fbpx

„წარმატება იწყება იქ, სადაც თქვენი კომფორტის ზონა მთავრდება“…

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

აუდიტორიის წინაშე უნდა გამოხვიდეთ, მაგრამ მუხლები ჯერ კიდევ პოდიუმთან მიახლოებამდე გიკანკალებთ. თქვენი პროფესიული ქსელის გაფართოება გსურთ, მაგრამ უმალ ლურსმნებს გადაყლაპავთ, ვიდრე უცხოს გაუბამთ საუბარს. თათბირებზე თქვენი აზრის გამოთქმა სამსახურში თქვენს რეპუტაციას წაადგებოდა, მაგრამ შიშობთ, რომ რაღაც არასწორს იტყვით. მსგავსი სიტუაციები, ისეთები, რომელიც პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, მაგრამ პირად კოშმარად აღიქმება, სამწუხაროდ, საკმაოდ გავრცელებულია. მათზე მარტივი პასუხი – თავის არიდებაა. ვინ აირჩევს შფოთვას, თუ მისი თავიდან არიდება შეუძლია?

მაგრამ, რა თქმა უნდა, პრობლემა ის არის, რომ ასეთი სახის აქტივობები მხოლოდ უსიამოვნო არ არის – საჭიროცაა. სამსახურებრივ და კარიერულ ზრდასთან ერთად, მუდამ ვდგებით ისეთი სიტუაციის წინაშე, როცა ჩვენი ქცევის ადაფტაცია გვიწევს. ეს იმ სამყაროს რეალობაა, რომელშიც ყოველდღე გვიწევს მუშაობა. და ნახტომისთვის საჭირო უნარის და მამაცობის გარეშე წინსვლისთვის საჭირო შესაძლებლობები უბრალოდ გაგვეპარება. როგორ შეგვიძლია ჩვენ, პროფესიონალებს მსგავსი უსიამოვნო, მაგრამ პროფესიულად სასარგებლო მოქმედებების თავის არიდებაზე ფიქრის შემობრუნება?

პირველ რიგში, საკუთარ თავთან კეთილსინდისიერება შეინარჩუნეთ.

აი, მაშინ, როცა დიდ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაზე უარი თქვით, ეს ნამდვილად თქვენი მოუცლელობის ბრალი იყო, თუ, მხოლოდ და მხოლოდ სცენაზე ასვლის და პრეზენტაციის შეგეშინდათ? და როცა იმ თანამშრომელს არ დაუპირისპირდით, რომელიც მუდამ ძირს გითხრით, ასე იმიტომ მოიქეცით, რომ გრძნობდით, ბოლოს და ბოლოს თავს დაგანებებდათ, თუ კონფლიქტის შეგეშინდათ? გადახედეთ თქვენს თავის მართლებებს, რაც თქვენი კომფორტის ზონის მიღმა არსებული სიტუაციებიდან თავის არიდებას მოსდევდა და ჰკითხეთ თქვენს თავს, ნამდვილად კი ასე იყო? სხვას რომ სწორედ ასე ემართლებინა თავი, მას შიშად მონათლავდით თუ რეალურ მიზეზად? პასუხი ყოველთვის მკაფიო არ არის, მაგრამ თუ თქვენს თავთან მართალი არ იქნებით, თქვენი უმოქმედობის დაძლევას ვერასოდეს შეძლებთ.

ამის შემდეგ გაითავისეთ ქცევა.

ადამიანები ყოველდღიური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იშვიათად თუ იძაბებიან. მძიმე საუბრის მომზადება შესაძლოა თქვენთვის რთული იყოს, მაგრამ თუ კონკრეტულ თემაზე ბევრი რამ იცით, ბევრად მარტივად მოემზადებით. ან ზოგადად გიძნელდებათ ქსელის გაბმა, მაგრამ თუ ეს ვიწრო წრეში ხდება, პრობლემას ვერ ხედავთ.

გააცნობიერეთ ეს გარემოებები და სიტუაცია ხელში აიღეთ – ცვლადებს შემთხვევითობას ნუ დაუთმობთ. მუდმივად მიხდება ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც სამსახურსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტის ზონის დარღვევას მუდამ ეწინააღმდეგებიან. მათთან ურთიერთობისას აღმოვაჩინე, რომ საჭირო ნაბიჯის გადადგმის ნაკლებად მძაფრად აღქმისთვის იმაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე გვგონია. ხშირად შეგვიძლია სიტუაცია იმგვარად მოვმართოთ, რომ აუცილებელი საქმე მეტად მისაღები გავხადოთ. მაგალითისთვის, თუ დიდი, ხმაურიანი შეხვედრების დროს ჯგუფთან საუბარი ჩემსავით გაშინებთ, ამ საუბრისთვის წყანრი კუთხე შეარჩიეთ, ან დერეფანში, ან სულაც შენობის გარეთ გადაინაცვლეთ. თუ საჯაროდ გამოსვლა და პროფესიული შეხვედრები არ გიყვართ, მაგრამ თავს შედარებით კომფორტულად მცირე ჯგუფებში გრძნობთ, ასეთ ჯგუფებთანსაუბრის შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან, ან სულაც ყავაზე დაპატიჟეთ ის, ვისთან საუბარიც განგიზრახავთ.

და ბოლოს, გადადგით ნაბიჯი.

თქვენი კომფორტის ზონიდან გასასვლელად, ნაბიჯი უნდა გადადგათ მიუხედავად იმისა, თავს კომფორტულად იგრძნობთ თუ არა. ყველა ღონე იხმარეთ, რომ თავს ნაბიჯის გადადგმა აიძულოთ და შესაძლოა აღმოაჩინოთ კიდეც, რომ ის რისაც გეშინოდათ, ისეთი ცუდიც არ ყოფილა, როგორადაც აღიქვამდით.

მაგალითისთვის, საჯარო გამოსვლა არასოდეს მიყვარდა. ასპირანტურაში საჯარო გამოსვლის სალექციო კურსი ავიღე. ჩვენი პროფესორი ჩანაწერების დახმარებით სიტყვით გამოსვლას გვაიძულებდა. ბოლოს, მესამე თუ მეოთხე გაკვეთილის შემდეგ, ჩვენი ჩანაწერების გარეშე, ექპსრომტად საუბარი გვთხოვეს. მეც და ჩემს ჯგუფელებსაც ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ იცით რა? ამ ყველაფერმა იმუშავა. დავალებას მშვენივრად გავართვით თავი. სინამდვილეში, ჩანაწერების გარეშე საუბარი გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, რაც მეტი ბუნებრიობის და ავთენტურობის დამსახურება იყო. მაგრამ ამ მაიძულებელი მექანიზმის გარეშე, ალბათ ვერც ვერასოდეს გადავდგამდი ნაბიჯს.

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. დიდ ღონისძიებებზე მაშინვე სიტვით გამოსვლამდე, საჯაროდ გამოსვლის გაკვეთილებს დაესწარით. სხდომათა დარბაზში, უფროსი კოლეგების წინაშე გამოსვლის ნაცვლად, ჯერ კოლეგებთან მცირე შეხვედრებზე გაივარჯიშეთ და დააკვირდით, როგორ იგრძნობთ თავს. პროცესში კი მოიფიქრეთ ვის შეიძლება ჰკითხოთ რჩევა მსგავსი გამოწვევის მისაღებად.

შეიძლება შებორძიკდეთ, მაგრამ ეს ნორმალურია. სინამდვილეში ეს ერთადერთი გზაა, რაც სწავლაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღიარებთ, რომ შეცდომები სწავლის პროცესის გარდაუვალი და ფაქტობრივად, ძირითადი გზაა. ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომფორტის ზონის მიღმა თავი შესაძლოა უმწეოდ ვიგრძნოთ, იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე გვგონია. ასე, რომ, იმიძრავეთ. თქვენს თავთან მართალი იყავით, ქცევა თქვენეულად გაიხადეთ და გადადგით ნაბიჯი. ვფიქრობ, ზრდა, სწავლა და პროფესიული რეპერტუარის გაფართოება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

წყარო: Harvard Business Review

marketer.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment