fbpx

„დედაააა! – ვიყვირე. არა ეს ყვირილიც არ იყო, რაღაც საშინელი ხავილი აღმომხდა“…

ავტორი ჟოლო
366 ნახვა

წყევლა

მეზობლად ერთი ხნიერი დედაკაცი ცხოვრობდა: ვარო ბებია. ყველა პირში უცინოდა და აქებდა, რადგან მისი წყევლის ეშინოდათ. წყევლა იცოდა ისეთი, მტრისას! მთასავით კაცს ადგილზე სხეპავდა.

იმ ზაფხულს თბილისიდან ჩემხელა გოგონები ჩამოვიდნენ სოფელში სტუმრად. ბალღი კი ვიყავი, მაგრამ პირს უკვე ორივე ხელით ვიბანდი და ქოჩორსაც ვისწორებდი რადიოზე ( ნუ იკრიჭებით, ბავშობაშიც მელოტი კი არ ვიყავი) ჰოდა ვეპრანჭებოდი ბიჭი ქალაქელ გოგონებსა და ერთხელაც:
– ვაიმეე რამხელა ალუჩებიაა – მითხრა ნანუკამ და ვარო ბებიას ბაღჩაში, მესაზღვრე ჯარისკაცივით მწვანე, წელში გამართულ ალუჩის ხეზე მიმანიშნა.
– გიყვაარს?
– ჰო აბაა…
– გინდა გაჭამოო?
– მინდა
– მაიცა, შენ აქ დამელოდე – ვუთხარი ნანუკას. ღობეზე გადავძვერი და რამდენიმე წამში ხის კენწეროზე მოვექეცი.

– რა ამბავია აქა?! აბა ერთი დამენახე, რომელი ხარ მანდა? უიი შე ღორმუცელავ! ცეცხლი და ნავთი ჭამოს შენმა პირმა!
– ვარო ბებო, თარიმანი ძიას ცხვრებს ვეძებდი და მაგიტომ ამოვედი კაცოო!
– მერე ალუჩის ხეზე ცხვრებს რა უნდა შე სასიკვდილევ შენა?!
– გავხედავ-თქო!
– გასახედად თუ გინდოდა, რატო იმ რცხილაზე არ ახვედი?! უიი ქაა! აუვსია უბე ალუჩით და ცხვრებიო მატყუებს. ჩამოეთრიე დაბლა!

მეტი რა გზა მქონდა? ჩამოვედი. გამომიწია პერანგი და ალუჩები ძირს გაიშალა
– ქურდო! ის ძუძუ უნდა გახმეს და მოკვდეს შენ რომ გაგზარდა!
– დედას ნუ მიწყევლი გაიგეე?!
ცრემლებით ამევსო თვალები და გამწარებულმა ძირს დაყრილ ალუჩას ფეხებით დავუწყე ჭყლეტვა…
ნანუკას შეეშინდა და სახლში გაიქცა…

იმ ღამეს უვახშმოდ დავწექი. მიზეზი არ გამიმხელია დედასთვის. გვიანობამდე არც ძილი მომკარებია და ვარო ბებიას სიტყვები მიტრიალებდა თავში: ის ძუძუ უნდა გახმეს და მოკვდეს შენ, რომ გაგზარდა! ნეტავ არაფერი დაემართოს დედას. დიდი რომ გავიზრდები, ვიყიდი ბევრ, ძალიან ბევრ ალუჩის ხეებს და დავრგავ ვარო ბებოს ბახჩაში : ვფიქრობდი გულში და თან დედაჩემის სუნთქვას ვუყურადებდი…
ჰოო სუნთქავს: თავს ვიმშვიდებდი და რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ მისი საწოლისკე ვაპარებდი მზერას…

***
– ვაიმეე მომკვდარა! – მძინარეს ჩამესმა ვიღაცის ხმა და შეშინებული ზეზე წამოვხტი
– დედაააა! – ვიყვირე. არა ეს ყვირილიც არ იყო, რაღაც საშინელი ხავილი აღმომხდა და მოულოდნელად მის მკლავებში ჩავესვენე…
მთელ სამეზობლოს ჩვენს სახლში მოეყარა თავი…
ლეკის ქალს ასიას, ჩემს წინ დიდი სპილენძის თასი ედგა წყლით სავსე. შიგ დამწვარ გაზეთის ფერფლს ყრიდა, ზემოდან დანას ატარებდა და რაღაცას ბუტბუტებდა…
– დედა, ვინ მოკვდა? – ჩუმად ვკითხე და გულზე მივეკარი…
– ნუ გეშინია შვილო. ლამაზო იპოვეს მკვდარი, ვარო ბებიას ძროხა… ხომ იცი ლამაზო? მაგის რძით მყავხარ გაზრდილი…
– ლამაზო?
– ჰოო ჰოო ლამაზო : მიმეორებდნენ ყველანი და სევდანარევი ღიმილით მიყურებდნენ.
– ჰოო, აბა შენ რა გეგონა? რამ შეგაშინა? აგერ ყველანი აქ ვართ ჯანმრთელნი და საღსამალათნი – მამშვიდებდა დედა და თან მეზობლებს უხსნიდა – ეძინა ნუგოს, სტაქანოაანთ ელიკომ შემომძახა, ვაროს ძროხა მომკვდარაო და… ამ სულელს ნეტავ რა ეგონა? შეეშინდა დედა მოუკვდეს… კიდევ კარგი მალე მოხვედით, თქვენ გაგახარებთ ღმერთი – ემადლიერებოდა დედა ახლობლებს და სველ პირსაწმენდს სახეზე მისვამდა…
– მე ვიცი რატომ მოკვდა ლამაზო! – წამოვიძახე მოულოდნელად.
– დაბერდა შვილო, დაბერდა… ეგ ძროხა ვაროს ხნისა იყო უკვე – ჩაიქირქილა ბაიდო ბიძიამ და მის ხუმრობას სხვებიც ქირქილით შეხვდნენ…
მე კი გონებაში მიტრიალებდა ვარო ბებოს წყევლა: ის ძუძუ გახმეს და მოკვდეს შენ, რომ გაგზარდა-ო და ალბათ მიხაროდა, რომ დედას რძე ავადმყოფობის გამო ადრე დაუშრა…

სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment