როგორ მინდა ჩვენი ეკლესია იყოს უდრტვინველი, მშვიდი, აბსოლუტური სიყვარულით განრიდებული ამაოებას და უვნებელი მისგან, ისეთი, როგორიც ღმერთია.
მაშინ ვერაფერი შეურაცხყოფს, ვერაფერი შეაშინებს მის სრულყოფილებას, ვერაფერი გამოიყვანს მდგომარეობიდან.
როგორ მინდა, წყევლა-კრულვა არ გაისმოდეს მისგან, არამედ მხოლოდ სიყვარული.
როგორ მინდა ეკლესია მაინც იყოს ყველას თანაბარი თავშესაფარი, სულელის და ჭკვიანის, ცოდვილის და უცოდველის, ლაზღანდარასი და სერიოზულის და არასდროს დაპატარავდეს, არასდროს დაემსგავსოს გუბეს, რომელსაც პატარა კენჭის ჩაგდება არხევს რკალებად.
“ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინებისო” იმ გენიოსმა რისთვის თქვა, აბსოლუტური სინათლე განსჯას და დახარისხებას გამორიცხავს, შენ თუ მზე ხარ, ანათე, შენ ანათე და ვარდი თუა იხარებს, ნეხვი თუა, თვითონ აყროლდება.
შენ ნურავის დასდევ, ანათე თუ გაქვს საკმარისი ნათელი.
ნათია ფანჯიკიძე