fbpx

ცხოვრების რეპეტიცია ნინო კანდელაკთან ერთად

ავტორი თამარ გონგაძე
283 ნახვა

მიხარია, რომ უკვე, ჩვენს რეალობაში, ფსიქოთერაპევტთან სიარულის კულტურა დამკვიდრდა. ადამიანი, სტრესთან გასამკლავებლად, ძველმოდური მიდგომით, ანტიდეპრესანტს ბრმად კი არ იღებს, ნიშნავს ვიზიტს ფსიქოთერაპევტთან, ქოუჩთან და გახსნილი საუბრებით, საკუთარი ქვეცნობიერის ჟინსა და სურვილს ეძიება.

მოკლედ, ამ მხრივ წინსვლა გვაქვს.

ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი, კიდევ უფრო მაცდურ სეანსებზე გვესაუბრება. ტრანსული თერაპია გაგიგიათ? ერიქსონის ჰიპნოზი?..

ამ დროს ფსიქოლოგის დახმარებით უმოკლესი გზით შინაგან მკურნალს, შენს ქვეცნობიერს უკავშირდები და „ნამდვილ მესთან“ შეხვედრის შემდეგ საოცრებები ხდება…  ამ საოცრებებზე ცოტა გვიან ქალბატონი ნინო თავდ მოგიყვებათ, მანამდე კი უფრო ახლოს გავიცნოთ.

ნინო კანდელაკი ადამიანებს თვითგანვითარებასა და თვითშემეცნებაში ეხმარება.

ის გახლავთ ნეირო-ლინგვისტური პროგრამების ოსტატი მთელი ოცწლიანი გამოცდილებით. ფსიქოსინთეზისა და ერიქსონის ჰიპნოზის სპეციალისტი.

ფსიქოთერაპევტი მუშაობს როგორც დიდებთან, ასევე ბავშვებთან; როგორც მავნე დამოკიდებულებების მქონე ადამიანებთან, ისე ნებისმიერთან, ვისაც თერაპიული განტვირთვა სჭირდება.

ნინო კანდელაკი: 45 წლის წინ, როდესაც ფსიქოლოგობა გადავწყვიტე, ეს პროფესია, ჩვენთან მოდური არ ყოფილა. მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ მაინტერესებდა ადამიანი. კლასელებიდან ყველა მე მანდობდა თავის საიდუმლოებებს. თითქოს ნიჭიც მქონდა, მომესმინა, რჩევა მიმეცა, საიდუმლო შემენახა. სულ პატარაობიდან მახსოვს ეს.

ზოგადად, ადამიანი სულ მაინტერესებდა, ვფიქრობდი ამ სამყაროზე, რა მინდა, რატომ მოვედი ამქვეყნად? ვერ ამომეხსნა, ვეძებდი კითხვებზე პასუხებს… რა ფუნქცია აქვს ადამიანს ამ სამყაროში? ეს იყო ჩემთვის უმთავრესი ინტერესი.

სხვა ფაკულტეტი ვერც წარმომედგინა.

ზოგადი ფსიქოლოგიის შესწავლის  შემდეგ, ფსიქოთერაპიის კურსებს ჩემით დავეუფლე. სხვადასხვა სკოლის ოსტატი გავხდი. ვისწავლე არტ თერაპია, ფსიქოსინთეზი. არ ვჩერდები, სულ ვვითარდები.

წლების წინ, ჩვენთან, მოსკოვის ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა. ჩამოდიოდნენ ფსიქოთერაპევტები და ამ ინსტიტუტის ტრენერები; წიგნების ავტორები და სერიოზული სპეციალისტები, რომლებთანაც საკმაოდ ვრცელი კურსები გავიარეთ…

შევისწავლეთ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. გავხდი მილტონ ერიქსონის ჰიპნოზის სპეციალისტი. მიყვარს ერიქსონი, საოცარი ბიოგრაფია აქვს. მან შთაგონებითა და სწორი ვიზუალიზაციით, ჯერ თავი  განიკურნა და შემდეგ ათასობით ადამიანი. შექმნა ტრანსული თერაპიის მეთოდი. იყო ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი.

გარდა ამისა, გავიარე დამოკიდებულებებზე (თამაში, ნარკოტიკი, ალკოჰოლი) მუშაობის კურსები. დავეუფლე ბავშთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის კურსს.

დაგეთანხმებით, ფსიქოთერაპევტთან სიარულის კულტურა არის უკვე ჩვენში. კარგი ტენდენეციებია ამ მხრივ. სხვადასხვა ადამიანები დადიან – დედები, მომავალი დედები, ვისაც ვასწავლი, ელემენტარულად, როგორ აღზარდონ ბავშვები. ორიოდ დღის წინ მოვიდნენ შეყვარებულები, რომლებიც შეუღლებას აპირებენ და მიიღეს ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიაზე ცოდნა. ისე გამიხარდა მათი მოსვლა, თანაცხოვრების დაწყების წინ მოვიდნენ და მადლიერებმა დამტოვეს. იმდენი რამ გავიგეთ, ვერც წარმოვიდგენდით, ფსიქოლოგიაში ამდენი ცოდნა თუ არსებობსო,- გაოცებას ვერ მალავდნენ.

ტემპერამენტის ტესტები უნდა გავუკეთო. ამის ცოდნა წყვილს შველის და შემდეგ უკვე, კონფლიქტების 80 პროცენტი აღარ ხდება. უკვე იციან, რომ ამ კონკრეტული ნერვული სისტემის ტიპით არიან დაბადებულნი (სულ ოთხი ტიპია). ნერვული სისტემა არ იცვლება, თავს კი ატრენინგებ, მაგრამ პირველი რეაქცია, მაინც ის გაქვს, რაც დაბადებიდან.

უფრო კონკრეტულად მინდა გვესაუბროთ თერაპიულ ტრანსზე, რა პროცედურაა, როგორ  შედის ტრანსში ადამიანი?

ერიქსონის ჰიპნოზი, რომელსაც მე ჩემს ცენტრში ყველა მსურველს ვუტარებ, სამი ტიპისაა: თერაპიული, სადიაგნოსტიკო და რესურსული ტრანსი.

სადიაგნოსტიკო ტრანსის დროს, ექოსკოპიის მსგავსად ჩანს, რა მდგომარეობაშია ადამიანის სული და შინაგანი სამყარო იმ ეტაპზე. თერაპიული ტრანსი კონკრეტულ თემაზეა, რა შეკვეთითაც არის ადამიანი მოსული.

რესურსული ტრანსის დროს კი ვაღვიძებთ ადამიანის რესურსებს, ჩვენში არსებულ იმ საგანძურს, რომელთანაც ჩვენი სტრესებისა და ტრავმების გამო წვდომა აღარ გვაქვს. ეს არის ძალა ცვლილებისთვის. ადამიანს რესურსების ოკეანე აქვს ქვეცნობიერში.

მათთვის, ვინც დამოკიდებულია თამაშზე, ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე, მე ჩემი მეთოდი შევიმუშავე. მჭირდება ათი სეანსი, რომ დავეხმარო. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მოდის ამ პრობლემით. არ უნდათ თავის დანებება. თუ გადაწყვეტენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრება დაენგრათ და მოდიან, შედეგიც არის. მაგრამ სამწუხაროდ, წელიწადში შეიძლება მოვიდეს სამი-ოთხი ადამიანი…

ტრანსული თერაპიით მუშაობა ძალიან ეფექტურია.

ტრანსი 20-25 წუთი გრძელდება, მაგრამ იმხელა ინფორმაცია მოაქვს, რომ მერე ერთი საათი ვარჩევთ, რა რას ნიშნავს, ის სიმბოლო რატომ ნახა, რატომ უთხრა ეს ქვეცნობიერმა. ტრანსის შემდეგ ვახატინებ და იმ ნახატს ვარჩევთ. ტრანსიდან წამოსულ ინფორმაციას ავსებს ნახატი.

რახან მოდის, უკვე განაცხადია, რომ მზად არის ცვლილებებისთვის.

ნარკოდამოკიდებულს რესურსული ტრანსის დროს ისეთი ნეტარება უგრძვნია, ისეთი სილამაზე უნახავს, სამყაროსთან ერთიანობის განცდა დაუფლებია, მერე უთქვამს, რაში ვხარჯავდი დროს და ენერგიას, თუ ბუნებრივი გზით შეიძლებოდა ამ ნეტარების და სიამოვნების განცდაო. ფსიქიკა ტრანსულ მდგომარეობაში როცა გადადის, იკურნები. იძენ საკუთარი თავის რწმენას, რომ შეძლებენ თავი დააღწიო პრობლემას, დამოკიდებულებას.

– როგორც თქვით არტ-თერაპიითაც მუშაობთ.

დიახ, მინტერესებს არტთერაპიის სხვადასხვა მიმართულება. არტთერაპია ჰგონიათ მხოლოდ ხატვაა. ამ დროს, თანამედროვე არტთერაპია ძალიან განვითარდა და ხელოვნების ყველა დარგი მოიცვა – ცეკვა, თეატრი, კითხვა, წერა, ლიტერატურა, ზღაპარი…

მწერალსა და ფსიქოლოგს, გურამ მეგრელიშვილს აქვს წერის საავტორო სკოლა „ფასკუნჯი“, სადაც წერის კლუბში დადიან მოზარდებიც და ზრდასრულებიც და გარდა, წერითი თერაპიისა, სწავლობენ ნაწარმოების სწორად წერის ტექნიკას. არ იცით, ბავშვები რა დაინტერესებულნი არიან წერითა და კითხვით. გურამმა უამრავ ბავშვს შეაყვარა წიგნი.

ამ სკოლაში მე ზღაპრით თერაპიას ვასწავლი. მაგალითად, როგორ უნდა დაძლიოს ბავშვმა შიში, ეჭვიანობა. მე და გურამი ვმუშაობთ თერაპიული ზღაპრების წიგნზე და გამოვცემთ კრებულად.

***

არტ თერაპიის მიმართულებაა დრამათერაპია. ძალიან საინტერესო თერაპიაა. ჯგუფურად ტარდება. ვაძლევ ზღაპარს და სპონტანურად, რეჟისორის გარეშე, ინაწილებენ როლებს, მიზანსცენებს, ირგებენ ჩემს მიერ მიცემულ აქსესუარებს, „კოსტიუმებს“, ყველა ერთად დგამს სპექტაკლს. აქ მთავარია, ის რომ რეჟისორი არ ჰყავთ, ყველა მონაწილეობს მის დადგმაში.

მე მაქვს აღჭურვილობა, ფერადი ნაჭრები, გვირგვინები, ფერიის ჯოხები და ასე შემდეგ. ირგებენ სამოსს, თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ მასში. ეს კიდე ცალკე პროცესია. იუთუბში მუსიკას ურჩევენ ამ სპექტაკლს, ტექსტი იმპროვიზაციაა, დრამატურგიულ ხაზს მიჰყვებიან, თუმცა არა ზუსტად დაწერილი ფრაზებით. პრინციპულია, ზღაპრის სტრუქტურა რომ არ დაირღვეს.

დგამენ, გვაჩვენებენ და მერე წრეზე განხილვა იწყება. პროცესი მე მიმყავს და სათითაოდ ვეკითხები ყველას, რატომ აირჩია ის როლი, იმ ფერის ქსოვილი, ანუ ტანსაცმელი, რა იგრძნო, როგორ შევიდა როლში და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო მეთოდია. მოსწონთ. იხსნებიან. თავისი პიროვნების სულ სხვა ნაწილს ხედავენ. შემოქმედებითი პოტენციალი იხსნება. თუ ვთქვათ, ცხოვრებაში მორიდებულია ადამიანი, აქ შეუძლია თამამი როლის არჩევა. ცხოვრების რეპეტიციას გადიან. ასე ცვლიან ცხოვრებისეული ქცევის სტრატეგიებს. ძალიან მაგარი მეთოდია. თან ტექნიკაა, თან შინაგანი ბავშვი ხარობს.

მე ამგვარი მსუბუქი და თან ღრმა მეთოდები მიყვარს. ადამიანმა ეკოლოგიური გზით და თანაც თამაშ-თამაშით მიიღოს დიდი თერაპიული სარგებელი.

ცეკვით და მოძრაობით თერაპევტთან – ინგრიდ ქიმერიძესთან ერთად გავხსენი ცენტრი „დელია“ – პიროვნული რესურსების აქტივაციის ცენტრი და იქ ვგეგმავთ დრამა თერაპიის გაზაფხულზე ჩატარებას.

– ქალბატონო ნინო, შეიცვალა ფსიქოთერაპიის მიდგომები, უფრო სწრაფად იღებენ შედეგს. ასეა?

დიახ, თუ ადრე წლები სჭირდებოდა სიარული პაციენტს ფსიქოლოგთან, ახლა ტრასნული თერაპიით, მოკლე დროში ხდება შედეგის მიღწევა. მილტონ ერიქსონის მეთოდი, ვირჯინია სატირის, ფრიც პერლზის მეთოდოლოგია გაიშიფრა და აქციეს ტექნოლოგიად. განვითარდა ნეიროლიგვინსტური პროგრამირება და სწრაფი მეთოდები შეიქმნა. წლებით სიარული არ არის საჭირო. თავის თავთან სიღრმისეული კონტაქტი აქვს ადამიანს. სწრაფად ხდება ახალი ჯანსაღი პროგრამის ჩაწერა ქვეცნობიერში. ეს არტთერაპიით და ტრანსებით ხდება, სხეულზე ორიენტირებული ცეკვითი თერაპიით სხეულში არსებულ ბლოკებს ხსნის, კუნთურ ჯავშანს. ფსიქოთერაპია წინ წავიდა.

სამყაროს ნაწილი ვართ, მაგრამ საოცარი ერთობაა, მთელი სამყაროა ჩვენში. ღმერთივით ვართ. ჩვენ ვქმნით მთლიანად ჩვენს ცხოვრებას. თავისუფალი ნება გვაქვს… შეგიძლია დახატო შენი ცხოვრება… ამდენად, დახატეთ ის ისეთად, როგორსაც საუკეთესო მრჩეველი, საკუთარი ქვეცნობიერი გთხოვთ…

ნინო კანდელაკთან დასაკავშირებლად და სიახლეების გასაცნობად გადადით მოცემულ გვერდზე

ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment