fbpx

ვიენის ჯაზ-ფესტივალი 2022 – 15 დღე 190 კონცერტით

ავტორი ჟოლო
206 ნახვა

2022 წლის 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით საფრანგეთის ქალაქ ვიენში ჯაზის ზეიმი გაიმართება. ეს ყველაზე ძველი და დიდი ჯაზ-ფესტივალია საფრანგეთის მასშტაბით. ორწლიანი კოვიდ-შეზღუდვებისა და რეგულაციების შემდეგ, პირველად გვექნება შესაძლებლობა, უწინდებურად, თავისუფალ და შეუზღუდავ გარემოში ჯაზის დღესასწაულით დავტკბეთ.

15 დღის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ 190 კონცერტს, რომლებიც ქალაქ ვიენის სხვადასხვა ადგილსა და უბანში გაიმართება. მათი გარკვეული ნაწილი უფასო იქნება მსმენელისთვის. ფესტივლის მთავარი სცენა ანტიკური ამფითეატრია, რომელიც I საუკუნეშია აშენებული. ნაგებობის სიძველე, ენერგეტიკა და აკუსტიკა საოცარ მომნუსხველობას სძენს ამ ფესტივალს. წელს ამფითეატრის სცენაზე 22 ახალბედა შემსრულებელი წარსდგება, მათთან ერთად კი ეს დიდი მუსიკოსები: ჰერბი ჰენკოკი, ჯორჯ ბენსონი, ემსი სოლარი, გრეგორი პორტერი, ანჯელიკ კიჯო, ჯეიმი კულუმი, მასეო პარკერი, დაფერ იუსეფი, ტომ იბარა…

ვიენის ჯაზ-ფესტივალი 1981 წლიდან იმართება. მისი სულის ჩამდგმელი და ინიციატორი ჟან-პოლ ბუტელიერია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ბენჟამინ ტანგი. ყოველწლიურად ფესტივალი 230 000-ზე მეტ მუსიკის მოყვარულს მასპინძლობს. ეს ფესტივალი რეგიონისთვის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებაა.

ვიენის ჯაზ-ფესტივალს უკავშირდება ისეთი დიდი სახელები როგორიცაა: მაილს დევისი, სტენ გეტცი, კლოდ ნუგარო, მიშელ პეტრუჩიანი, ელა ფიცჯერალდი, სონი როლინსი, ჩაკ ბერი, რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, სტივი უანდერი, ჩიკ კორეა, რობერტ პლანტი…

ფესტივალი გამოირჩევა თავისი ორიგინალური ყოველწლიური აფიშებით.

2018 წლიდან მოყოლებული ფესტივალი ატარებს კონკურს საუკეთესო აფიშის დიზაინის გამოვლენის მიზნით, რომელიც ანგულემის კომიქსების საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობით ტარდება.

2022 წელს ფესტივალს დიზაინერი ოდრი სპირი გააფორმებს.

ავტორი Gia Gogatishvili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment