“ამ ბოლო დროს ხშირად მინდება, ყველაფერი დავყარო და გავიქცე. ერთადერთი, სულის ძაფზე გამობმული ადამიანები მიჭერენ. ანაფორის კალთას მყარად რომ არიან გამობმულნი.
უმძიმესია, ერთდროულად მღვდელიც რომ ხარ და შემოქმედიც. ორივეში თანაბრად არის ღმერთი, მაგრამ მღლის იმ ადამიამების იჭვნეული გამოხედვა, რომლებიც შემოსილში მხოლოდ გრძელ წვერებს და შეკრულ შუბლს აფასებენ.
ინკვიზიციაც რომ მომიწყონ, არც ერთი მექნება სხვების დასანახად და არც მეორე… ღმერთი აბსოლუტური გონი და შინაგანი თავისუფლება მგონია. ის სენაკში გამოკეტილი სინათლე არა, ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთობებია…
არასდროს განმიკითხოთ, თუ ერთ ხელში საცეცხლური მიჭირავს და მეორეში კალმისტარი, დამიჯერეთ, ორივე ერთნაირად გამოსცემს საკმევლის კეთილსურნელებას… სხვაობა ის არის, ზოგს შავი ვარდის საკმეველი მოსწონს, ზოგსაც კვიპაროსის…
თუ ჩემმა მღვდლობამ ერთეულები პეტრესგან დაითხოვა, ჩემმა ლექსებმა უამრავი ადამიანი, პოეზიის საკმევლის სურნელით, ქრისტეს მიაჯაჭვა…
და მაინც… ამ ბოლო დროს გაქცევაზე ხშირად ვფიქრობ… იქ, სადაც ღმერთს და საკუთარ თავს სულზე მივიკერებ, სამუდამოდ…”
პეტრე კოლხი