fbpx

“ვინც არ შეჩერდება მიზანს აუცილებლად მიაღწევს”…

ავტორი ჟოლო
851 ნახვა
0 კომენტარი
15

ნონა გონგლაძე – გელაშვილის პერსონა

პირველი უგემრიელესი ტორტი 11 წლისამ გამოაცხო და ირგვლივ ყველა აღაფრთოვანა…  მაშინ “ტორტების ოსტატი” შეარქვეს, ეს ისე, ხუმრობით… მას შემდეგ ცხოვრების დიდი გზა განვლო – სხვადასხვა პროფესიით, სხვადასხვა საქმიანობით…  თუმცა, დროდადრო ისევ ბავშვობაში, იმ პატარა გოგონასთან ბრუნდებოდა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა თავისი გატაცება…  ჰოდა, ისევ ისე დადებითად იმუხტებოდა, საოცარი ენერგიით ივსებოდა და მერე ამ ენერგიით დამუხტული გემრიელობებით სხვებიც აღტაცებაში მოჰყავდა…  ბოლოს, ეს ბავშვური გატაცება შემოქმედებად აქცია…  ახლა უკვე ძალიან ხშირად უმეორებენ – შენ ნამდვილი ოსტატი ხარ!

ნამდვილ ოსტატს ერთი დიდი ოცნება აქვს, უნდა საქართველოში მალე დაბრუნდეს, აქ საკუთარი „გემრიელი კუთხე“ მოაწყოს და სტუმრად მისულებს თავისივე გემრიელობებით გაუმასპინძლდეს…  – „ეს იქნება ადგილი, რომელიც მეც გამაბედნიერებს და სხვებსაცო“  – ამბობს ნონა გონგლაძე – გელაშვილი.

მიხვდით ალბათ, ჩვენი გმირი ემიგრანტია, მას საბერძნეთში დავუკავშირდი…

ნონა გონგლაძე: „ბავშვობიდან ესთეტი ვიყავი. ყველაზე მეტად ნამცხვრების ცხობა მიყვარდა. ჩემით ვიგონებდი რეცეპტებს. ვაცხობდი და თან ლამაზად ვრთავდი. პარალელურად, ეზოს ვალამაზებდი, ვრგავდი და ვუვლიდი ყვავილებს. მოგვიანებით, უკვე გააზრებულ ასაკში, ბავშვობის ორივე გატაცება გავაერთიანე და საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად ვირწმუნე.

კულინარია ჩემ ძირითად საქმიანობად ვაქციე, სადღაც, ბავშვობაში დარჩენილი ულამაზესი ყვავილები კი ე.წ. ,,ფონდანტით“ – ,, შაქრის ცომით“  ,,გავაცოცხლე“ და დავიწყე ტორტების ინდივიდუალური დიზაინით მორთვა“, ამ საქმიანობამ არაერთხელ გამომიყვანა რთული სიტუაციიდან. საბოლოოდ ვირწმუნე, რომ რასაც სიყვარულით, მონდომებით, მთელი გულით გავაკეთებთ, აუცილებლად გამოგვივა და სხვებსაც უდიდეს სიხარულს მივანიჭებთ

– ჩვენ, ყველა ბავშვობიდან მოვდივართო, – ამბობდა ეგზიუპერი…

– მართლაც ბავშვობიდან მოვდივარ და თანაც ულამაზესი ბავშვობიდან. ისტორიულ სოფელ ნაბახტევში დავიბადე. ევტეხი გონგლაძისა და ციალა სუთიაშვილი – გონგლაძის მრავალშვილიან ოჯახში. დედა სათნო და ღვთისნიერი ქალბატონია, რომელსაც ყველა ჩემ სიკეთეს ვმადლობ. მამამ, სამწუხაროდ, ადრე დატოვა წუთისოფელი. მშობლებს სამი გოგონა და ერთი ვაჟი  ვყავდით და რაკი უფროსი ვიყავი, ხშირად მიწევდა საოჯახო საქმეებში დახმარება. სახლის მოვლა, ცხობა, ბავშვების მიხედვა… ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებდი. ციცო ( ასე მიმართავენ დედას),  მასწავლიდა საოჯახო საქმეს და მეც დიდი ინტერესით ვითვისებდი, განსაკუთრებით, ნამცხვრების და ტორტების ცხობა მიყვარდა. ძალიან ცოცხალი და მოძრავი ბავშვი ვიყავი, რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი გამომდიოდა, ყველაფერში პირველი უნდა ვყოფილიყავი. ჩემი ეზოს ყვავილები უნდა გენახათ – საოცარი მზრუნველობით ვუვლიდი და ვახარებდი.

– მაშინ რაზე ოცნებობდით?

–  მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, რადგან ადამიანებზე ზრუნვა პატარაობიდანვე შევისისხლხორცე. წარმატებითაც დავამთავრე ჯერ სკოლა, შემდეგ გორის სამედიცინო სასწავლებელი. მაგრამ ძალიან ადრე გავთხოვდი, სწავლა ვეღარ გავაგრძელე და ჩემი ექიმობა აღარ გამოვიდა. თუმცა, ექთნად დავიწყე მუშაობა და იმას ვაკეთებდი რაც ძალიან მიყვარდა, ადამიანებზე ვზრუნავდი…  ქალაქ რუსთავის მე – 2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, 25 წელი ვიმუშავე პედიატრის ექთნად, ასევე, საოჯახო მედიცინის გადამზადების ცენტრში დავხელოვნი და თავად  ვკურატორობდი ქვემო ქართლის ექთნების გადამზადების ტრენინგ – კურსს.

– იმის გამო რომ ექიმი ვერ გახდით ხომ არ ინანეთ ადრე დაოჯახება?

– არა, ერთი წუთითაც არ მინანია. მყავს მოსიყვარულე მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მათი არსებობით ბედნიერი ვარ… ვცხოვრობ მათთვის და ყველაფერს მათი სიყვარულით ვაკეთებ. უდიდეს სტიმულს მაძლევენ და მაძლიერებენ.

– რამდენად რთული იყო ემიგრანტის გზა თქვენთვის?

– 2009 წლიდან ვარ ემიგრაციაში. ვცხოვრობ საბერძნეთში. თავიდან ურთულესი იყო: ენის ბარიერი, ოჯახის მონატრება, სამსახურის ძიება… მაგრამ გამიმართლა, რომ პირველივე ოჯახი შემხვდა ძალიან გულისხმიერი. 6 თვის გოგონა ჰყავდათ, რომელიც მე გავზარდე… სწორედ ეს გოგონა გახდა ჩემი მასწავლებელი, ჩემი სტიმული… მასთან ერთად ვისწავლე სიტყვები, საუბარი. ერთი სათამაშო დათუნია ჰყავდა, რომელიც სიტყვებს ამბობდა… ვიდექით და ორივე ვიმეორებდით… როცა ძალიან მოწყენილსა და დაღლილს დამინახავდა, მოვიდოდა და ქართულად მეუბნებოდა, –  ,,ნონა, მიკვარქააარ“… ამ სითბომ, სიყვარულმა, თბილმა დამოკიდებულებამ გამიადვილა ეს გზა…

– ალბათ, უკვე მოიპოვებდით საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას…

– ეს მხოლოდ 8 წლის მერე მოხერხდა და მომეცა შესაძლებლობა, სეზონური სამუშაოებიც მენახა… გავემგზავრე კუნძულ ,,ლეფკადაზე“ და სასტუმროს სამზარეულოში დავიწყე მცხობელად მუშაობა… იქ მუშაობის პერიოდში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, არაერთხელ გავუყვანივარ აღტაცებულ სტუმრებს, რათა მადლობა გადაეხადათ ჩემ მიერ მომზადებული გემრიელობისთვის. წელს პანდემიის გამო კუნძულზე სამუშაოდ ვეღარ წავედი. თუმცა, ჩემი დის, ნინო გონგლაძის წყალობით, რომელიც იტალიაში მცხოვრები ემიგრანტია, ახალი გამოსავალი ვიპოვე.

ნინოს იდეის გათვალისწინებით, ფეისბუქ – პლატფორმაზე შევქმენი ჯგუფი ნონას სამზარეულო, სადაც პოზიტიურ გარემოში, ადამიანებს ჩემ გამოცდილებას ვუზიარებ. ვდებ რეცეპტებს, კულინარიულ რჩევებს, ვასწავლი ე.წ. ,,ფონდანტით“ ყვავილების კეთებას. უამრავი მადლიერი გამომწერი ჰყავს ჯგუფს,  ეს ჩემი ახალი გატაცება და საქმიანობაა, რომელიც მავსებს…

– რა სამომავლო გეგმა და ოცნება გაქვთ?

– ჩემი ყველა ფიქრი საქართველოშია. თვალებს დავხუჭავ და ნათლად ვხედავ, როგორ ვფუსფუსებ საკუთარ საოჯახო საკონდიტროში… ჩემ სამშობლოში. მჯერა, ამ ოცნებასაც ავისრულებ, რადგან ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შევჩერებულვარ, გაჩერება უკვე უკუსვლაა, მე კი წინსვლა მიზიდავს… მწამს, ვინც არ შეჩერდება მიზანს აუცილებლად მიაღწევს…

ასე რომ შემდეგი ინტერვიუ, უკვე საქართველოში, ჩემს საოჯახო საკონდიტროში გვექნება…

ავტორი: ნინო მოდრეკილაძე

ნონას სამზარეულო🥐🥖🥣🥘🍳Nona’s kitchen

0 კომენტარი
15

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი