fbpx

“კერიას” წარმატების ისტორია და ქეთევან ბერულავას საინტერესო გზა ტანკიდან ფრინავ ხალიჩამდე

ავტორი დეა თავბერიძე
2699 ნახვა
0 კომენტარი
15

„სამყაროში ყველაფერია რაც გვინდა. უბრალოდ არ ვიცით, როგორ მოვითხოვოთ. ხშირად გვგონია, რომ არ ვიმსახურებთ და ამიტომ ჩვენი მხრიდან ამის დაშვება არ ხდება… სწორად ფიქრი უნდა ვისწავლოთ, რადგან ფიქრები მატერიალიზდება, ეს ხომ უკვე მეცნიერულადაც დამტკიცებულია“.

ამ სიტყვების ავტორი, ქოუჩი არ გეგონოთ, ბიზნესვუმენი ქეთევან ბერულავაა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ ბიზნესს, „კერიას“ უდგას სათავეში. ის, თავის საქმეზე იმდენად არის შეყვარებული, რომ ბევრს გვარად კერია ჰგონია.

ამ ინტერვიუში არის ისტორიები: ბიზნესზე, რისკზე, ცხოვრების გაკვეთილებზე, გადალახულ სიძნელეებზე, სამყაროს კანონებზე და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც წარმატებამდე მისასვლელი გზა შეამოკლა.

გამომყევით, საინტერესო მოგზაურობა გელით .

– ქალბატონო ქეთავან, საკუთარ თავს, რომ ჰკითხოთ, – ვინ ვარ მე?! რა პასუხს მიიღებთ?

– „ ვინ ვარ მე?“, ეს მილიონ დოლარიანი  კითხვაა…(იცინის) სამჯერ მაინც მქონდა ეს აღმოჩენა, საოცარი აღფრთოვანებებით, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე მითქვამს,  –  მარტო ეს არ არის, კიდევ არის რაღაც…  ჯერ, ვერ მივაგენი ვინ ვარ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ვიღაც ვარ – შვილი, ცოლი, დედა, ბებია, ბიზნესმენი…

ამ წუთას ვარ ქეთევან ბერულავა, რომელსაც ძალიან უყვარს ის, რასაც აკეთებს. ვარ ასევე კარგი დედა და კარგი ბებია… ამასთან ერთად სულ ვვითარდები და მაინტერესებს, მართლა რისთვის მოვედი ამ ქვეყანად, რა არის ჩემი მისია?!

– ბევრი გიცნობთ, როგორც წარმატებულ ქალს, საიდან და როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესაქმიანობა?

– ახლა რომ ვუყურებ, საიდან წამოვედი, როგორი ვიყავი და ახლა ვინ ვარ, აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი გამოვდივარ.

კარგ ოჯახში გავიზარდე, სითბოსა და სიყვარულში. ბედნიერი მშობლები გვყავდა…  საკმაოდ კარგი შესაძლებლობებით. არაფერი გვაკლდა… პროფესიაც მოდური ავირჩიე, კონსერვატორიაში ჩავაბარე. სულ სხვა ტიპაჟი ვიყავი, სხვა მისწრაფებებით, სხვა შეხედულებებით… ცოლადაც მუსიკოსს გავყევი, „ნატვრის ხის“ ბასგიტარისტი იყო. დავდიოდით, კონცერტებზე, დროს ვატარებდით და უდარდელი ცხოვრებით ვცხოვრობდით. ასე გაგრძელდა წლები…

ერთ დღესაც მამას, რომელიც ჩემი იმედი და დიდი დამფინანსებელი იყო ინსულტი დაემართა… შემიწყდა დაფინანსება და დავრჩი ორი შვილით ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. უფრო მეტიც, მამას იქეთ სჭირდებოდა ჩემი ზრუნვა და დახმარება…  

ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანე და რაღაც პერიოდი სოფელში გადავედით საცხოვრებლად. მამას იმის გამო, რომ სულ სტუმრები გვყავდა, თევზებისთვის დიდი აუზი ჰქონდა. ჰოდა, დავიწყეთ კალმახის მოშენება. ასე გავხდი მეკალმახე ქალი. ვხუმრობდი, კონსერვატორიაში იმისთვის ვისწავლე, თითები რომ გამევარჯიშებინა და თევზი ადვილად დამეჭირა-თქო…

მეორე წელს რესტორანიც გავაკეთეთ. მსურველებს თევზს იქვე ვუწვავდით და ასე ვუმასპინძლდებოდით. ვიყიდეთ ძროხა, დავიწყეთ ყველის ამოყვანა, დედა აცხობდა ხაჭაპურებს, ჩემი შვილები იყვნენ მიმტანები. ზაფხულობით საოცარი მუშაობა და საოჯახო ჟრიამული გვქონდა.

მერე მონაწილეობა მივიღეთ ძალიან კარგ პროექტშიც „გლეხების მასპინძლობა“, ფრანგების პროექტი იყო, სხვადასხვა კუთხიდან 5 ოჯახი ვიყავით გაწევრიანებულნი. ტურს მოიცავდა საქართველოს მასშტაბით. ზოგს ყველის ამოყვანას ვასწავლიდით, ზოგს ქართულ სიმღერას. ერთ-ერთ ჯგუფს ფოლკლორისტებიც დავახვედრეთ, ჩვენს ეზოში მეცადინეობდნენ, ქართულ ხალხურ სიმღერებს სწავლობდნენ. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო… სახლს, როგორც სასტუმროს ისე ვამუშვებდით, გვქონდა პატარა რესტორანი, საკალმახე მეურნეობა და… ერთი სიტყვით კარგად ავეწყვეთ.

– მაგრამ, როგორც ვხედავთ სოფლის ცხოვრებას, მაინც ქალაქი არჩიეთ და თბილისში ახალი ბიზნესიც წამოიწყეთ…

– ერთ-ერთმა ვიზიტორმა, ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი სიმონგულაშვილმა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, ძალიან კარგ პროექტზე მიმიწვია. ცოდნის მხრივ ბევრი რამ მომცა ამ სკოლამ, მერე ის, რასაც რეალურად ვაკეთებდი ბიზნესგეგმად ვაქციე და იმდენად კარგი გამოვიდა, რომ გაიმარჯვა. ერთი თვით ატლანტაში გამიშვეს სტაჟირებაზე, სამნი ვიყავით საქართველოდან. დიდი გამოცდილება წამოვიღე იქედან, როგორც საკალმახე მეურნეობის კუთხით, ასევე ტურიზმის მხრივაც. ბევრ ისეთ ბიზნეს კლუბშიც მოვხვდით, სადაც მილიონერები თავიანთი წარმატების ისტორიებს ყვებოდნენ და წარმატების ფორმულებზე გვესაუბრებოდნენ. ამ ყველაფრით ცოტათი შოკშიც ვიყავი.

– ახლა თქვენ მოგვიყევით „კერიას“ წარმატების ისტორიის შესახებ, როგორ დაიწყეთ?

– გამიმართლა იმაში, რომ შევხვდი ჩემს მეგობარს, ნუცა გოგოლაძეს, რომელმაც მითხრა, – თბილისში ხომ არ გაგვეკეთებინა რაღაც ერთადო. პირველად ცოტათი შემეშინდა, მაგრამ ნუცამ გამაბედინა და 2005 წელს დავიწყეთ სამმა, – მე, ნუცამ და ლიზა ბურნაძემ…  იქედან მოყოლებული დღემდე ერთად მოვდივართ, ვართ მეგობრებიც და ბიზნესპარტნიორებიც. კარგად გვაქვს განაწილებული ჩვენი როლები. გვაქვს ერთმანეთის ნდობა და იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ვაკეთებთ.

მთავარი და მნიშვნელოვანი რის გამოც „კერია“ დავაფუძნეთ, ფინანსების გარდა იყო ის, რომ ქართული გემო შეგვენარჩუნებინა. ხაჭაპური, ლობიანი და კუბდარი ყოველთვის უნდა ყოფილიყო იმ ნამდვილი ტრადიციული გემოთი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონებოდათ და თაობებს ემახსოვრებოდათ. ეს ჩვენი მისიაა და სწორედ ამან მოგვიტანა წარმატება. გახსნის დღიდან მოყოლებული დღემდე ჩვენთან იმერულ ხაჭაპურში მხოლოდ და მხოლოდ იმერული ყველი დევს, რომელიც იმერეთიდან ჩამოგვაქვს. კუბდარში ახალ-ახალი ხორცი, რომელიც ყოველ დილით მოდის, იჭრება და ისე იგზავნება ყველა ობიექტზე. ერთ ადგილზე გვაქვს ცენტრალური სამზარეულო, იქ კეთდება ყველა შიგთავსი და იქედან ნაწილდება. ამიტომ ყველა ობიექტზე გემო არის ერთი. 

ხარისხის და გემოს შენარჩუნებასთან ერთად, მომხმარებელს კომფორტიც შევუქმენით. თავიდანვე გატანებზე დავიწყეთ მუშაობა. 2005 წელს დელივერი მხოლოდ ჩვენ გვქონდა. თუ სხვაგან ლოდინი უხდებოდათ, ჩვენთან შეეძლოთ დაერეკათ და სახლში მიუტანდნენ. ან შეეკვეთათ, მოსულიყვნენ და მზად დახვდებოდათ.

ჩვენი ნოუ-ჰაუ იყო შებოლილი ლობიანი. ესეც არავის არ ჰქონდა. ჩვენც შემთხვევით გამოგვივიდა. იქ, სადაც პირველი ფართი ვიქირავეთ დიდი დარბაზი და დიდი ბუხარი იყო, დავკიდეთ დიდი კარდალი და მთელი ზამთარი, ამ ბუხარში შეშაზე ვხარშავდით ლობიოს. ერთ დღესაც მომხმარებელმა გვითხრა, – თქვენი ლობიანი სხვანაირად გემრიელი არისო. შეშის გამო სულ სხვა გემო მიიღო. გაზაფხულზე, ტექნოლოგიურად ისე გავაკეთეთ, რომ ბუხარი არ დასჭირებოდა. ასე დავიწყეთ მოხარშული ლობიოს შებოლვა.

კულინარია ხომ მაგიაა, – თვალი, სუნი, გემო… ბევრი რეცეპტორი უნდა გქონდეს დაკმაყოფილებული და ეს როცა ასეა, მერე გიჯდება ქვეცნობიერში. „კერიამ“ ეს შეძლო.

– რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ბიზნესში, რა სახით შეგეხოთ კრიზისი?

რა თქმა უნდა მოხდა შემოსავლების კლება, მთავარი ამოცანა იყო გუნდი შეგვენარჩუნებინა და ეს მოვახერხეთ. მოგების შემცირების ხარჯზე კონკრენტუნარიანი ფასიც შევინარჩუნეთ და თანამშრომლებიც გადავარჩინეთ. პანდემიის პერიოდში თბილისში ორი ახალი ობიექტიც გავხსენით. ადამიანებს არ უყვართ შორს წასვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა უბანში იყოს პატარა კერია. ამ პრინციპით ვმოქმედებთ. დღეს უკვე ცხრა ობიექტი გვაქვს.  ბაკურიანში ფართი შევიძინეთ და მალე იქაც ვიქნებით. 

– პირადად თქვენი წარმატების ფორმულა რა არის?

– ასე ჩამოყალიბებულად ძნელია ამაზე საუბარი, თავიდან დაიწყო საჭიროებით. ვაკეთებდი საქმეს იმისთვის, რომ ფინანსური შემოსავალი მქონოდა, რომ გადავრჩენილიყავი. მერე დავიწყე ისეთი საქმის კეთება, რომელიც ძალიან მიყვარდა. არ ვზოგავდი არც დროს, არც ენერგიას, არასოდეს არ მიფიქრია, რომ ცალკე საქმეა და ცალკე მე. საქმე ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება, ყოველი ადამიანი ვინც კი ჩვენთან მუშაობს მთელი დღის მანძილზე ჩემს ფიქრებშია… კერია ერთი დიდი ოჯახია, თანამშრომლების 50%  2005 წლიდანაა ჩვენთან.

ყოველთვის მართალი და ამაყი ვიყავი და ვარ იმით რასაც ვაკეთებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იმ საქმით, რომელსაც აკეთებ ამაყი არ ხარ, არ გამოგივა.

– ანუ ესეც წარმატების მთავარი პირობაა?

