„ხელოვნება იქ არის, სადაც სულიერება და გრძნობაა…“ – ეს ავთო ვარაზის სიტყვებია. ასეთივეა მისი ნახატებიც, ყველასგან გამორჩეული სტილით შესრულებული.
მხატვრის ნიჭი სიცოცხლეში შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა, თუმცა სათანადო დაფასება არასოდეს ჰქონია. ფიროსმანის როლის შემსრულებელმა, დაახლოებით ის გზა გაიარა, რაც ფიროსმანმაო…
მთელი ცხოვრება, თურმე სახელოსნოზე ოცნებობდა… გაზეთის და შპალერის ნაგლეჯებს იყენებდა და განუმეორებელ ტილოებს ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი შედევრი შვილს უსახსოვრა. „ლიზის თევზი“ მაშინ შექმნა, როდესაც ელისაბედი დაიბადა. ეს ერთადერთი ნახატია, რომელსაც ავთო ვარაზის ხელმოწერა აქვს.
ლიზი ვარაზი: „ჩემთვის, ეს ნამუშევარი ყველა საუკუნის შედევრია. ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ. როდესაც დავიბადე მამამ, მაშინ მაჩუქა. ძალიან მიყვარს. ჩემი თილისმაა… არის კიდევ ორი ნახატი, რომელიც წიგნაკში მაქვს და სადაც არ უნდა ვიყო, სულ თან დამაქვს.
როდესაც მამაჩემი ხატავდა, ნახატებს აქეთ-იქით მიმოფანტავდა. მერე დედა აგროვებდა. ეს ნახატებიც ერთ-ერთი იმათგანია. დედამ მაჩუქა…
მამის მსგავსად ექსპერიმენტებს არ ვაკეთებ. ჩემს თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევ. ფერებიც სხვა მაქვს… ყველა ფერი მიყვარს, მაგრამ გართულება წითელზე და ფირუზისფერზე მაქვს. მინდა ეს ფერები განსხვავებული, ჩემეული იყოს.
გამოფენაზე პირველად ნახატი რამდენიმე წლის წინ გავიტანე, მანამდე ვერ გამქონდა, მეშინოდა. ეს, ალბათ, კომპლექსია. ყოველთვის მინდა ჩემს ნახატებზე თქვან – ლიზის ნახატია და არა ავთოს შვილისო… ამის მიღწევა ძალიან რთულია“.
ავტორი: დეა თავბერიძე