ჩვენი სახლის სადარბაზოში მოხუცი ბებო ცხოვრობდა, 97 წლის ლუბა ბებო – თბილი, ტკბილი მოხუცი, ყოველთვის კარგ განწყობაზე, ღიმილიანი და სალმიანი.
ერთ მშვენიერ დღეს ლუბა ბებომ სადარბაზო ლამაზი ყვავილებით მორთო. მეორე დღეს ყვავილები მოიპარეს და მეტროსთან ახლოს გასაყიდად გამოიტანეს.
მეზობლებმა გადაწყვიტეს შესასვლელ კარზე კლიტე დაედოთ, ბებომ კი სადარბაზოში ახალი ყვავილები და ჩარჩოები გამოიტანა, რომლებშიც ჩასმული იყო გამოჩენილი ადამიანების ციტატები.
სადარბაზოში ხმაური გაისმა, ბებო გამოვიდა და იქ მყოფებს ჩაი შესთავაზა. მათ გაიცინეს, ყვავილები გათელეს, ჩარჩოები კი შეაბრუნეს.
შემდეგ დღეს მან კვლავ გამოიტანა ყვავილები სადარბაზოში, დაუბრუნა ჩარჩოებს ძველი სახე და თაროზე წიგნები დაალაგა. მოვიდნენ მოზარდები და აჩურჩულდნენ. ბებომ მათ ჩაი შესთავაზა, უარი არ უთქვამთ, წასვლისას კი წიგნებიც გაიყოლეს და დაპირდნენ, რომ წაიკითხავდნენ.
მომდევნო დღეს ბებია ლუბამ თაროზე ბოთლით წყალიც დადო, რათა გამვლელებს ყვავილების მორწყვაც შესძლებოდათ, დაალაგა ახალი წიგნებიც. კვლავ მოვიდნენ მოზარდები, მათ წყლით წუწაობა დაიწყეს. გამოვიდა ლუბა და კვლავ ჩაი შესთავაზა მათ, შემდეგ კი ბოთლი წყლით აავსო და სთხოვა ყვავილები მოერწყათ.
ახალგაზრდებმა სადარბაზოში სიარული ყოველდღე დაიწყეს. შეწუხდნენ მეზობლები და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ბებია ლუბამ ისინი დალოცა და უთხრა, რომ ბავშვებს წიგნის კითვას აყვარებდა.
ცოტა ხანში სადარბაზოში წიგნების კარადა გამოჩნდა წარწერით: „ყურადღება! თუ თქვენ სახლში მოგეპოვებათ საინტერესო წიგნები, რომლებიც უკვე წაკითხული გაქვთ, გთხოვთ გაგვიზიაროთ! მათ კი, ვინც წიგნები წასაკითხად წაიღეს ვთხოვთ უკან დააბრუნონ რათა სხვებმაც შეძლონ წაკითხვა!“
კარადა წიგნებით გაივსო. ყვავილები კი ყველა სართულის თაროებზე გამოჩნდა, კედლებზე ჩარჩოები ეკიდა სხვადასხვა ცნობილი გამონათქვამით, სადარბაზოს კარი კი ყოველდღე ღია რჩებოდა.
საღამოობით კიბეებზე ახალგაზრდები ისხდნენ და კითხულობდნენ. ბებიამ თაროზე ფანარი შემოდო რათა კითხვა გაემარტივებინა მათთვის.
ბებია გარდაიცვალა. ჩვენი სახლის პირველ სართულზე გაიხსნა ბავშვთა და მოზარდთა კლუბი ბიბლიოთეკით და უამრავი ყვავილით თაროებზე. კლუბის სიმბოლო კი ფანარი გახდა.
ავტორი: ოლგა პლისეცკაია