fbpx

“ეს ამბავი დილით ჯიბეში ნაპოვნმა ხურდამ გამახსენა…”- ბელა ალანია

ავტორი ნინო გონგაძე
16 ნახვა

როცა მუშაობა დავიწყე, მშობლებს დაფინანსებაზე უარი განვუცხადე. კატეგორიული ვიყავი და საქართველოდან ჩამოსულ მამას ფული უკან დავუბრუნე. ვატყობდი, არ ესიამოვნა. ფიქრობდა, რომ ეს მათ მოსაფრთხილებლად გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, ასეც იყო, მაგრამ მთავარი მაინც სხვა გახლდათ. მინდოდა, შევჩვეოდი ჩემს გამომუშავებულ ხელფასს, მესწავლა მისი გამოზოგვა, საკუთარი თავის იმედად მეცხოვრა.

მშობლების დახმარების გარეშე ერთი თვეც ვერ გავძელი. თუმცა მაშინდელ მოსკოვში უფრო იოლად გაიტანდი თავს, მაგრამ ფაქტია, მაინც უფულოდ დავრჩი და გამიჭირდა.
არავისთვის არაფრის თხოვნა არ მიყვარდა, მომდევნო ხელფასის აღებამდე კი ერთი კვირა იყო დარჩენილი.

დილით როცა ქურთუკი ჩავიცვი, ჯიბეში შემთხვევით 25 მანეთიანი ვიპოვე. რა კარგია, რა სიურპრიზია, ეტყობა ჩამრჩა-მეთქი, სიხარულისგან აღმომხდა. კარგ ხასიათზე დავდექი. იმ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულმა, უამრავი პროდუქტი შევიძინე.
მეორე დღეს გაწვიმდა და კარადიდან ლაბადა გადმოვიღე. ჯიბეში წინა წლის დაკრეფილი, ახლა უკვე, გამხმარი ფოთოლი ვიპოვე და კიდევ ერთი 25 მანეთი… ნუთუ აქაც?!
მერე მთელი კარადა გადმოვყარე, გადავქექე და ჩანთებშიც ვნახე ცოტ-ცოტა ფული საყვარლად “განაწილებული”.

უკუდო სიამაყით შეპყრობილმა მამაჩემს დავურეკე და ვუსაყვედურე, ეს რა მოგიფიქრებია, მაინც შენსას არ იშლი, არ მაცდი, დამოუკიდებლად ვცადო ცხოვრება-მეთქი.
მამაჩემისგან ორი ათას კილომეტრზე დაცილებულმა ვიგრძენი, როგორ იდგა დაბნეული, დატუქსული ბავშვის მზერით ჩემი მშობელი და უარყოფდა ყველანაირ კავშირს ჩემს “აღმოჩენებთან”.

იქნებ სჯობდა, არ შემემჩნია, ვითომ ვერ გავიგე, ვითომ ვერ მივხვდი…
გვიან შევიცანი,თუ რას გრძნობს მშობელი, როცა შვილისთვის სიკეთე მოაქვს ხელისგულზე, როცა სიყვარული არ ელევა, როცა კეთილისმყოფელია მისი ყველა სურვილი. ეს ყველაფერი უღალატო ადამიანის მიერ გაღებული მსუბუქი ტვირთია, რომელიც თაობიდან თაობამდე გადადის და ადამის მოდგმის მეხსიერება უსიტყვოდ ინახავს სულის ჭურჭელში.

მამაჩემი, ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი, თავისი სიკეთით მიცავდა და მიფარავდა, როცა მარწმუნებდა, რომ ცხოვრება სავსეა ამგვარი კეთილი ზღაპრებით…

ბელა ალანია
20 ნოემბერი, 2016 წ

P.S.
ეს ამბავი, დილით ჯიბეში ნაპოვნმა ხურდამ გამახსენა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment