ნაგვის გადასაყრელად ჩემი ქუჩის კუთხეს მივაშურე.
მიახლოვებისას, ურნაში ხელებჩაყოფილი ქალი შევნიშნე. მეორე ურნაში ჩავაგდე ჩემი ნაგავი და უნდა მოვბრუნებულიყავი, როცა ქალის ხმა გავიგონე:
-გამარჯობა!
შევხედე. ცისფერი, კეთილი, მშვიდი და მხიარული თვალები ჰქონდა, კბილები ცოტაღა შერჩენოდა, მაგრამ ღიმილისას მთელი სამყაროს სილაღეს იტევდა.
-გაგიმარჯოს!
გავუღიმე და მომენტალურად გადმომედო მისი სილაღე.
-მადლობა!
მეუბნება და ისევ მიღიმის…მიღიმის ისე, როგორც წარმომიდგენია რომ ღმერთები იღიმიან. მშვიდად, გულწრფელად, ნათლად, ლაღად.
-მადლობა?… რისთვის? დავიბენი და მივაშტერდი.
-სალამისთვის. სალამი ხომ ღვთისაა…
ყველაფერი ჩამეწვა შიგნით.
ადამიანი… ადამიანი დგას, ნაგვის ურნაში სარჩოს ეძებს და მაინც…მაინც აქვს სინათლე ღიმილში, მაინც აქვს მადლიერების გრძნობა და მაინც… მაინც არ არის გაბოროტებული იმით, რომ მის სალამს ყველა არ ეპასუხება და მადლობას უხდის მას, ვინც სალმითვე პასუხობს…
-გაიხარე! მართალია, სალამი ღვთისაა! ვუთხარი და ხელი ავუწიე დამშვიდობების ნიშნად.
ღიმილი მქონდა შერჩენილი სახეზე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ჩემი ჯიბიდან ხურდის ჩხრიალის ხმა შემომესმა და გავჩერდი.
მოვიქექე ჯიბე. ხურდები ამოვიღე.
მივბრუნდი.
-ბოდიშს გიხდით, თუ არ იუკადრისებთ, პური იყიდეთ…
ვუთხარი და დაბნეულად გავიწოდე ხურდიანი ხელი.
-დაიცა, დაიცა… აბა კულტურულად ვქნათ ყველაფერი! თქვა და დაცრეცილი, ნაქსოვი ხელთათმანი წაიძრო. ხელისგული მომიშვირა.
მან არაფერი იცის… არ იცის არაფერი და მას არც ახველებს, არც აცემინებს, არც ნიღაბი უკეთია, ხელთათმანიც სუსხისგან დასაცავად გაუკეთებია და ღმერთო…
ეს ღიმილი… ისევ მიღიმის… აქა-იქ შერჩენილ კბილებში და ცისფერ თვალებში ღმერთები ცეკვავენ…
ხელის გულზე დავუდევი ხურდები.
-მადლობა! ვუთხარი და გავუღიმე.
მე ღიმილისთვის ვიხდიდი მადლობას, იმ ღიმილისთვის, რომელიც ნიღბებმა შთანთქა…ის კი ალბათ სალმისთვის მიხდიდა მადლობას, ან ხურდისთვის…
-ღმერთმა მრავალ აღდგომას დაგასწროს, იხარე და იდღეგრძელე!
მითხრა ძალიან ომახიანად, ისევ გულიანად გამიღიმა და ხელი საფეთქელთან მიიდო, თითქოს ჯარის მეთაურს ესალმებოდა
მეც მივიდე ორი თითი საფეთქელთან. მადლობა გადავუხადე და სახლში ისე დავბრუნდი, თითქოს აფხაზეთი დავიბრუნე, ან ცხინვალი დავიხსენი.
მას არაფერი დაემართება! ის დიდხანს იცოცხლებს! იმიტომ რომ მის ღიმილში ღმერთები ცეკვავდნენ. ვფიქრობდი ჩემთვის…
გულწრფელი ღიმილი ხომ სულის მკურნალია 🍀🌱💜🌴