fbpx

„პირველი უცაბედი ლექსი მამას“ – გიორგი კეკელიძე

ავტორი ჟოლო
113 ნახვა

პირველი უცაბედი ლექსი მამას

გზა გადაბრუნდა და ურემი ისე გამოჩნდა.
ურემზე ჩემი მკვდარი იწვა და ვერ ვტიროდი,
რადგან ტირილი არ მასწავლე, მე ამ გამოცდას
ვერ ჩავაბარებ, მეზობლებთანც შევრცხვები, ჰოდა
შენ მაინც თბილად დაუძახებ შემომწყრალ დედას:
გაჩერდი ქალო, დაანებე თავი ბაღანას!
რაც უნდა ის ქნას! უძინარი სახე აქვს, ხედავ!?
ისედაც ბევრი საქმე აქვს და აღარ დაღალო!
რადგან საწოლის ქვეშ დამალულ ჭუჭყიან ჭინკებს
სულ შენ მიფრთხობდი, როგორც ღამის უცხო მნახველებს
და იქვე სამი კალოში და ორი ვალინკა,
ტალახს იშრობდა და ვეძებდით ქართულ სახელებს,
კალოშების და ვალინკების, ხანაც შპილკების
ქართულ სახელებს ვიხსნებდით, სადღაც გაგონილს,
და სანამ პოვნას ვახერხებდით, ნაცნობი ქშენით
ძილის რელსებზე მოდიოდა სიზმრის ვაგონი.
დღეს ეს სიზმრები თვალის ზურგზე ისე მკაწრავენ,
რომ ნაკაწრიდან ძილში ცხელი ცხადი მოწვეთავს
და ცხადი ამბობს: გამარჯობა და უკაცრავად,
ცოტა დრო ისევ დაგრჩენია ცოცხლების მზესთან
რომ უნდა ავგდე და ჩავიცვა, რომ სინამდვილემ
ყველა ტკივილი გადაადნოს გულგრილ საგნებად,
რომ მხოლოდ ძილში შემიძლია ასე ადვილად
მე სიკვდილიდან სიცოცხლისკენ გზების გაგნება.

30.08.16

#გიორგიკეკელიძე

                                                           

                               დედაჩემი მამაჩემის დანატოვარ სათხილეში

deda

მსგავსი სტატიები

Leave a Comment