„ეგეთი ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მქონდა პატივი, ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო ვახუშტი კოტეტიშვილი… მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი“ – წერს ხელოვანი ნინო სადღობელაშვილი.
ნინო სადღობელაშვილი: „მანამდე ტელევიზორიდან ვიცნობდი მხოლოდ მას და, ძალიან ფერმკრთალი წარმოდგენა მქონდა იმაზე, რასაც ეს კაცი სინამდვილეში ქმნიდა!
ჩვენი პირველი ლექციის პირველივე დღეს (კულტურის ინსტიტუტში), ვახუშტიმ თავისი ახლადთარგმნილი რილკეს “დუინური ელეგიები” მოგვიტანა და თავისი გამორჩეული ხავერდოვანი ტემბრით წაგვიკითხა. ეს იყო ცის გახსნა და რაღაც სამუდამო სიახლე!
აი, ხომ ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადებაო, ერთხელ, ფიზიკურად და მეორედ, როცა თავისი და სამყაროს საზრისს შეეხება, იგრძნობს და დაიუნჯებს, ჰოდა, ჩემი მეორე დაბადებაც აი მაგ წამს და მაგ დღეს ემთხვევა _ ვახუშტიმ რომ რილკე წაგვიკითხა ლამის ბალღებს, და მე მთელი გულით და საუკუნოდ მადლიერი ვარ მისი, და ასე მგონია ახლა, ეს ჩემი წილი მადლობაც (საქვეყნოდ გასაცხადებელ მადლობაზე რომ აღარაფერი ვთქვა), ვახუშტის დიდი სულისთვის ერთი კენჭია, მარადისობის ოკეანეში სათამაშოდ და სალოცავად.
თვითონ ხომ ეგეთი იყო – ლაღი, ბედნიერი, თამაშ-თამაშით მიმღები წუთისოფლისაც და შემოქმედებისაც, და თან იმ უნაპიროს, დიდებულის, ერთადერთის აღმსარებელი, გენიალურ მარტოობაში შემტკბობი და გამზიაერებელი, ვისაც ეძღვნებოდა მთელი მისი სიცოცხლე, სიყვარული, შემოქმედება… ვინც შექმნა და გაამუდმივა ვახუშტი კოტეტიშვილი!
დღეს, 4 აგვისტოს, ვახუშტის დაბადების დღეა!