fbpx

”ინდიგო” – მომავლის ბავშვები

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

ტერმინი “ინდიგოს ბავშვები” პირველად ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ – ერთ წიგნში გამოიყენა (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები” ). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება 1999 წლიდან, მას შემდეგ მოხდა, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `” ათასწლეულის ბავშვებს “, ზოგი მეცნიერი მათ” ახალი საუკუნის” (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალი ეპოქის ადამიანებს ” უწოდებს .

 

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970 – იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებულ ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ფსიქოლოგთა თქმით, ეს უჩვეულო ბავშვები, თავიანთი თანატოლებისგან განსხვავდებიან შემოქმედებითი ნატურითა და ძალიან მაღალი ინტელექტით. მათ შეუძლიათ, თამამად მიიღონ გადაწყვეტილება, აქვთ მტკიცე ხასიათი და შესაშური გულმოდგინება. ხშირად სხვებზე უკეთ ხედავენ რაციონალურ გამოსავალს რთული ვითარებიდან, შეუძლიათ დრომოჟამული სისტემების ნგრევა, ახლის შექმნა. მათზე აღზრდის ძველი მეთოდები არ მოქმედებს, ინდიგო ბავშვები ამაზე საერთოდ არ რეაგირებენ, იგულისხმება დასჯა, დაშინება, შეურაცხყოფა. მათ აქვთ შეხედულებათა საკუთარი სისტემა, რომლის შეცვლაც გარედან ჩარევით შეუძლებელია. თუ შეეცდებით, უჩნდებათ აგრესია, ან საკუთარ თავში იკეტებიან. ინდიგო ბავშვებს, თანატოლებისგან გასნხვავებით, არ ჰყავთ ავტორიტეტები. საჭიროდ არ თვლიან თავიანთი საქციელის ახსნას, არჩევანში თავისუფლები არიან. ამასთან, უნარი აქვთ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ ინტელექტზე დაყრდნობით. უზომოდ უყვართ ბუნება – მცენარეები, ცხოველები, ფრინველები. შეუძლიათ საოცარი თანაგრძნობა და ახლობლებისგან უპირობო სიყვარულს მოითხოვენ, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. ითხოვენ, ასევე, დიდ ყურადღებას და ეძებენ ნამდვილ, მტკიცე, გულწრფელ მეგობარს. არიან ალტრუისტები და დაუოკებელი სურვილი აქვთ, დაეხმარონ სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში. შეიძლება, არაკომუნიკაბელურნიც გეჩვენოთ, თუ თავისნაირების წრეში არ იმყოფებიან.

 

ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავდროულად საკმაოდ პრინციპულიც.

 

ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”. თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.

 

წესისამებრ, ინდიგო ბავშვი, თავის ასაკთან შედარებით, უფროსია – გეგონებათ 13 – ის კი არა, 43 წლისაა. გამოირჩევა თავდაჯერებულობით (იცის საკუთარი თავის ფასი), დამოუკიდებელი და ამაყია. გარდამავალ ასაკში ხშირად იმყოფება დეპრესიულ მდგომარეობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, შეუძლია, დაუნდობელიც იყოს, თუ გულგრილობისა და შეუგნებლობის გადაულახავ ბარიერს შეეჯახება, ვერ იტანს, როცა აიძულებენ, რაღაც გააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ “ასეა საჭირო”, ან “ყველა ასე აკეთებს”.

 

ინდიგო ბავშვებში უკვე გამოვლინდა 80 – ზე მეტი ფენომენალური ნიჭი, როგორიცაა: სხვისი აზრების კითხვა, ინტუიციის წყალობით ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება შორ მანძილზე, ნათელხილვა, წინასწარ დანახვა მოვლენების, წინასწარმეტყველება და ა.შ.

 

იმისთვის, რომ ადამიანი, ცხოველისგან განსხვავებით, დედამიწის ჭეშმარიტი ბატონ – პატრონი გახდეს საკუთარი სრულყოფილების წყალობით, ნებისმიერ ჩვენგანს დაბადების წინ ეძლევა გონი – ჭეშმარიტი ცოდნის ნაწილი, რომლის სარეალიზაციოდაც განსხეულდება მისი სამშვინველი და გონება მატერიალურ სამყაროში. სწორედ ეს ცოდნა განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას. ასე რომ, თითოეული ბავშვი, გასნაკუთრებით კი “ინდიგო”, უკვე პოტენციური გენიოსია: პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი და ა.შ. უჩვეულო პატარებმა, თანატოლებისგან განსხვავებით, პატარაობიდანვე იციან, თუ რისთვის მოევლინენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, დაუოკებელი სურვილი აქვთ, ცოდნა შეიძინონ და საწადელს ეწიონ. არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, შინაგანი ნიჭის გამოვლენას. ამ შემთხვევაში მშობლის და საზოგადოების ვალია, დაეხმარონ ბავშვს, მასში ჩადებული ცოდნის აღმოჩენაში და არ აიძულონ, ისწავლოს ძველი, გარდასულ დროთა მკვდარი გამოცდილება. თუ ცოტა უტრირებას გავუკეთებთ ფაქტებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მშობლებმა უნდა ისწავლონ ინდიგო ბავშვებისგან სამყაროს ახლებური აღქმა.

 

ისინი ავადმყოფები კი არა, სხვანაირები არიან …

 

ინდიგო ბავშვი კარგად რეაგირებს, როცა მას დიდივით პატივისცემით ექცევიან. თანატოლებისგან იგი გამომეტყველებითაც განსხვავდება – თვალებში ჩანს დიდი სიბრძნე და გონიერება. მეცნიერთა მტკიცებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იბადებიან “ცისფერი” ბავშვები და მომავალშიც, ახალშობილთა 90 პროცენტი “ინდიგო” იქნება. ტალანტთან ერთად, უჩვეულო პატარებს ნაკლიც აქვთ – მაგალითად, არამდგრადი ფსიქიკა. ერთ წუთს რომ მხიარულობენ, მეორე წუთში განმარტოვდებიან, აპათიურები ხდებიან და რაღაცაზე ფიქრობენ. ძალიან ცუდია, რომ უფროსები – მშობლები, მასწავლებლები – ცდილობენ ყვირილით, აკრძალვით, ცემა – ტყეპით გავიდნენ ფონს. დანგრეული, დამცირებული ინდიგო ბავშვი არის პიროვნება, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა და რა გასაკვირია, თუ მკვლელი გახდება? სტატისტიკის თანახმად, აღრიცხულია შემთხვევები, როცა ინდიგო ბავშვმა მოკლა მშობლები ან თანატოლები. ამავე სტატისტიკის თანახმად, თვითმკვლელთა შორის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო მეტი ინდიგო ბავშვი გვხვდება.

 

მეცნიერები თვლიან, რომ უზარმაზარი შინაგანი ენერგიის გამო, რომელსაც რეალიზებას ვერ უკეთებენ, ხდებიან აგრესიულები და აღგზნებულები, ისინი ხომ მომავლის ბავშვები არიან, უფროსებს უჭირთ მათ თავში ჩახედვა, სადაც უამრავი განუხორციელებელი იდეაა.

 

“ინდიგო ბავშვები” ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებლები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით “ინდიგო ბავშვების” კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

 

                                                                                                  თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment