ზამთრის ერთ ყინვიან დღეს უბეში დამალული ლეკვი მომყავდა.
ვიცოდი, რიგით მერამდინიმეღაც ლეკვს ჩემები სახლში არ მიმაყვანინებდნენ, მაგრამ მაინც გავიხსენი ქურთუკი და უბეში ჩავისვი.
და იმ წუთას მსოფლიოში ყველაზე ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებდი.
და იმ წუთას დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის ნატვრა რომ ერთად შეგეკრიფა, ჩემი გადასწონიდა.
ვნატრობდი – რომ ჩემი სახლი უსასრულოდ შორს ყოფილიყო.
ვნატრობდი – რომ გზა ჩემს სახლამდე არასოდეს დასრულებულიყო.
ასე მინდოდა ლეკვისთვის ზამთრის ყინვიანი დღე რამდენიმე საათით მაინც გამეთბო.
ასე მჯეროდა, რომ ცხოვრებას შევუმსუბუქებდი.
მინდოდა, სცოდნოდა რომ ყველა ადამიანი არაა ისეთი, რომ უმწეო სანაგვესთან დააგდოს.
ღმერთი ვიყავი იმ დღეს !
ღმერთისხელა ნაბიჯებით დავაბიჯებდი და იმ დღეს დაიწყო ჩემი ღმერთობა დედამიწაზე.
მაშინაც ღმერთი ვიყავი, როცა უბედურ ადამიანს, ჩემს ბედნიერებაზე არ მოვუყევი და მასავით უბედური ადამიანი ვითამაშე.
როცა ათასი სიბინძურე თქვეს ჩემზე და შემეძლო, ასჯერ ათასი მეთქვა მთქმელზე და არ ვთქი.
როცა ცილი დამწამეს და თავის მართლება არ დავიწყე.
როცა მიყვარდა და არ მადარდებდა, მასაც ვუყვარდი თუ არა.
როცა დიდი ადამიანი გავაცილე ჩემი ცხოვრებიდან და უთქმელად წამოვედი, წამოვედი და ჩუმად ჩამოვიშალე, ისე რომ არავის გაუგია და ღმერთად დავიბადე მერე იმ ნანგრევებიდან.
როცა ჩემი ძმა გავაცილე და დედაზე ვწუხდი, დედაჩემის დარდი უფრო მიღრღნიდა გულს, ვიდრე ჩემი.
მაშინ ყველაზე მეტად ღმერთი ვიყავი მგონია.
როცა მიუხედავად დიდი ზიანისა, მიუხედავად დიდი ტკივილის მოყენებისა, როცა მიუხედავად და როცა
მიუხედავად…მაინც ვერ მოვიგლიჯე ადამიანი გულიდან.
როცა ყინვაში ხეები შემცოდებია.
თბილ სახლში უბინაოები გამხსენებია…
ბევრჯერ ვყოფილვარ ღმერთი.
ბევრჯერ მივლია ღმერთისტოლა ნაბიჯებით.
მაგრამ ადამიანობას როდის შევძლებ, ღმერთო ?!