fbpx

„ჩემი გზავნილი იმ ადამიანებისთვისაა ვინც დღეს უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით“

ავტორი ჟოლო
2.9K ნახვა

გაცნობიერების ძალა

მე ვარ თავის(უფალი), მე ვარ ჰარმონიაში სამყაროსთან და საკუთარ თავთან. რას ნიშნავს ყოველივე ეს? — როდესაც გონება თავისუფალია ნეგატიური აზრებისგან, როდესაც არ გმართავს შიში და სიძულვილი.

მე ვიპოვე ბედნიერება ჩემს გულში, რამაც სიყვარულთან მიმიყვანა. მე დავინახე, რომ ბედნიერად ყოფნა დამოკიდებულია არა, გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. ბედნიერება ჩვენ გულებშია, სადაც არასოდეს ვიხედებით. საოცარია არა? მეც ამ საოცრებაზე მინდა მოგითხროთ და გაგიზიაროთ, თუ როგორ მოვედი აქამდე.

მაშ, გავაგრძელოთ თხრობა.

— ბედნიერება შენი სულის მდგომარეობაა, საიდანაც სათავეს იღებს შენი ცხოვრება, რომლის შემოქმედიც შენ თვითონ ხარ და შენ ხდები პასუხისმეგებელი შენს ცხოვრებაზე. არ იფიქროთ, რომ ეს საკმარისია ჩემი ცნობისმოყვარე ცხოვრების ,,გამოსაკვებად“, ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვი მატერიალურ საზრუნავზე, უბრალოდ აღარ ვარ ჩაბმული ცხოვრების დაუსრულებელ რბოლაში. გავაცნობიერე, რომ ჩემი მიზნები აუცილებლობებით უნდა ისაზღვრებოდეს და ჩემ მიზნებს ეტაპები აქვს.

მას შემდეგ, რაც სპეციალისტის დახმარებით საკუთარი თავზე მუშაობა და საკუთარი თავის გაცნობიერება დავიწყე, მე შევიძინე ახალი უნარი, როგორ ვიცხოვრო სწორად. ვისწავლე თუ როგორ შეიძლება გამოცდილებისა და ცოდნის დახმარებით შინაგანი თავისუფლების მიღწევა ისე, რომ საკუთარ თავში რაიმეს დათრგუნვა ან ჩახშობა არ მომიწიოს. მე შევიყვარე საკუთარი თავი და დავინახე ერთი გზა, საკუთარი თავის შეცნობის გზა, რომელმაც ჰარმონიაში მომიყვანა საკუთარ თავთან.

მე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, საკუთარ საქმეზე, შედეგად — ჩემი მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით ბევრად წარმატებული გახდა. ორიენტირებული გავხდი შედეგებზე. აქედან დაიწყო ჩემი წარმატება მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან და თქვენ წარმოიდგინეთ უცხო ადამიანებთანაც კი… თავიდან ვიფიქრე, რომ ისინი იცვლებოდნენ სინამდვილეში მე შემეცვალა ხედვები, დამოკიდებულებები. ბედნიერების გამოსხივება დავიწყე.

როგორი ვიყავი მანამდე? რას ვაკეთებდი ჩემი ბედნიერებისთვის? — ღრმა ძილში ვიყავი. ჩემი ცხოვრება თანმიმდევრული ,,საშინელებებისგან“ შედგებოდა. წარუმატებლობაში მუდამ სხვებს ვადანაშაულებდი, ვეძებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ,,ჩასაფრებულნი მდარაჯობდნენ“ და არ მაძლევდნენ ბედნიერების საშუალებას. ვცხოვრობდი მუდმივი თავის მართლების და სხვების დადანაშაულების რეჟიმში, ვეძებდი დამნაშავეებს და შედეგიც არ აყოვნებდა — უმალ ვპოულობდი. ჩემს წილ პასუხისმგებლობას მაშინვე სხვას ვკიდებდი — განკითხვა ხომ უფრო კომფორტულია? იყო ,,მსხვერპლი“ სამყარო და ადამიანები კი შენს წინააღმდეგ. ვფიქრობდი, ეს, ხომ იმის ბრალია, რომ… და, აი, აქ იწყებოდა კულმინაცია… მეტი სიმძაფრისთვის, რა თქმა უნდა ყველაზე საშინელ თვისებებს აღმოვაჩენდი ,,დამნაშავეში“, რომ უფრო მეტად დაითრგუნო, უფრო მეტად შეგეცოდოს საკუთარი თავი, უფრო მეტად გაბრაზდე, რომ უფრო მეტად აბობოქრდეს პატივმოყვარე ეგო! როგორ ატკინეს, ვერ გაუგეს!…

აქ თავი უნდა მოხადო მსგავს ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და საკუთარ აზრებს ცეცხლზე ნავთი მიასხა ,,რა უსამართლოა ცხოვრება“ ,,რისთვის ვისჯები“ ,,საერთოდ რატო გავჩნდი“ ,,მე ამას არ ვიმსახურებდი“ ,,სიკეთეს მაინც ვერ დაანახებ“ და შენი აზრები შენვე გაგიჟებს. შენი პატივმოყვარე ეგო მუდმივად გახსენებს, რომ შენ ეს ნამდვილად არ დაგიმსახურებია და ,,იძირები“ საკუთარი თავის სიბრალულში, დანაშაულში.

ცუდად ხარ უკვე, ძალიან ცუდად! რას აღარ ეჭიდები მდგომარეობის გამოსასწორებლად დადიხარ მკითხავებთან და ელოდები, რომ გეტყვის იმას, რისი მოსმენაც გინდა. უსმენ და საერთოდ მიახლოებულიც არაა იმასათან, რისთვისაც მიხვედი, გონია გათხოვება გინდა… ეძებ ახალ გამოსავალს მდგომარეობის შესაცვლელად. ახლა ასტროლოგს მიადექი პირადი რუკის შესადგენად იქნებ და ხსნა აქაა? ამ რუკაშიც იმდენი ,,თავსატეხია“ საფეხურებზე უნდა განვითარდე… კარმული ვალები… დამსჯელი პლანეტა სატურნი 10 სახლში… მარჯვნივ წახვალ კლდეში ჩაიჩეხები — მარცხნივ წახვალ მდინარეში ჩაიხრჩობი…

არაფერი იცვლება, ა-რ-ა-ფ-ე-რ-ი. ,,რატომ, რატომ, რა დავაშავე?!“ თუკი ყველაფერი გადაწყვეტილი იყო სადღაც ცაში, მაშ, რატომ დავიბადე? ვინ გამწირა? ვინ გამიმეტა? — რა გამოდის, მარიონეტი ვარ?! მაშინ საერთოდ აზრი აქვს ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინებას? — კითხვებს ვუსვადი საკუთარ თავს. ვეღარ ხვდები რა გააკეთო, სადაა ხსნა და საშველი უკვე აღარ იცი. ამ დროს ჩემი ეგო კიდე უფრო ძლიერდება და მსხვერპლივით იწყებს წკმუტუნს. ესაა უკვე მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავს აჯერებ, რომ სამყარო შენს წინააღმდეგაა მოწყობილი და საბოლოოდ კარგავ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის კონტროლს.

გეწყება შიშები, ცუდის მოლოდინი, რითიც იკვებება არსებული პრობლემები, საერთო ჯამში აგროვებ უზარმაზარ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც შენვე განგრევს. თავისდაუნებურად ყურადღება კონცენტრირებულია ნეგატიურზე და შემდგომ უკვე მართლაც პოვებს ხოლმე განვითარებას სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებში. ის უფრო მეტად და მეტი სიხშირით ხდება შენს ცხოვრებაში. ვერც ხვდები, რომ თავად ხარ შემოქმედი იმის, რასაც ღებულობ ცხოვრებისგან. ეს იმდენად გაუცნობიერებლად არსებობს შენში, ვერც უშვებ, რომ თავად მოიზიდე ის, რაც გაქვს.

განმეორებულმა შეცდომებმა/შემთხვევებმა დამაფიქრა… დავიწყე მიზეზ/შედეგების ანალიზი. არაფრით მომხიბლა იმან, რაც ,,ცხოვრებისგან მერგო“. შეუსრულებელმა მისიებმა გამომაფხიზლა. მე ასე აღარ შემიძლია, ცვლილებების დროა, ვთქვი და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. დავიწყე მიზეზების ძებნა საკუთარ თავში. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და პირველ რიგში კი საკუთარი თავიდან უნდა დამეწყო. დავიწყე ფილოსოფიური ლიტერატურის მოძიება, გავწევრიანდი სხვადასხვა საინტერესო დასახელების თუ ინტელექტუალურ ჯგუფში, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ბევრი მოსაზრება მოვისმინე, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ წლები გადიოდა და იმ შედეგზე ვერ გავდიოდი, რაც მინდოდა.

ეს იმ პროცესს გავდა ხეს, რომ თავში გადაჭრი და ფესვები მიწაში რჩება. ,,მსხვერპლის“ როლი უკვე ორგანულად მქონდა მორგებული, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობდი. — ამას მე ბედისწერას ვეძახდი. დეპრესია, დანაშაულის შეგრძნება, სიბრაზე, განრისხება — ეს გრძნობები ვერ მმატებდა თავდაჯერებულობას. პატარა მარცხსაც კი ისე მგრძნობიარედ აღვიქვამდი, რომ დროდადრო სამყაროსთან კონტაქტს ვწყვეტდი და საკუთარ თავში ვიკეტებოდი.

ეს პროცესები გრძელდებოდა პერმანენტულად. სანამ ერთ დღეს ნაცნობ ჯგუფში, ფსიქოთერაპევტის კონსულტაციის ანონს არ წავაწყდი — ,,გაცნობიერებაზე“. სიმპტომების ჩამონათვალი იმდენად ნაცნობი იყო ვერც კი წარმოვიდგენდი ამ პრობლემების გადასაჭრელად ფსიქოლოგს თუ მიმართავდნენ. ფსიქოლოგი ერთ მოსაწყენ სეანსთან ასოცირდებოდა, სადაც ,,პროფესიული გულისხმიერებით“ ჰიპნოზს ჩამიტარებდნენ და დაიწყებდნენ ჩემ დარწმუნებას, რომ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ,,გაცნობიერება“ სიტყვა მოსვენებას არ მაძლევდა.

რაც არის არის, დაიწყო ახალი ,,ქსპერიმენტიჩემს ცხოვრებაში.

ფსიქოლოგთან სეანსზე მივდიოდი და თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი, განა მე არ ვიცი რა მჭირს, რა უნდა მიშველოს-მეთქი. „თუ არ მომეწონება, მეორე სეანსზე აღარ წავალ“, — თავს ვიმშვიდებდი. „თუ გიჟად ჩამთვალა და ჩემი დარწმუნება დაიწყო, ეგრევე დგები და მოდიხარ“ — გეგმას ვადგენდი. ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა: „იქნებ, მართლა მეხმარება“, „რაღაც მეეჭვება“… ამასობაში ფსიქოლოგის მისაღებ ოთახსაც მივადექი, სადაც უთბილესად დამხვდა მაკა ჯანჯულია. მასთან შეხვედრისთანავე დაინგრა ჩემი პირველი სტერეოტიპი. ვზივართ, ვსაუბრობთ და განცდა არ მაქვს, რომ ფსიქოლოგთან მიღებაზე ვარ, მგონია ჩემ საუკეთესო მეგობარს ვსტუმრობ და იმ ამბებს განვიხილავთ, რაც უკვე იცის.

მოკლედ ვიზიტმა ფანტასტიურად ჩაირა, გამოვყავი საკუთარი თავისთვის კვირაში ერთი დღე, 1 საათი და აი, აქედან დაიწყო პოზიტიური ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. სწორედ, რომ საჭირო დროს მოვხვდი საჭირო ადგილზე. დავიწყე საკუთარი სურვილების შეფასება, კარგად დავფიქრდი რა მსურდა სინამდვილეში და დავიწყე სწორი პრიორიტეტების დასახვა. დავიწყე საკუთარი თავის გაცნობიერება. პრობლემას, როგორც უკვე ფაქტს აღარ განვიხილავდი. დავიწყე პრობლემებთან თანამშრომლობა და გადაჭრის გზების ძიება. ვიზიტიდან ვიზიტამდე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა.

ამ პერიოდში მე დავიწყე ღრმა ძილიდან გამოსვლა. განვთავისუფლდი საკუთარი ეგოსგან, რომელმაც დამაჯერა, რომ ,,მსხვერპლი“ ვიყავი, რომ ეს იყო ცხოვრება და ბედისწერა. განვთავისუფლდი აგრესიისგან, ვისწავლე რას ნიშნავს გაცნობიერებული პატიება. გავაცნობიერე რას ნიშნავს სინამდვილეში და როგორია იყო ძლიერი პიროვნება. სრულიად განვთავისუფლდი დანაშაულის გრძნობისგან, განვთავისუფლდი ჩემი პატივმოყვარე ეგოსგან, რომელიც მთლიანად ანგრევდა ჩემ პიროვნებას. დავიწყე სიკეთის გაზრდა ჩემში, რაც ადრე ჩემ სისუსტედ მიმაჩნდა. დავიწყე კითხვების დასმა საკუთარ თავთან. ვისწავლე რას ნიშნავს გიყვარდეს და არაფერს ელოდებოდე. ვისწავლე, საკუთარი თავის მოსმენა, გავაცნობიერე, რომ ჩვენი პრობლემების სათავე საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობისგან გაქცევითაა განპირობებული.

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ჩემი გონება თავისუფალია შიშისგან და სიძულვილისგან. აზრები ბადებენ ემოციას და ჩემი ემოციები დღეს გულწრფელ სიხარულს, პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს. ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა დღეს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სათქმელადაა ადვილი და სწორედ ამიტომ ახერხებს ამ მიდგომით ძალიან ცოტა ადამიანი ბედნიერების მოპოვებას.

მე მესმის, რომ ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში ხანდახან რთულია გაუმკლავდე ცხოვრების გამოწვევებს, წარმოუდგენელიც კი საკუთარ თავში მიზეზების მოძებნა, მაგრამ ჩემი გზავნილი იმ ადამიანებისთვისაა ვინც დღეს უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, ვისაც გაქვთ თვითრეალიზაციის პრობლემა და გგონიათ, რომ მეტს იმსახურებთ ვიდრე გაქვთ, ვისაც გაწუხებთ დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ვინც მომავლის შიშით ან გაუცნობიერებელი შიშით ცხოვრობთ, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოთ. ეს იმ ანონსის მცირე ჩამონათვალია, რაც მე ამოვიკითხე სამიოდე თვის წინ. მივხვდი, რომ ადამიანების 5-10% ყოფნის გამბედაობა წავიდეს სპეციალისტთან, დაიწყოს გაცნობიერება და მისი დახმარებით გავიდეს სასურველ შედეგზე.

ალბათ მიუღებლობა გაქვს და ფიქრობ, რატომ გადავწყვიტე ჩემი ემოციები შენთვის გამეშიშვლებინა. იმიტომ, რომ ალბათ, შენც ჩემნაირი შეშინებული ადამიანი ხარ, ჩამოშლილ დაჭაობებულ ცნობიერში, რომელიც შენივე გადავსებული იდეალებით და სტრეოტიპებით სულს ღაფავს. ზუსტად იგივე პრობლემები გაწუხებს, რაც მე მაწუხებდა. — ასე არაა?! შენც ისევე ეძებ ცხოვრების საზრისს და მიზანს, როგორც მე ვეძებდი. შენც ისევე ხარ გაბნეული სამყაროში, როგორც მე ვიყავი. უბრალოდ ზოგი ადამიანი ახერხებს გზა აბნეულს სწორი მიმართულება მისცეს — ზოგს სწორი გზიდან გადაყავს და ზოგისთვისაც სულ ერთია საერთოდ რაიმე გზას დაადგები თუ არა. ჩემი სურვილი შენი დახმარებაა, რომ დაიწყო გაცნობიერება. ეს ჩემი ხასიათის ძლიერი მხარეა, როცა ყოველთვის მზად ვარ გავაზიარო ჩემი პოზიტივი, მით უმეტეს ახლა.

პასუხისმგებელი საკუთარ თავზე შენ თვითონ ხარ და შენი ნებაა რას აირჩევ. აირჩევ გზას საკუთარი პიროვნების გაცნობიერების თუ გააგრძელებ ბრძოლას ქარის წისქვილებთან. შენს ხელში აიღებ ცხოვრების სადავეებს და შეძლებ მომავლის მართვას თუ სისტემის მსხვერპლად დარჩები. დამიჯერე, არსად არ წყდება შენი ბედი, არც ცაში, არც ვარსკვლავებში, არც პოლიტიკაში — შენს ბედს შენ თვითონ ქმნი, როგორც ამას ახერხებს ცხოვრებაში შემდგარი ადამიანების პროცენტულად ძალიან ცოტა ნაწილი. როგორ გგონია, როგორ შეძლეს მათ ეს? გადაწყვიტე მეგობარო რა გირჩევნია, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე თუ გირჩევნია ,,ბედისწერამ“ სხვამ ან სტერეოტიპებმა გმართოს. მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება თუ ,,სხვისი ცხოვრებით“ იცხოვრო. დააყენებ შენს თავს ყველაფერზე მაღლა თუ ილუზიებში დარჩენა გირჩევნია.

გამოდი ილუზიებიდან, არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, სანამ შენ არ შეცვლი. — ესაა რეალობა. ნუ ელოდები ხვალინდელ დღეს, დღეს, ახლა ამ დროში ქმნი შენს მომავალს. დაიწყე გაცნობიერება, რომ შეცვალო შენი დამოკიდებულებები და მიიღო ის, რასაც ნამდვილად იმსახურებ. გადახედე შენს ცხოვრებას და დაუსვი კითხვა შენს თავს — რას შეცვლიდი? მე მინდა ჩვენ ბევრნი ვიყოთ, მინდა ბედნიერს გხედავდე…

ავტორი: ეკა რაზმაზიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment