ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემაზე და ბევრიც თავად ასკვნის, უჩემოდ, ჰოდა გიპასუხებთ მარტივად:
მე მწამს ღმერთი(ს)
მერე რა, რომ ეკლესიებს და ჯიპიან მამაოებს არ ვცნობ შუამავლებად, მერე რა, რომ არც მარხვა დამიცავს და არც ზიარება მიმიღია, მწამს ჩემთვის, ჩემებურად და ბევრ ეკლესიურ ადამიანზე გაცილებით “ეკლესიურად” ვცხოვრობ.
– ჩემი ღმერთი სიყვარულია, მიმტევებელი და ლმობიერი
– ჩემი ღმერთი არასდროს ქადაგებს ძალადობას, ურჯულოების, ცოდვილების, “ბოზების” ჩაგვრას, გინებას, ცემას და მით უმეტეს კვლას!
– ღმერთი არ ქადაგებს ქალების მონობას, კაცების ბატონობას, ბავშვების ჩვენს ასლებად გაზრდას, სხვის სექსუალურ ცხოვრებაში ჩარევას, ცემას, გინებას და არც ის უთქვამს/უნიშნებია, რომ ეკლესიასთან პირჯვარის გადაწერით და წმინდა სალოცავების სადღეგრძელოთი მარტივად გავაბათილებთ ამდენ საშინელებას.
გთხოვთ, ნუ მოგვევლინებით ღმერთის მოადგილეებად დედამიწაზე და/ან სამართლიანობის აღმსრულებლებად, ის ყოვლისშემძლეა და ჩვენი დახმარება არ სჭირდება. დაე თავად გადაწყვიტოს ვის და რისთვის დასჯის, ან დასჯის თუ არა საერთოდ.
შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის თქვენი გამოგონებული მოძალადე, ჰეითერი და უფრო მეტიც – მკვლელი “ღმერთი”!
რომელსაც ხან კარგები მიჰყავს თავისთან, ხან ცუდებს სჯის სიკვდილით, რომელიც მისი სახელის ძალადობით დაცვისკენ მოგიწოდებთ, რომელსაც სძულს ყველა, ვინც თქვენგან განსხვავდება და მხოლოდ თქვენ უყვარხართ, იმიტომ, რომ კისერზე ჯვარი გიკეთიათ (მაშინაც კი, როცა ცემთ, ღალატობთ, აგინებთ, არ იხსნით არასდროს), ან ხატის ფოტოზე გულს და ამინ-ს წერთ.
აი, ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა
გურამ შეროზია, ბლოგერი