ბავშვობაში და მერეც დიდობაში, როცა რაღაც გამიხარდებოდა ან ძალიან მომეწონებოდა, სასწრაფოდ მინდოდა იმ ადამიანისთვის გამეზიარებინა, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა.
ასე რვა-ცხრა წლის ვიყავი. ტელევიზორში, რაღაც გადაცემაში კლდეზე შეფენილ პატარა, ულამაზეს ქალაქზე ყვებოდნენ. ზღაპრების კითხვის დროს წარმოვიდგენდი ხოლმე ზუსტად ასეთ სამეფოს, სადაც მე ვიყავი პრინცესა.
არწივების საუფლოო, ასე უწოდეს.
მახსოვს სუნთქვაშეკრულმა გავძახე დედას:
-დეე, მოდი ჩქარა რაა! – ნახე რა ლამაზია! – ვუთხარი და ხელი ჩავკიდე, როგორც იმ წამის სიხარულის ერთადერთ გამზიარებელს.
მერე დიდობაში, ერთ დღესაც ამ ქალაქის თავზე ვიდექი კლდესთან, ხელი მქონდა ჩაკიდებული მისთვის, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა და სუნთქვაშეკრული ვეუბნებოდი:
– “ხო ძაან მაგარია?”
ასე აღმოვჩნდი როკამადურში. სამხრეთ პირენეების ერთი ბეწო სამოთხეში, ჭიშკარზე წარწერით, “ამის იქით შუა საუკუნეებია”.
მერე ჩამოვდექი კლდეზე გადმოკიდებული მონასტრის ქვეშ კადრებად გადახვეულ ჩემს ბავშვობასთან და ახდენილ ოცნებასთან პირისპირ იმასთან ერთად, ვინც იმ წუთას ყველაზე მეტად მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ერთად ვუსმენდით ცადაზიდული სამრეკლოს ზარის მისტიურ ხმას და ვფიქრობდი “ამის მერე რაღაა?”
ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ოცნებებშია, ზოგჯერ უკეთესადაც გამოდის.
ავტორი: Margot Lescaut