აღმოსავლეთში დრაკონი სიკეთეს, იღბალს, სიძლიერეს და ძალაუფლებას უკავშირდება. ის ჩინეთის მთავარი სიმბოლოა. სწორედ ჩინური კალენდრის მიხედვითაა 2024 მწვანე ხის დრაკონის წელი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან და წარმატებულ სიმბოლოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე სიმშვიდის ფერია, ეს წელი, ასტროლოგებმა აქტიურ წლად შეაფასეს. მწვანე ხის დრაკონი ცის და მიწის ენერგიის ერთობლიობაა.
ტრადიციულად, ჩინეთი ახალ წელს შედარებით გვიან აღნიშნავს, ვიდრე დასავლური სამყარო, რადგან გრიგორიანულისგან განსხვავებით აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი ზამთრის მზის დაბნელების მეორე ახალმთვარეობას იწყება. 2024 წელს მზებუდობა, ანუ ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე 22 დეკემბერს, ახალმთვარეობა კი – 10 თებერვალს ემთხვევა, ამიტომ სწორედ ამ დღეს დაიწყება ახალი წლის ათვლა, რომელიც 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დრაკონი ჩინურ ჰოროსკოპში ერთადერთი მითიური პერსონაჟია და ამიტომაც, ამბობენ, რომ 2024 წელი ბევრი ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.
რაც შეეხება საახალწლო ინტერიერს, აუცილებლად უნდა მოირთოს ტრადიციული აღმოსავლური სიმბოლოებით და ბრჭყვიალა აქსესუარებით, კაშკაშა ფერებით და გირლანდებით, არომატული სანთლებით და ნაქარგი ბალიშებით.
მწვანე ხის დრაკონთან შესახვედრად შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე დეკორაცია, აქსესუარი შეიტანოთ სახლში. ამგვარად, წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ და წარმატების შანსებსაც გაზრდით. გარდა მწვანისა, კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფერია, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ იღბალი მოიზიდოთ. ესენია: ოქროსფერი და წითელი. ოქროსფერი დაგეხმარებათ, რომ დამატებით სიმდიდრე და დადებითი ენერგია მოიზიდოთ, ხოლო წითელი ტრადიციულ ჩინურ კულტურაში მაღალ სიცოცხლისუნარიანობასთან და მოტივაციასთან ასოცირდება. ამიტომაც, შეგიძლიათ, სახლის, სუფრის გაფორმებისა და აქსესუარების არჩევისას სწორედ აღნიშნული ფერებით იხელმძღვანელოთ.
სადღესასწაულო სუფრა გავაწყოთ მდიდრული ჭურჭლით და ხელსახოცებით, რომელთაც დრაკონის გამოსახულება დაამშვენებს, ამ მითიური ცხოველის ფიგურა კი, აუცილებლად მაგიდის ცენტრში დააბრძანეთ.
რაც შეეხება დრაკონის გასტრონომიულ გემოვნებას, ის არ გახლავთ პრეტენზიული, მაგრამ ძალიან მოსწონს მრავალფეროვნება. ამიტომაც, შეეცადეთ, სუფრაზე ბევრი სხვადასხვა კერძი და სალათა განათავსოთ. უყვარს ყველაფერი, უფრო მეტად კი ხორცი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს თევზი, რადგან ის სიმრავლისა და ბარაქის სიმბოლოა.
სადღესასწაულო წვეულება აუცილებლად მხიარული და ხმაურიანი უნდა იყოს. აქტიურად გაერთეთ, ბევრი იცეკვეთ, იმღერეთ და იმხიარულეთ. დრაკონს არ უყვარს მოწყენილი ადამიანები, ამიტომ არ დაიშუროთ ქათინაური, შეაქეთ და გამოუტყდეთ სიყვარულში ახლობლებს, რადგან რასაც გასცემთ, ზუსტად იმას დაგიბრუნებთ 2024 წლის მბრძანებელი.
ასტროლოგები გვირჩევენ: იმისთვის, რომ ახალ წელს იღბალი და ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ, საახალწლო ჩაცმულობისათვის მწვანე, ოქროსფერი და წითელი ფერები გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ ახალ სამოსს აირჩევთ. შეეცადეთ, დივნის ბალიშები, სახლის ინტერიერი, ქსოვილები აღნიშნულ ფერებში გადაწყვიტოთ. ამ გზით წლის მთავარ სიმბოლოს აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ და კეთილგანწყობილი ხართ. სანაცვლოდ კი, ამას ორმაგად დაგიბრუნებთ. თუ ჩამოთვლილი ფერების საფულეს, ან ჩანთას აჩუქებთ საყვარელ ადამიანს, ეს მისთვის ძალიან იღბლიანი იქნება.
ჩინური სიბრძნის თანახმად, დრაკონი ეხმარება მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებიც თვითგანვითარებისკენ ისწრაფვიან და შეცდომის დაშვების არ ეშინიათ. თუ მას პატივისცემით მოეპყრობით, ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ნებისმიერი დაბრკოლება, გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და გახდეთ უკეთესი ადამიანი.
მაშ ასე, ბედნიერი 2024 წელი, მკითხველო <3