– ბევრი მთავარი პირობაა. პირველ რიგში მთავარია სურვილი, რომ იყო წარმატებული. ეს ძალიან უნდა გინდოდეს. მერე ამისთვის შრომაა საჭირო, ზოგისთვის ფიზიკური, ზოგისთვის გონებრივი, სულიერი.

ზუსტად უნდა იცოდე რას ნიშნავს შენთვის წარმატება. რადგან ჩემთვის წარმატება სხვაა, თქვენთვის სხვა და ვიღაცისთვის სხვა. როცა შენი წარმატების მოდელს ქმნი და ამაზე ხშირად, მიზანმიმართულად ფიქრობ, მიზიდულობის კანონი მოქმედებს და შენს გზაზე ჩნდებიან ახალი ადამიანები, ახალი საგნები, მოვლენები, რომლებიც ამაში გეხმარებიან. ასევე  მნიშვნელოვანია ვისაწავლოთ სამყაროს მოსმენა და ბევრ რამეზე მივიღებთ პასუხს, სამყარო  ნიშნებით გველაპარაკება.

– იღბალი?

– იღბალს ადამიანი ქმნის. შენ თვითონ ქმნი შენს ცხოვრებას, – შენი ფიქრებით, შენი დამოკიდებულებით, შენი ქმედებით, რწმენით, სურვილით, გამოცდილებით, ცოდნით, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებ… ისევ ვამბობ, – დედამიწა მიზიდულობის კანონით მუშაობს და ეს კარგად უნდა გვესმოდეს…

ჩემი ერთ-ერთი მიზანი იმდენად დიდია ჩემი დღევანდელი მდგომარეობისთვის, რომ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს იქ როგორ მივალ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად მივალ.

წლების წინ მე და ნუცა ერთ-ერთ ტრენერს, ჩვენს გეგმებსა და დიდ ბიზნესზე ვესაუბრეთ… უცებ ამ კაცმა გამოგვხედა და… ასე გინდათ დიდი ბიზნესი და წარმატების მიღწევაო? – იკითხა. მე დანგრეული „ტრიდციტადინით“ ვიყავი მისული,  ნუცაც რაღაც პატარა მანქანით.  იცით რაა? წადით ახლა, ეს მანქანები გამოცვალეთ, ძვირიანი მანქანები იყიდეთ, თავი დღესვე მდიდარ ადამიანებად იგრძენით და დიდ ბიზნესზე მერე ილაპარაკეთო….

მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იყო სერიოზული სიგიჟე, რადგან ძვირადღირებული მანქანების ფული არ გვქონდა, მაგრამ ამ სიგიჟემ შემდგომში ძალიან დიდი მოტივაცია მოგვცა და დიდი საქმეები გაგვაკეთებინა.

– ანუ შეასრულეთ ის რაც ტრენერმა გითხრათ?

– დიახ, წავედით და ვიყიდეთ მანქანები. ჩემი ოქროსფერი ლექსუსი იყო, ნუცამაც ფეშენ მანქანა შეიძინა, ვიყიდეთ კრედიტით. კვანტური ნახტომი იყო ის ლექსუსი, რადგან ვოლგიდან შეიძლებოდა ჯერ ოპელზე გადავმჯდარიყავი, მაგრამ ეს ნახტომი, მაშინ რომ არ გამეკეთებინა, იმას, რაც 5 წელიწადში გავაკეთე 10-15 წელს მოვანდომებდი. იმ მომენტისთვის ეს იყო ყველაზე აუცილებელი და კარგი სვლა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაგვედგა, რომ ჩვენი ბიზნესი წინ წასულიყო.

ჯერ ვიყიდეთ და მერე ამ მანქანებს დავეწიეთ.

ის ძლიერი შეგრძნებები რაც მანქანაში ჩაჯდომისთანავე გამიჩნდა სასწაული იყო. ეს იყო ოქროსფერი ლექსუსი, კრემისფერი ტყავის სალონით… ჩემი ძველი მანქანის შემდეგ ამ მანქანაში თავი დედოფალი მეგონა. ეს იყო განცდა მდიდარი და წარმატებული ქალის. მერე ფიქრი და სიამაყე, რომ ეს ძვირადღირებული მანქანა შენ გეკუთვნის და არის არა მამის ნაჩუქარი, არამედ შენი შეძენილი.

რა თქმა უნდა იყო პერიოდები, როცა მე და ნუცა ვიჭედებოდით და მერე ვამბობდით, – გადავდოთ ნერვიულობა. გადავდებდით ნერვიულობას და საქმეც გამოდიოდა.

– ამ ისტორიის გახსენებამდე იმ დიდ მიზანზე საუბრობდით, რომელთანაც არ იცით როგორ მიხვალთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ აისრულებთ, ანუ ისევ დადგა „ლექსუსის“ დრო თქვენს ცხოვრებაში?

– თითქოს ყველაფერი მაქვს, მეც, შვილებსაც… და უცებ ფიქრობ – სულ ეს არის? მერე ისევ სხვა ფიქრი მოდის, – თუ მაქვს 10 000 შემოსავალი, რატომ არ შეიძლება მქონდეს 50?  თუ 50 მაქვს, არ შეიძლება მქონდეს 100 ათასი? და უცებ ვკითხე თავს – შეძლებ ამას?!

– დაა?

– და რენჯ როვერზე გადავჯექი. ისევ ისეთივე კვანტური ნახტომი უნდა გავაკეთო, როგორც მაშინ. მაგრამ მაშინ ფიქრის დრო არ მქონდა და ამ ყველაფერს გაცნობიერების გარეშე ვაკეთებდი. ახლა ეს ყველაფერი სულიერ ზრდასდთან ერთად მინდა იყოს, სხვანაირად მინდა მოხდეს. აქამდე იცით როგორ მოვედი? ტანკში ვიჯექი, ომი მქონდა… ახლა მინდა ფრინავ ხალიჩაზე ვიჯდე.

– ანუ ბიზნესის ასე კეთება შესაძლებელია?

– თუ არ გაიარე ტანკი, ფრინავ ხალიჩაზე ვერ მოხვდები. ჩემს შემთხვევაში ასე იყო.  გამიმართლა, რომ თავის დროზე ძალიან გამიჭირდა. კონსერვატორიიდან მეკალმახე ქალად გადავიქეცი, არ არის ეს ასე მარტივი. ხან მშენებლობაზე ვიყავი, ხან ტრაქტორს დავსდევდი, ხან წყალი იჭედებოდა, ხან რაღაც ზიანდებოდა… საკმაოდ რთული იყო…  ხმალს რომ ამოიღებ და ბრძოლის ველზე გაიჭრები, ამას ჰგავდა…

ახლა კი მინდა ვიყო ჩემი ცხოვრების ჯადოქარი და მარტივად, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მივიღო ის, რაც მინდა. მინდა? ე. ი მექნება!

უკვე ვიცი, რომ სამყაროში ყველაფერი არის, რაც გვინდა. უბრალოდ არ ვიცით, როგორ მოვითხოვოთ ის და როგორ ვიყოთ ჩვენ მასთან. გვგონია, რომ არ ვიმსახურებთ ამ რაღაცებს და ამიტომ ჩვენი მხრიდან ამის დაშვებაც არ ხდება. უფრო მეტიც ვბლოკავთ ამას ჩვენში. კვანტურ ველში ყველაფერია, უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ შეიძლება იქედან მარტივად რაღაცების წამოღება. ამისთვის ჩვენც ისეთ სულიერ დონეზე უნდა ავიდეთ და ისეთი გაცნობიერებები და შეგრძნებები უნდა გვქონდეს, რომ ეს შევძლოთ… ამას ნელ-ნელა ვსწავლობ.

– ეს არის პიროვნული ზრდის და განვითარების გზა და მისი შედეგი?

დიახ, წლების წინ ნაპოლეონ ჰილით დავიწყე. პრაქტიკულ ფსიქოლოგიაშიც ნუცამ გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები. მაშინ ამ წიგნმა სასწაულები მოახდინა. ვკითხულობდი და სხვადასხვა ტექნიკებს, სხვებისგან მალულად ვაკეთებდი. რამდენჯერ საპირფარეშოში ჩავკეტილვარ აფირმაციების სათქმელად, მერე ისევ შევდიოდი და 10 წუთი გაღიმებული სახით ვიდექი… ეს, რომ ოჯახის წევრების თანდასწრებით გამეკეთებინა ვერ გამიგებდნენ, წარმოუდგენელი იყო მაშინ ასეთი რაღაცები.

ახლა ჩემთვის ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებაა წარმოუდგენელი. ეს საკუთარი თავის შეცნობაში მეხმარება. თუ გინდა სხვა გაიცნო, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა იცნობდე … შენი თავის ძიებისას ბევრი რამის აღმოჩენა ხდება. ასე ცხოვრება ბევრად საინტერესოა. 

კარგი ტრენერები გვყავს საქართველოში. ახლა თამარ კვარაცხელიასთან გავდივარ ერთწლიან პროგრამას და საოცარ აღმოჩენებს ვაკეთებ. მანამდე იყო ხათუნა მუზაშვილი, თამარ საგინაშვილი… ლიტერატურაც ახლა გაცილებით მეტია… მე გამიმართლა იმაშიც, რომ თანამოაზრე მყავდა და ეს იყო ნუცა, მახსოვს ერთად ვკითხულობდით და ვარჩევდით დიპაკ ჩოპრას „წარმატების 7 სულიერ კანონს“. თანამოაზრე როცა გყავს ადვილდება.

– როგორც თქვით იყო ჩავარდნის პერიოდებიც, რა გაძლევდათ ძალას?

– ბევრი იყო ასეთი რთული პერიოდი… უბრალოდ დეპრესიის და ნევროზის დრო არ გვქონია არცერთს. არც უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. ვერ გავჩერდებოდით… იმიტომ რომ ჩვენს უკან იდგნენ შვილები, დედები, მამები, ნათესავები… ჩემი ცხოვრებით მე ვაძლევ მაგალითს ჩემს ორ პატარა დას, იმის შვილებს. ხშირად არის ადამიანი, რომლის იმედიც გაქვს, მე ვთვლი რომ მე ვარ ასეთი იმედი ჩემი ოჯახისთვის. როცა შენს უკან ამდენი ადამიანი დგას არ გაქვს უფლება იმედი გაუცრუო მათ. ამიტომაც არასოდეს მქონია ნევროზი, ავად ყოფნის საშუალება არ მიმიცია თავისთვის… ყველა დაავადება ფსიქოსომატურია, უბრალოდ უნდა გაარკვიო რისთვის გჭირდება.

მე და ნუცას გვჭირდება ვიყოთ წარმატებულები, სხვა რამ არ გვჭირდება არც მე და არც მას.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს , რომლებსაც დეპრესია ან ნევროზი აქვთ?

– რას  ნიშნავს ნევროზი? როგორ უნდა მოიცალო ამისთვის, როცა მოცემული გაქვს სიცოცხლის რაღაც პერიოდი, რომელიც არც იცი რამდენია და შეიძლება დღესვე დასრულდეს?… დედამიწაზე რისთვის მოხვედი, იმისთვის, რომ ნევროზი გქონდეს?  მილიონი საშუალებაა, რომ კარგად იყო. ის რომ გაიღვიძე, ხედავ, გესმის, ჩიტი დაფრინავს, მზე ანათებს, ეს არ არის საკმარისი?

ჩემს შვილიშვილთან ერთად ისე ვერთობი, რომ თავს ბავშვად ვგრძნობ. ისეთი ბედნიერი და სავსე ვარ ვერ გადმოგცემთ. ასევე ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე დავდივარ, თხილამურზე ვსრიალებ, თუ სადმე ჩასაყვინთია ვყვინთავ, 15 წელია ეგვიპტეში დავდივარ და ყველა სიღრმეში ვარ ჩასული. შარშან პარაშუტით ვიფრინე…

თუ დაუშვებ, რომ ნახევარი საათით იყო ამით ბედნიერი, მერე სასწაულები თავისით ხდება…  შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ფინანსები, მაგრამ უბრალოდ მიმოიხედო ირგვლივ და დაინახო ის, რაც გაგაბედნიერებს.  ამისთვის სამყარომ უკვე იზრუნა. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და სიყვარულით ცხოვრობდეს. როცა ამ სიყვარულის მდგომარეობაში ხარ ყველაფერი გამოგივა.

დეა თავბერიძე

Keria – კერია

0 კომენტარი
15

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი