fbpx

ბიზნესი, რომელიც მალე საქართველოდან ამერიკისა და ევროპის ბაზარზეც გავა

ავტორი ნინო გონგაძე
993 ნახვა

 BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე ბაგრატ ელიაური

„კაიზერ ეპილაციის“ დამფუძნებელი.

“კაიზერ ეპილაცია” – ამ სახელით საქართველოს მასშტაბით დღეს უკვე თექვსმეტი კაბინეტია გახსნილი.

„მომხმარებელს კომფორტულ, სწრაფ და ხარისხიან ეპილაციას ბევრად დაბალ ფასში ვთავაზობთ. ეს არის ჩვენი კოზირი და მთავარი მესიჯიც“- მეუბნება ბაგრატ ელიაური და გვიზიარებს ცოდნას, რომელიც დამწყებ ბიზნესებს წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

 „ბიზნესში პრობლემა და სირთულე შეიძლება ყოველთვის იყოს, მთავარია შეცდომებზე ვისწავლოთ, დასკვნა გამოვიტანოთ, რომ შემდეგში იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ”- ბაგრატ ელიაური:

ბაგრატ რა იყო თქვენი პირველი ბიზნესი?

– 2013 წელს, საქართველოში პირველი ნეილ სტუდიო გავხსენი თანამედროვე სტანდარტებით, რაც იმ დროისთვის დიდი სიახლე იყო. მაღალი დონის მომსახურებით და საუკეთესო პროდუქტით გამოვირჩეოდით. ვფიქრობდი, უსაფრთხოების დაცვა ყველა მომხმარებლის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის ბევრს უსაფრთხოება დიდად არ აინტერესებდა,  უარს ამბობდნენ ამ მომსახურებაში ოდნავ მეტის გადახდაზე. ეს საქმე თავიდანვე პრობლემებით დაიწყო, ადგილიც არასწორად შევარჩიე. ათასი შეცდომა დავუშვი, შემდეგ კი ამ შეცდომებზე ვისწავლე. მეგობართან ერთად ნეილ სტუდიოს პარალელურად სოლარიუმების ხაზიც გავაკეთე. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ბიზნესი დავტოვე. ჩემი მესამე მიმართულება სილამაზის სალონებში დისტრიბუცია და საბითუმო მასალების მიწოდება იყო. მათ შორის ეპილაციის სხვადასხვა წარმოების აპარატებისაც. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, პრობლემის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარებაც გაგვეწია მომხმარებლისთვის. ამ მომსახურების დროს გავარკვიეთ, რა სჭირდებოდა ადგილობრივ ბაზარს, რა პრობლემები იყო, რა ეჭვები და კითხვები ჰქონდა მომხმარებელს. შევაგროვეთ მონაცემთა ბაზა და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი აპარატი. ასე გადავინაცვლე ეპილაციის ბიზნესში.

რით გამოირჩევა კაიზერ ლაზერის აპარატი სხვა აპარატებისგან, რას სთავაზობთ მომხმარებელს ახალს და განსაკუთრებულს?

– პირველივე აპარატმა საკმაოდ კარგი შედეგი დადო. სხვა ხარისხიან აპარატებთან შედარებით, ბევრად ნაკლები თვითდანახარჯი აქვს. ჩემს გუნდთან ერთად მივედი იმ დასკვნამდე, რომ გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებელს კომფორტული, სწრაფი და ხარისხიანი ეპილაცია ბევრად დაბალ ფასში შევთავაზოთ. ეს არის ჩვენი კოზირი და მთავარი მესიჯიც. კაიზერ აპარატი ინოვაციურია და ყველაფერს ავტომატურად აკეთებს. სპეციალისტს მხოლოდ სიმძლავრის სწორად შერჩევა ევალება. ამგვარად, მისი შრომაც მარტივდება და ამის გამო სპეციალისტის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მოთხოვნაც უფრო დაბალია. მინიმალურია ადამიანური შეცდომის ფაქტორიც, რომელიც შეიძლება ყველას მოუვიდეს. გარდა ამისა, კაიზერ აპარატს  არ სჭირდება გელი, თავაკია ისეა მოწყობილი, რომ მის გარეშე მუშაობს. ამ გზით მომხმარებელს დიდი დისკომფორტი მოვუხსენით.

აპარატის შექმნამდე გამოკითხვა ჩავატარეთ, თუ რა არ მოსწონს ყველაზე მეტად მომხმარებელს და სწორედ პროცედურაში გელის გამოყენება დასახელდა ასეთ დისკომფორტად. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, ყველანაირად მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს.

რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

-ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, თექვსმეტი კაბინეტი გვაქვს. აქედან ოთხი ფილიალი არის თბილისში (მეტრო დელისთან, მეტრო ვარკეთილთან, მეტრო ახმეტელთან და ქარვასლაში), რამდენიმე კაბინეტი გვაქვს ბათუმსა და ფოთში, სამ თვეში გორსა და რუსთავშიც გავხსნით. სამომავლოდ საქართველოში ოცდათხუთმეტ კაბინეტამდე გაზრდას ვგეგმავ. შემდეგი წლიდან კი ვიფიქრებ დასავლეთის ან ამერიკის ბაზარზე შესვლას. ამ მიმართულებით უკვე დავიწყე მუშაობა, შტატის შერჩევის პროცესში ვარ. ყველა შტატს თავისი კანონმდებლობა აქვს. ასევე ვარჩევ ბაზრებს ევროპის მიმართულებით. უცხოეთის ბაზრებზე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში შესვლა საკმაოდ რთული პროცესია, ვნახოთ ახლო მომავალში რა შედეგებს დავდებთ.

როგორი იყო ბიზნესისკენ მიმავალი გზა, რამდენად რთული ან მარტივი?

-ადვილი ნამდვილად არ იყო, მაშინ როცა გამოცდილება არ გაქვს ამ მიმართულებით, ყველაფერია მოსალოდნელი. მაქსიმალური შედეგის დადება ყოველთვის სირთულესთან არის დაკავშირებული. პანდემიის დროს თითქმის გავკოტრდით. ორი წელი დაკეტილები ვიყავით, არავინ იცოდა რა იქნებოდა მომავალში. ხარჯი იგივე დაგვრჩა, შემოსავალი კი ნული. მაგრამ მეგობრების და ახლობლების დახმარებით ამ სიტუაციიდან რაღაცნაირად გამოვძვერით. მომავალს ყოველთვის იმედით ვუყურებ, ყველა პრობლემა მოგვარებადია. პრობლემა და სირთულე ყოველთვის იქნება, მთავარია შეცდომებზე ვისწავლოთ, დასკვნები გამოვიტანოთ, რომ შემდეგში იგივე შეცდომა არ დავუშვათ.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს თქვენი ათწლიანი გამოცდილებიდან?

-ყველაზე მთავარი რჩევა იქნება – საკუთარი აზროვნება არ გადაიტანოთ ბიზნესში, ის უნდა გააკეთო რაც ბაზარს სჭირდება და არა ის, რაც შენ გგონია რომ სჭირდება. სწორად დაფიქრდნენ, გააანალიზონ რეალურად რა მოთხოვნებია. ეს რომ ვინმეს ჩემთვის ბიზნესის დაწყებამდე ერჩია, ამდენ შეცდომას არ დავუშვებდი…

საქმე დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ დააკვირდეთ მუშაობს თუ არა, მერე ცოტათი გაზარდეთ ნაბიჯები. დამწყები ბიზნესმენები ხშირად  უშვებენ შეცდომას, როდესაც იდეა მოუვათ ნორმალურად არ აანალიზებენ მას, მაშინვე სესხი გამოაქვთ, ფიქრობენ, რომ გაამართლებს, რაც ცუდი შედეგებით მთავრდება. გააკეთე ის, რაც სჭირდება ბაზარს და პატარა ნაბიჯებით გადაადგილდი. ცოტა ხანში, როცა უკან მოიხედავ, დაინახავ, თუ რამხელა მანძილი გაგივლია.

რა არის საჭირო წარმატებული ბიზნესისთვის?

-მე შემიძლია ვისაუბრო მცირე და საშუალო ბიზნესზე, დიდ ბიზნესში სავარაუდოდ სხვა უნარებია საჭირო. ჩემივე გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმისათვის რომ გქონდეს წარმატებული ბიზნესი უნდა გქონდეს ცოდნა. ხშირად პრობლემები სწორედ უცოდინარობის გამო იქმნება. პატარა წვრილმანები შემდეგ დიდ სირთულეებს ქმნის, ამ სირთულეების თავიდანვე არიდება შეიძლება ცოდნის მიღებით. თუ ვინმემ ბიზნესის კეთება გადაწყვიტა ჩემი რჩევა იქნება, ეს საქმე შესაბამისი ცოდნის მიღებით დაიწყოს. არ დაგეზაროთ სწავლა. ასე უფრო მეტს მიაღწევთ. როცა მე ბიზნესის კეთება გადავწყვიტე, BPN Georgia-ში მივედი, პროფესიონალ ადამიანებს გავესაუბრე, ჩემს იდეასთან დაკავშირებით მათ ვკითხე რჩევები. ერთად ვიმსჯელეთ და განვიხილეთ მოსალოდნელი შედეგები.

-როგორ შეიტყვეთ  BPN Georgia-ს შესახებ?

-როდესაც აპარატებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გავლა მჭირდებოდა დავიწყე ბიზნეს ექპერტების მოეძიება, ბრმად არ მინდოდა გეგმას გავყოლოდი. როცა ცოდნა გაკლია, სჯობს მიხვიდე იქ, სადაც ამ ცოდნას მოგცემენ. ამ ძებნის პროცესში, ინტერნეტში გადავაწყდი BPN Georgia-ს. შევედი მათ გვერდზე, ჩემთვის მათი პროგრამა საინტერესო აღმოჩნდა და თანამშრომლობა გადავწყვიტე. ისეა ყველაფერი აწყობილი, პროგრამის დასასრულს გაქვს ბიზნესის განვითარების გეგმა და კარგი ცოდნა. ჩემი იდეა რეალობაზე რომ მომერგო, ამაში ძალიან დამეხმარნენ BPN Georgia-ს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტები.

რა კუთხით გაამართლა თქვენი იმედები და რა მოგცათ BPN Georgia-ს თან ურთიერთობამ?

-BPN Georgia-მ ჩემს იმედებს ბევრად გადააჭარბა. მაღალპროფესიონალი ადამიანების გუნდთან დამაკავშირა. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე BPN Georgia-ში რჩევის მისაღებად ან გამოსავლის საპოვნელად. ეს ადამიანები მზად არიან გვერდით დაგიდგნენ და სიამოვნებით გეხმარებიან. დიდი იმედია, როცა იცი არსებობს პროფესიონალთა გუნდი, რომელთანაც მიხვალ და მიიღებ საჭირო დახმარებას. დღემდე ვურთიერთობ მათთან, ვმეგობრობ და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მივმართავ ბიზნეს ქოუჩინგისთვისაც.

თუ ურჩევდით სხვებს BPN Georgia-ს და რატომ?

-რა თქმა უნდა, ვურჩევ, თუ კარგი ბიზნეს იდეა მოგივათ თავში, შეგიძლიათ მიხვიდეთ BPN Georgia-ში, სადაც ხელს ჩაგკიდებენ და ყველა ეტაპს აქტიურად და უსაფრთხოდ გაგატარებენ. პროცესში მარტივად მიხვდები, რამდენად ღირს იმ იდეის შესრულება, რაც აზრად მოგივიდა და თუ ღირს, რა ფორმით უნდა იმუშაო მასზე. რომ არა BPN Georgia, ჩვენ ორჯერ მეტი დროის და ძალისხმევის გაღება მოგვიწევდა…

თუ თქვენც გსურთ გახდეთ  BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,

დარეკეთ:  599 87 93 41

მსგავსი სტატიები

Leave a Comment