სექტემბერის კვირა დღე იქნებოდა. ცხელოდა. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი. მამამ დახმარება მთხოვა. დავთანხმდი და სანაცვლოდ ვთხოვე, მცირე ხნით მდინარეზე საბანაოდ გავეშვი. ასეც მოხდა. მდინარე სახლის გვერდზე ჩამოდიოდა. დაღმართს, საიდანაც უნდა ჩასულიყავი, სულ რაღაც 20- 25 ნაბიჯში, ჭალაში ჩაყავდი. იქიდან კი, „ჩვენი საბანაო“ – მდე(სადაც წყალი გაცილებით ღრმა იყო), რაღაც 30 მეტრი უნდა გამევლო ქვებზე.
პირსახოცმოგდებული სიხარულით გავეშურე. არ მახსოვს, მანამდე, მარტო საბანაოდ გავეშვი დედას. სითამამეს ვგრძნობდი და ეს რაღაც „დიდობას“ მძენდა. თითქოს დამოუკიდებელი გავხდი უცებ.
სკოლა რამდენიმე დღის დაწყებული იყო და ამ დროს მდინარეზე აღარავინ აღარ დადიოდა.
თუმცა „ჩემი საბანაოს“ ცოლ-ქმარი, ორო პატარა ბავშვით სტუმრობდნენ. ბაშვები ქვიშაში თამაშობდნენ., მხიარულობდნენ. იქვე, ახლო-მახლოს მათი სატვირთო მანქანაც იდგა.
უცნობნი აღმოჩნდნენ ჩემთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სანაპიროზე თავს ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში, თამამად გავეშურე კუნძულისკენ, რომელსაც მდინარე, ორი განშტოების სახით ქმნიდა. იქვე მივაგდე პირსახოცი, გარბენით გავიძვრე სამოსი და საიმოვნებით გადევეშვი სუფთა, კრიალა წყალში.
ახლაც ვგრძნობ, რა სიმოვნებით ავუყევი ცურვით, ზემოდან დინებას მინდობილი ჩამოვყევი… ისევ ავცურე და კვლავ… ეს იყო ჩემთვის ნეტარების წუთები. თავზე, გამჭვირვალე უკიდეგანო ცისფერი სივრცე დამყურებდა, გვერდიდან ხეებით დაფარული კლდიდან, ჯერ არ ჩასული, მზის სხივები სახეზე დამთამაშებდა. წყალი სიამოვნებით მანარნარედა ტალღებზე, ლიფსიტები და მოზრდილი თევზები თამამად ჩემთან ერთად ცურავდნენ, არ ვიცი ისინი რას განიცდიდნენ, მე კი ვტკბებოდი, ვხარობდი…
ამ სიმყუდროვეს მხოლოდ ბავშვების ხმები თუ მირღვევდა, მაგრამ რახან თავს ვგრძნობდი ერთ-ერთ თევზად არ მანაღვლებდა, არაფერი, სულიად არაფერი…
არ ვიცი, რა დრო გავიდა.
ერთ-ერთი აღმასვლის დროს აზრმა გამკრა:
„დროა სახლში წახვიდე, მამა გაგიბრაზდება“ მაგრამ, იმდენად დიდი იყო ნეტარების შეგრძნება… კიდევ რამდენიმე ხნით გავაგრძელე.
მდინარე ხეებდაკიდულ კლდეს ჩაუყვებოდა. ზახულში, ერთ-ერთი ხიდან ვხტებოდით, ხოლმე, ბავშვები. მზე ზაფხულივით თაკარად აღარ წვავდა, სრიალით მიიპარეობოდა დასავლეთისკენ. მიცურავდა უდარდელად და სხივებს ჩუმად იბრუნებდა უბეში.
ბავშვები პატარა წყალში გადმოსულიყვნენ და ჭყუმპალაობდნენ. კაცი და ქალი საუბრით, თვალ ყურს ადევნებდა შვილებს.
ცურვის დროს ვიგრძენი, რომ წყალი აიმღვრა – დაკარგა სიკამკამე.
კვლავ გულში გამკრა: წადი სახლში!
თუმცა… არ მინდოდა მდინარესთან განშორება, მომავალ წლამდე ხომ მასთან, ვერ ვინავარებდი.
წყლის ფერი არ მშვიდდებოდა. ვიფიქრე – მდინარის ფონზე “კამაზი“ გადავიდა (ასე ხშირად ხდებოდა, ზემოთ ფონი იყო, დიდი მანქანები გზას იმოკლებდნებ) და ამიტომ აიმღვრა-თქო.
გავაგრძელე ცურვა…
მზე ბოლო სხივებს უხმობდა. კლდესკენ, ღრმა წყალისკენ გავეშურე. რატომღაც, ძველებურად ვერ მშვიდდებოდი, ვხედავდი წყალიც არ დაწყნარდა, პირიქით უფრო იმღვრეოდა და სქელდებოდა. ცოლ-ქმარი დაფაცურდა, სასწრაფოდ დაავლეს ბავშვებს ხელი და გაქანდნენ მანქანისკენ. რაღაცას მანიშნებდა ორივე. გავიხედე, საითაც ხელს იშვერდნენ და ვხედავ – კუნძული რომელზედაც სამოსი დავყარე, წყალს დაეფარა, პირსახოცი და ტანსაცმელი მიჰქონდა მდინარეს.
კაცმა დაქოქა მანქანა და სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ჭალის ქვებზე გავლით, ეცლებოდა იქაურობას.
მდინარის პირას გაზრდილს, თვალების არ მჯეროდა. ფიქრის დრო კი არა, გაქცევის დრო მოსულიყო. რამდენად, სწრაფადაც შევძელი, ცურვით დავეწიე სამოსს. ვგრძნობდი წყალი როგორ მატულობდა და იმღვრეოდა. ფეხით გამოვლილი ჭალა, ფართხა-ფურთხით გავცურე, ჩვეჭიდე სახლის აღმართზე ხის ფესვებს და ავვარდი სამშვიდობოს.
შეშინებული, ახლა უკვე გულშევმატკივრობდი ოჯახს, რომელმაც ერთი ნაბიჯით გაასწრო წყლის მოვრდნას: მოპირდაპირე სანაპიროზე მანქანა ოდნავ „დაუბუქსავდათ“ და პირდაპირ ბორბლებში ურტყამდა აზვირთებული ნაკადი,თითქოს ცდილობდა ჩათრევასო… როგორც იქნა იმარჯვა კაცმა თუ მანქამანამ თუ ორივემ ერთად და მშვიდობით, „აწყვეტილი“ გაუჩირადა.
ამოვისნთქე. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი და გაშტერებული ვაკვირდებოდი მდინარის ფერიცვალებას, რომელმაც ნელ-ნელა სულ აიწყვიტა…
რამდენიმე ხანში დაიწყო კოკისპირული წვიმა…
მის მერე, გამოხდა ხანი და ახლა ვხვდები რა მაჩვენა ამ თავგადასავლით სამყარომ. ეს იყო გაკვეთილი, თემა – გულის ყურით მოსმენა. როდის საუბრობს გული? როცა სული კარგავს სიმშვიდეს, ფორიაქობს… სული კავშირშია „უმაღლეს გონთან“ და ის მიგანიშნებს არსებულ საშიშროებაზე… ცდილობს გაგებინოს, ხმა მოგაწვდინოს, გულიდან გესაუბროს.
მაგრამ უმარავი განსაცდელის გავლა დამჭირდა, სანამ ვისწავლიდი – გულის ყურით მოსმენას და სამყაროს ნდობას.
სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია
წყარო:https://zrda.wordpress.com/