fbpx

აღმოჩენა ნეირომეცნიერებაში – მადლიერება პირდაპირკავშირშია ბედნიერებასთან 

ავტორი ჟოლო
22.3K ნახვა

„მადლობა“, – ამ სიტყვას გულით წარმოთქვამთ ხოლმე, თუ უბრალოდ თავაზიანობას გამოხატავთ? ნეირომეცნიერების აღმოჩენით, თუ ამას ნამდვილად განიცდით, ბევრად უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები ხართ. ამიტომაც გვირჩევენ მადლიერების გამოხატვის რეგულარულ პრაქტიკას, რაც ახალი საუკუნის ახირება როდია, ეს ადამიანური მდგომარეობის ის წახნაგია, რომელიც ნამდვილ სიკეთეებს იმკის მათთვის, ვინც ამ სიტყვას გულით ამბობს.

2015 წელს, ფსიქოლოგებმა, დოქტორმა რობერტ ემონსმა  და მაიკლ მაკქულოუმ  გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც მადლიერების ფიზიკურ შედეგებს ასახავდა. კვლევაში მონაწილეთა ერთ მესამედს სთხოვეს, დღიური ეწარმოებინათ იმ მოვლენების ირგვლივ, რომლებიც კვირის განმავლობაში მოხდა და რომლის მადლიერნიც იყვნენ. მეორე მესამედს იმ ყოველდღიური მოვლენების აღნუსხვა სთხოვეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ხოლო ჯგუფის მესამე ნაწილს უნდა დაეფიქსირებინა ისეთი სიტუაციები თუ ამბები, რომლებთანაც ნეგატიური ბმა აკავშირებდათ. ათკვირიანი კვლევის ბოლოს, თითოეულ ჯგუფს სთხოვეს, ჩაეწერათ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს.

მადლიერების გამომხატველი ჯგუფის ცნობები დანარჩენ ორ  გუნდთან შედარებით გაცილებით ოპტიმისტური და პოზიტიური იყო. გარდა ამისა, მადლიერების გამომხატველი გუნდი ფიზიკურად უფრო აქტიურად გამოიყურებოდა და ექიმთან ნაკლებ ვიზიტს აფიქსირებდა, ვიდრე ისინი, რომლებმაც მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებაზე მოახდინეს აქცენტირება.

უკეთესი ფიზიკური ჯანმრთელობა

მადლიერების ფიზიკურ ეფექტებზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები დადო. პოზიტივზე კონცენტრირებამ და მადლიერების გრძნობით სისავსემ შეიძლება თქვენი ძილის ხარისხიც კი გააუმჯობესოს და გაღიზიანებული და დეპრესიული განწყობები შეანელოს.

მადლიერება და თქვენი ტვინი

იმის მიზეზები, თუ რატომ აქვს მადლიერებას ასეთი გავლენა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ჩვენ ტვინში იღებს სათავეს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულ ნეიროლოგიურ ექსპერიმენტში, კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის აქტიურობა მას შემდეგ გაზომეს, რაც ექსპერიმენტის მონაწილეებმა მადლიერება საჩუქრების მიღების მიზეზით განიცადეს.

მომეტებული აქტიურობა დაფიქსირდა თავის ტვინის ქერქის წინა და შუამდებარე შუბლისწინა უბნებზე – ეს ორი უბანი მორალურ და სოციალური შემეცნების, ისევე, როგორც დაჯილდოების, ემპათიისა და სუბიექტური შეფასების უნარებზეა პასუხისმგებელი. ამან კი მკვლევარები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მადლიერების ემოცია ხელს უწყობს პოზიტიურ და მხარდაჭერით დამოკიდებულებას სხვების მიმართ და სტრეს-ფაქტორებისგან  გვათავისუფლებს.

მადლიერება ასევე ააქტიურებს ჰიპოთალამუსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მეტაბოლიზმთან, სტრესსა და სხვა სახის ქცევებთან. ჰიპოთალამუსი მდებარეობს ტვინის საყრდენ წერტილში და არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც მრავალ გადამწყვეტ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, ემოციური რეაგირება და სასიცოცხლო ფუნქციები, როგორიცაა მადა და ძილი.  ერთ-ერთი იმ ნეიროქიმიკატებისგან, რომლებიც ასოცირდება ტვინის იმ ნაწილებთან, რომლებზეც მადლიერება ზეგავლენას ახდენს, არის დოპამინი – სიამოვნების ჰორმონი.

მადლიერების პოზიტიური გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე გარკვეული კონკრეტული ამბის მერეც გრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ ეს ემოცია განახლდა:

„მარტივი მადლიერების გამომხატველი ჩანაწერები ასოცირდებოდა მნიშვნელოვნად უფრო დიდ და ხანგრძლივ ნეირო სენსიტიურობასთან მადლიერებასთან მიმართებაში – მადლიერების წერილების წერაში მონაწილე სუბიექტებმა აჩვენეს როგორც ქცევითი ზრდა მადლიერების კუთხით, ასევე უფრო დიდი ნეირო მოდულაცია მადლიერების გზით შუამდებარე შუბლისწინა თავის ტვინის ქერქში სამი თვის შემდეგ.“

რეალურად, ამ მდგრად ეფექტს დამცავი ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. მოზარდებში, მადლიერების გრძნობამ ინვერსიული ურთიერთდამოკიდებულება აჩვენა ბულინგის მსხვერპლობასა და თვითმკვლელობის რისკთან მიმართებაში. მადლიერება ტვინის ფუნქციონირებაზე ქიმიურ დონეზე მოქმედებს და მისი პრაქტიკაში გატარება საკუთარი თავის პატივისცემასა და სხვებისადმი თანაგრძნობას უწყობს ხელს.

ჩვენ შეგვიძლია, აღვიქვათ და და გამოვცადოთ მადლიერება და მისი ბევრი მახასიათებელი ძალიან  ფართო სპექტრში. მადლიერების განცდისადმი გახსნილობა და სურვილი არამარტო ინდივიდუალურ, არამედ ადამიანის ინტერპერსონალურ ურთიერთობებზეც ზემოქმედებს; ზოგადად, დაძაბულობა ურთიერთობებში გამოწვეულია განმეორებითი ხასიათის ნეგატიური უკუგებით ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის მხრიდან მადლიერების, როგორც კომპენსირების საშუალების, გარეშე.

3 ნაბიჯი იმისათვის, რომ უფრო მადლიერები გავხდეთ

გაჭირვებისა თუ სტრესული მდგომარეობის დროს, შესაძლებელია, მადლიერების მიღწევა რთული მოგვეჩვენოს. მაგრამ, თუ ნამდვილად დაფიქრდებით ამაზე, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც, რისი მადლიერებიც შეიძლება ვიყოთ. თუ მხოლოდ ერთ ლოცვაში უნდა ჩაერთოთ, დაე, ეს ლოცვა იყოს გულიდან ამოსული „მადლობა“.

აი, სამი მარტივი გზა იმისათვის, რომ მადლიერებაზე კონცენტრირება მოახდინოთ.

1. აწარმოეთ დღიური იმის შესახებ, რისი მადლიერიც ხართ – ჩამოწერეთ მინიმუმ სამი რამ. საუკეთესო დრო ამის გასაკეთებლად არის დილა, რადგან თქვენი დღე იწყება, ან ღამე ძილის წინ.

2. ყოველდღიურად გამოხატეთ გულწრფელი მადლიერება სხვა ადამიანების მიმართ.

3. როცა სარკეში ჩაიხედავთ, ერთი წამით დაფიქრდით იმაზე, თუ რა ღირსება მოგწონთ საკუთარ თავში ან გაიხსენეთ თქვენი რომელიმე ბოლოდროინდელი მიღწევა და მადლიერება გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ.

მადლიერების ძალით, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი მომართოთ ოპტიმისტურ ტალღაზე, რაც თავს შესანიშნავად გაგრძნობინებთ. რაც უფრო დააკვირდებით, მით მეტ რაიმეს აღმოაჩენთ, რისი მადლიერიც იქნებით. ეს პოზიტიურობა კი თქვენ გარემოცვაზეც გადავა, და ამრიგად, შეიკვრება სასიკეთო ციკლი.

მაკა ლომაძის თარგმანი 

DailyHealthPost

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous March 13, 2021 - 1:52 pm

ადამიანის ტვინის უჯრედებს შეუძლია ყველანაირი ავადმყოფობის განკურნება

პასუხი