გვარიანად შეღამებული იყო ტელეფონის ზარმა, რომ დარეკა…
– ალოო… დიმა ხარ?
– არა.
– აჩიკო?
– აარააა… სხვაგან მოხვდით ქალიშვილო!
– არც გიო ხარ?
– არა!
– აბა ვინ ხარ?
– ნუგზარი…
გოგონას გაეცინა
– რაიმე დაუშავე შენს მშობლებს?
– არაა… (???)
– აბა სხვა სახელი ვერაფერი დაგარქვეს?
– ეეე… !!!
ხმამაღლა გადაიკისკისა
– მე ბურდღუნას დაგიძახებ…
– რატომ?
– დათვივით ბურდღუნებ…
– ნახვამდის. ნომერი გადაამოწმე. აქ აღარ დარეკო.
– ვერ გადავამოწმებ იმიტომ, რომ არც დამიხედია რა ნომერი ავკრიფე…
– მოცლილი ხარ?
– არა. უბრალოდ უცხო ადამიანთან მინდა საუბარი, რომელსაც ყველაფერს მოვუყვები რა მტკივა და რა მიხარია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ზედმეტ კითხვებს არ დამისვამ და ხვალ ქუჩაშიც არ შემხვდები. ეს იქნება დღე პირველი და დღე უკანსაკნელი ჩვენი საუბრის.
გათენებამდე მიყვებოდა საკუთარ ცხოვრებას…
დილით, პირველი ორი ლექციაც გავაცდინე. ჩამეძიინა. თავი ისე მქონდა დამძიმებული ვერ შევამჩნიე, რომ მაისური გადმობრუნებული ჩავიცვი.
ავტობუსის გაჩერებაზე რამდენჯერმე ირონიანარევი მზერა შევნიშნე…
პირველზე, მეორეზე და მესამეზეც ეჭვმა გამკრა, ნეტავ ეს, ის ხომ არ არის ღამე, რომ გავუთენე-მეთქი, მაგრამ ასეთი, კეთილი და ოდნავ დამცინავი მზერა იმდენი ადამიანის სახეზე წავიკითხე, ეჭვი გამიქრა.
უნვერსიტეტის კიბეებზე ბატონი ვასო შემხვდა.
– მოიცადე. რა არის ეს? ყველა მაიმუნობა შენ უნდა მოიფიქრო?
მაშინღა მივხვდი, რატომ მიყურებდა ყველა ირონიანარევი ღიმილით…
მოსვენება დავკარგე. დანარჩენ 2 ლექციაზე სიტყვაც არ გამიგია…
დეაზე ვფიქრობდი…
“იცი სად არის მტკვარზე ყველაზე დიდი მორევი? აი ისეთი, ფსკერამდე უცებ, რომ ჩაგითრევს და ზემოთ აღარასოდეს ამოგაგდებს?”
მე მოვუყევი: აუდიტორიაში წერილი დამხვდა, სადაც ეწერა “ყველაფერი დამთვრდა იქ სადაც დაიწყო”. გიჟივთ გავიქეცი მისი სახლისკენ. კარი არავინ გამიღო. ტელეფონზე დავურეკე და ნაცნობმა ხმამ მიპასუხა, რომ ნომერი შემეშალა… მერე მეც მტკვარზე წავედი. დიდხანს ვიყურებოდი ამღვრეულ წყალში და გამახსენდა, რომ სახლში მშობლები მელოდებოდნენ. უნივერსიტეტში მეგობრები, უბანში ძმაკაცები. სოფელში ბებია და პაპა… მელოდებოდა ნინკა, ლიზი, ქეთი, ლადო, ტატო, ჯაბა, ჩურჩუტა, ჟანგო და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვუყვარდი, ამიტომ მტკვარს ზურგი ვაქციე-მეთქი…
ბოლოს ისეც ვუთხარი: ერთი ადამიანის სიყვარულმა ისე არ უნდა დაგაბრმავოს, ათასობით ადამინის სიყვარული შეუმჩნეველი, რომ დაგრჩეს-მეთქი…
რამდენიმე კვირა, დილაუთენია კიოსკში გავრბოდი. ვყიდულობდი ყველა გაზეთს სადაც ახალი ამბები იბეჭდებოდა. ვუყურებდი სინფორმაციო გამოშვევბებს და ვნატრობდი, ოღონდაც არ გამოეცხადებინათ, რომ მტკვარში ახალგაზრდა გოგონას გვამი იპოვნეს…
მას შემდეგ, ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა… ფბ-ზე პირადში შეტყობინება მივიღე:
ბატონო სულა, ახლა თქვენს ჩანაწერებში წავიკითხე ” ერთი ადამიანის სიყვარულმა ისე არ უნდა დაგაბრმავოს, რომ ათასობით ადამინის სიყვარული შეუმჩნეველი დაგრჩეს”-ო. ეს სიტყვები ძალიან დიდხნის წინ ერთმა უცნობმა ადამიანმა ტელეფონზე საუბრისას მითხრა და გადავრჩი. ძალიან მინდა, რომ ის უცნობი ადამიანი თქვენ იყოთ-ო.
პ.ს. დიახ მე ვარ და გუშინდელი დღესავით მახსოვხარ 🙂
სულა სულაშვილი