“სრულიად უცნობი გოგოს ფოტოებს ვათვალიერებ და ვფიქრობ, სად მიდიან ვარსკვლავები, რომლებიც ცას სწყდებიან.
იქნებ მიწაზე?
ხომ შეიძლება მათაც უყვარდეთ…
ვთქვათ, რიმელიმე კეთილი გლეხი, დაინახონ ცისსიმაღლიდან და შეუყვარდეთ.
ალბათ ბავშვური სისულელეა ასეთი ფიქრი.
ისეთივე სისულელე, როგორც იმის გაფიქრება, რომ მდიდარ, სიმპტიურ კინოვარსკვლავს შეუძლია ერთი ქალის ერთგული იყოს მთელი ცხოვრება.
რომ ამ გოგონას შეუძლია ადგეს, დატოვოს კარიერა, ოჯახი, მეგობრები, ძვირფასი ტანსაცმელი და ჩემთან ერთად იცხოვროს ხევსურეთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში.
იცმევდეს მხოლოდ ჩემთვის.
იხდიდეს მხოლოდ ჩემთვის.
ცეკვავდეს მხოლოდ ჩემთვის.
იცინოდეს მხოლოდ ჩემთვის.
და ერთი წამითაც არ გაახსენდეს
სხვის მკლავებში მომწყვდეული ფუფუნება.
მილანის მაღაზიებში ან პარიზის ქუჩებში გასეირნება.
ჰავაის ან იბიცას კუნძულები.
იქაური გართობა. მდიდრული იახტა.
ასიათასიანი მანქანა და ამდენივე ცნობილი “მეგობარი”…
სრულიად უცნობი გოგოს სურათებს ვათვალიერებ და ვფიქრობ,
შეუძლიათ თუ არა მინდვრის ყვავილებს,
ზამთრის სიცივეს ან შემოდგომის წვიმებს გაუძლონ…
შემორჩა კიდევ ისეთი სიყვარული, რომელიც ჩემს ჯიბეს კი არა, თვალებს შემოხედავს?
რომელიც მეტყვის – შენი ტუჩები ჩემი არსობისა!
შენი მკლავები ჩემი სამოსელი!
შენი მკერდი ჩემი ციხე-სიმაგრე!
შენი გული – ჩემი ტაძარი!
თორნიკე ნაროზაული