მეც მივიღე გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით. როდესაც თავისუფალ დროს გამოვნახავდი მაშინვე კახეთში მივდიოდი და ამ საქმითაც ვიყავი დაკავებული. 2023 წელს ჩვენი ღვინო სამარკო ნიშნით- „ფიცხელას მარანი,“ რეალიზაციაში გავუშვით და იყიდება ჯერ-ჯერობით ქართულ ბაზარზე, “8000 მოსავალში”, “ღვინის ბირჟაზე” და სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში. მის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ. ღვინოს ვუნარჩუნებთ ცოცხალ, ბუნებრივ გემოვნურ თვისებებს და ვამზადებთ გამორჩეული ტექნოლოგიით. კარგი ღვინის შესაქმნელად ტექნოლოგიის და გამოცდილი მეღვინის პარალელურად არის უმაღლესი ხარისხის ყურძენი, რომელიც გვაქვს საკუთარი წარმოების და სწორედ ამ ყველაფრის კონბინაცია აძლევს ღვინოს დახვეწილ გემოვნურ თვისებებს. მე და ჩემი ოჯახი იმ მთავარ ენერგეტიკას, რაც ამ პროდუქტში უნდა ჩაიდოს არ ვაკლებთ და დიდი ენთუზიაზმით ვუდგებით ამ საქმეს.
-აუცილებელი თვისებები წარმატების მისაღწევად.
-ყველაზე ძირითადი არის მიზნის სწორად დასახვა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და შინაგანი სიმშვიდის შემუშავება. საკუთარი თავის და სამყაროს ნდობა. ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. გარკვეული უნარები უნდა გამოვიმუშაოთ და ქმედებაში გადავიყვანოთ.
-სამოტივაციო ფრაზა.
-ფრაზა, რომელიც წიგნშიც შევიტანე, განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემს მთავარ სათქმელს ამბობს: „ნებისმიერ „გამოღვიძებას“ წინ უძღვის წარუმატებლობა და ტკივილი, რომელიც გვაძლევს ძალას და მოტივაციას, განვიცადოთ სულიერი ევოლუცია და ვიაროთ წინ – ტრანსფორმაციისკენ. როგორც კი რაიმე სახის სევდა დაისადგურებს შენში, გახსოვდეს, ეს წინაპირობაა სიმშვიდის, გაიარე მასში და გახსენი ახალი შესაძლებლობების კარი“.
-როგორ მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს?
-ადამიანი შინაგანი სიმშვიდით აღწევს როგორც ფიზიკურ და გონებრივ, ასევე სულიერ განვითარებას. შინაგანი სიმშვიდით ადამიანი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გადადის მაღალვიბრაციულ მდგომარეობაში, აკვირდება საკუთარ ემოციებს, ფიქრებს და ქმედებებს. აღმოაჩენს, რომ მის შიგნით არსებობს რაღაც უფრო ძლიერი, რაც პიროვნულ თვისებებზე, ემოციებზე და ფიქრებზე მეტია.
ყოველდღიურ/რუტინულ ცხოვრებაში ადამიანს უწევს ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს, უნდა გავზარდოთ ჩვენი ვიბრაციული სიხშირე მადლიერებით, უპირობო სიყვარულით და მიტევებით.
თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა განსაცდელი, რომელმაც ძლიერი ფიზიკური, მენტალური, ემოციური და სულიერი ტკივილი მოგვაყენა და დაგვრჩა დანაშაულის შეგრძნება, ვიყავით დაბალვიბრაციულ სიხშირეზე, ვგრძნობდით ნეგატიურ ემოციებს. ასეთ დროს გამოსავალი არ არის „მსხვერპლის როლში ყოფნა“ და იმ ადამიანის ან/და სიტუაციის კრიტიკა, რომელმაც ტკივილი მოგვაყენა. უნდა მივიღოთ ცხოვრებისეული განსაცდელი „გაკვეთილად“, რომელიც დაგვეხმარება, გავძლიერდეთ ფიზიკურად, სულიერად, მენტალურად და ემოციურად.
-როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე?
-საკუთარ თავზე მუშაობისას, პირველად რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის მიზნის დასახვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ადამიანი თავად არის მოსწავლეც და მასწავლებელიც, მთავარია, მოახდინოს იმ ძალების და უნარების მობილიზება, რომლებიც დააკავშირებს ქვეცნობიერთან. ადამიანმა, საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს ის ჭეშმარიტი, მოქნილი და პროდუქტიული მექანიზმი, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში. ამ მექანიზმის აღმოსაჩენად კი აუცილებელია მოთმინებება.
უმაღლესი ცნობიერების განვითარება ხდება ნელ-ნელა და დიდი მოთმინებით. მთავარია, ვიყოთ მაღალი ცნობიერების „ნაკადში“ და ვაკვირდებოდეთ ირგვლივ არსებულ პროცესებს.
პირველი წინაპირობა, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, სანამ საკუთარი თავის ღრმად შესწავლას დაიწყებს, არის მენტალური, ემოციური და ფიზიკური დასუფთავება. „სავსე ჭიქაში წყალს ვერ ჩავასხავთ“. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ფიქრებისგან „გათავისუფლება“ და სუფთა ცნობიერებით ნაყოფიერ ნიადაგამდე „ჩასვლა“. ადამიანი თუ ასეთ „დასუფთავებას“ არ დაიწყებს, ის ძველი ცნობიერებით, ცოდნითა და გამოცდილებით გააგრძელებს გზას, ვერ დააღწვეს თავს „ჩაკეტილ წრეს“.
მთავარია, მივიდეთ იმ ეტაპზე, რომელსაც გამოღვიძება და ტრანსფორმაციის გზაზე დადგომა ჰქვია. ტრანსფორმაციის შემდეგ იწყება სამყაროს თავიდან დანახვისა და შეცნობის პროცესი. ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენ გარშემო დადებით მოვლენებზე, გვაბედნიერებს აქ და ახლა ცხოვრება.
-სოფიკო, თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამე.
-სამომავლო გეგმებში შედის წიგნის თარგმნა სხვადასხვა ენაზე, გვინდა საერთაშორისო მასშტაბით გავიტანოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს და გაიგებს ამ ინფორმაციას, სამყაროში კოლექტიური ცნობიერება უფრო მეტად გაფართოვდება.
სოციალურ ქსელში გვერდი შევქმენით- „ტრანსფორმაციის გზა“, სადაც წიგნიდან ამონარიდებს ვდებდი, ამ ჯგუფში ადამიანები თავისით ემატებოდნენ. შემდეგ, ამ ადამიანებისგან წამოვიდა ინტერესი და სურვილი, რომ მათთან ინდივიდუალურად გარკვეულ საკითხებზე გვემუშავა, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გაგვეზიარებინა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ოთხ მარტს, ოცდაერთდღიანი, საავტორო ტრენინგი დავაანონსეთ, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. პირველი, ეს იქნება საგვარეულო ენერგიებთან მუშაობა, მეორე სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა და მესამე ცნობიერების ამაღლება და გაფართოება. ტრენინგს გავუძღვებით მე და წიგნის თანაავტორი – თამარ ფცქიალაძე. მსურველი საკმაოდ ბევრია. ვგეგმავთ ინდივიდუალურ სესიებსაც, სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებულები.
ავტორი: ნინო გონგაძე
წიგნის შეძენა შეგიძლიათ, როგორც წიგნის მაღაზიებში (ბიბლუსი, ლიბრა, ლატერნა) ასევე ფეისბუქგვერდზე „ტრანსფორმაციის გზა“ : https://shorturl.at/gkG23
ონლაინ ვერსიის შესაძენი ლინკი – https://www.lit.ge/
ონლაინ მაღაზიებიდან შეძენა- https://veli.store/ და http://laterna.ge/